ხაშმის (კაწარეთის) სამება კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ძეგლი IX და XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვნად გადააკეთეს, თუმცა ნაგებობამ პირვანდელი არქიტექტურული ფორმები შეინარჩუნა. ხაშმის სამება ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება და ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. ხაშმის სამება წერილობით წყაროებში XVIII საუკუნემდე კაწარეთის სამების სახელით იხსენიება, ხაშმს შუა საუკუნეებში კაწარეთი ერქვა. კაწარეთის სამონასტრო კომპლექსი კახეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი იყო, კაწარელი ეპისკოპოსი 506 წელს დვინში გამართული საეკლესიო კრების ოქმებში იხსენიება. გადმოცემით, წმ. ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს. ხაშმის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ტაძარი, გალავანი, სასახლე, კოშკი და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. ხაშმის სამება სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, მესამე შესასვლელიც ყოფილა – ჩრდილოეთით, თუმცა იგი ამჟამად ამოშენებულია. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია მსხვილი სვეტების ოთხი წყვილითა და მათზე გადაყვანილი თაღებით. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდის კონქის ზემოთ საკმაოდ დიდი არქიტექტურული შუბლია. კონქის საყრდენი იმპოსტები რელიეფური გამოსახულებებითაა შემკული. გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილში, საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ, პასტოფორიუმებია განლაგებული. ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ XVI საუკუნეში, ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ტაძრის ფასადები დაუნაწევრებელია. აღმოსავლეთ ფასადს ლილვებით შექმნილი, დიდი საფასადე ჯვარი ამკობს, ჯვრის მკლავების ბოლოებში და მათ გადაკვეთაზე კოპებია მოთავსებული. ეკლესიის სარკმლებსა და შესასვლელებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ორივე შესასვლელის ნახევარწრიულ ტიმპანში რელიეფური ჯვარია გამოსახული. დასავლეთის შესასვლელის ორივე მხარეს გრეხილი ლილვის კვადრატულ ჩარჩოში მოთავსებული ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია, სამხრეთის შესასვლელის ორივე მხარეს კი – კოპები. რელიეფური ჯვარი გვხვდება ასევე დასავლეთის სარკმლის თავზეც. ტაძარს სამხრეთით კარიბჭე აქვს მიშენებული, რომელიც ფართო თაღით იყო გახსნილი, თუმცა გვიან შუა საუკუნეებში თაღი ნაწილობრივ ამოუშენებიათ და სწორკუთხა შესასვლელი დაუტოვებიათ. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოვარდისფრო ქვიშაქვის გათლილი კვადრებით, გვიანი აღდგენისას გამოყენებულია აგური.
კომპლექსის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში VIII-IX საუკუნეების სასახლე დგას. იგი ორსართულიანი ნაგებობაა. სასახლეს დასავლეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. დასავლეთ კედელში, გარდა შესასვლელისა, სამი ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. ორი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიც გვხვდება. აღმოსავლეთ კედლის შუაში დიდი ზომის ბუხარია მოწყობილი. ბუხარი კედლის გარეთაა გასული და გარედან კონტრფორსისებრ ფორმას წარმოქმნის. სასახლის მეორე სართული ერთიანი, დიდ დარბაზია. იგი ეზოს მხარეს გვერდიგვერდ განლაგებული, სამკუთხა თაღით გადახურული, რამდენიმე ღიობით იყო გახსნილი. სასახლე ორკალთა სახურავით იყო გადახურული, რომელიც ასევე ხის კოჭებზე უნდა ყოფილიყო გამართული. ცალი მხრიდან სასახლეს გალავანი ეკვრის. სასახლეს ჩრდილოეთით ოთხსართულიანი კოშკი-სამრეკლო აქვს მიდგმული. კოშკი და სასახლე ერთმანეთს კარით უკავშირდება. კოშკის აღმოსავლეთ ნაწილი ორკალთა სახურავითაა გადახურული. ჩრდილოეთ ფასადზე ლავგარდანის მოგრძო ქვიშაქვის ქვაა შემორჩენილი, რომლის პროფილს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. კოშკის დასავლეთ ნაწილზე სამრეკლოა დაშენებული, რომელიც ძალიან დაზიანებულია. იგი გეგმით ოთხკუთხაა და თითქმის მთლიანად აგურითაა ნაგები. სამრეკლო აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითქმის მთელს სიგანეზე იყო გახსნილი, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი - ვიწრო თაღოვანი ღიობებით. როგორც ჩანს, სამრეკლო ორკალთა სახურავით უნდა ყოფილიყო გადახურული. კიდევ ერთი კოშკი გალავანშია ჩართული, კომპლექსის დასავლეთ ნაწილში. იგი გეგმით კვადრატული სამსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ზემოთკენ ვიწროვდება. კოშკის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა, თუმცა ამჟამად გალავანში შესასვლელი კოშკისგან სამხრეთითაა მოწყობილი. იგი ნაგებია რიყის ქვითა და კირის სქელი დუღაბით, აქა-იქ გამოყენებულია აგურიც.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა