კლდეკარის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე. იგი მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარეობდა და საქარავნო გზებს აკონტროლებდა. აქედან ხელისგულივით მოჩანს წალკისა და მანგლისის მიდამოები, ასევე მდინარეების, ტანისა და თეძმის, ხეობები. თრიალეთის ქედზე კედელივით აღმართულ კლდეს ორ ადგილას აქვს კლდეკარი - კლდეში გაჭრილი გასასვლელი (ციხე-სიმაგრის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს). კლდეკარის ციხე ბაღვაშთა მთავარ ციხეს წარმოადგენდა და მას შემდეგ ააგეს, რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. იგი მრავალი ბრძოლის მოწმე გამხდარა, მრავალი აღმასვლა თუ დაღმასვლა უნახავს. კლდეკარის ციხის ისტორია უშუალოდ უკავშირდება ბაღვაშთა საგვარეულოსა და მათ დაპირისპირებას მეფესთან და ადგილობრივ ფეოდალებთან. მიუხედავად იმისა, რომ ციხე ძალიან დაზიანებულია და მისი პირვანდელი სახის აღდგენა რთულია, შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ იგი საკმაოდ მასშტაბური ნაგებობა ყოფილა. დღესდღეობით შეიმჩნევა კოშკების და სასახლის კვალი. ციხე-სიმაგრე, მისი მდებარეობა და საოცარი ხედები უდისე შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ისტორია
კლდეკარის ციხე ლიპარიტ I ბაღვაშმა ააგო IX საუკუნეში. ამ პერიოდიდან ძლიერდებიან კლდეკარის ერისთავები ისე, რომ მეფესაც კი ეურჩებიან. მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის ბრძოლა XI საუკუნის 20 იანი წლებიდან განსაკუთრებით გამწვავდა და ამ ბრძოლამ რამდენიმე ათეულ წელს გასტანა. პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში ბაგრატ IV-ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან და უკუაქცია მტერი. 50 იანი წლებიდან ბაგრატსა და ლიპარიტს შორის განხეთქილება მოხდა. ამ პერიოდიდან ლიპარიტ ბაღვაში ისე გაძლიერდა, რომ მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავა და უფლისწულის გაზრდაც იკისრა. კლდეკარის ერისთავის გაძლიერება სხვა დიდებულებს არ მოსწონდათ, ამიტომაც მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. სულა კალმახელმა, რომელიც შეთქმულ დიდებულებს ხელმძღვანელობდა, ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა. სულამ ლიპარიტს წაართვა ძლიერი ციხე-სიმაგრეები. მეფემ ლიპარიტს ბერად აღკვეცა აიძულა, ივანეს კი არგვეთი გადასცა. მომდევნო წლებში ივანეს კლდეკარის ციხე დაუბრუნებია, თუმცა რა პირობებში მოხდა ეს ცნობები არ მოიპოვება. დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ წლებში ლიპარიტ ბაღვაში დავითს ერთგულებდა, თუმცა ეს ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1094 წელს დავითმა ლიპარიტი შეიპყრო და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საბერძნეთში გააძევა, კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ამის შემდეგ კლდეკარის ციხემ მნიშვნელობა დაკარგა. 1177 წელს კლდეკარის ციხე მძიმე მოვლენის მომსწრე გახდა: გიორგი III -ს ძმისწული - დემნა აუჯანყდა. დემნას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად უპირატესობა აჯანყებულების მხარეს იყო, თუმცა მალე მდგომარეობა შეიცვალა. აჯანყებულებმა კლდეკარის ციხე შეაფარეს თავი, მაგრამ მეფის რაზმებმა ციხე აიღეს, აჯანყებულები დასაჯეს, თავად დემნას კი თვალები ამოწვეს. მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კლდეკარის ციხეც იშვიათად იხსენიება ისტორიულ წყაროებში.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა. ადრე GPX ფაილები გედოთ და აღარ გიდევთ?