მატანის ცხრაკარა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ეკლესიას, სასახლეს, სატრაპეზოსა და ბიბლიოთეკას და არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი ევლება გარს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა V საუკუნის ბაზილიკაა. ბაზილიკას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესიები ეკლესიები ეკვრის. V საუკუნის ეკლესია ამჟამად სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის გვერდითა ნავებს დასავლეთის მინაშენი აერთიანებს და გარშემოსავლელს წარმოქმნიან. სამხრეთი ნავი თავიდან მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამოყოფილი, რომელშიც მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გაჭრილი, მოგვიანებით კი გადაუკეთებიათ. შუა ნავი გვერდის ნავებთან შედარებით ბევრად მაღალია. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული, კონქით გადახურული, აფსიდით სრულდება. აფსიდს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. კონქის საყრდენი ნახევარწრიული თაღი შირიმის, მარტივი პროფილის მქონე, იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან მოგვიანებით აგებული აგურის კანკელითაა გამიჯნული. დარბაზი აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლებით ნათდება. VIII-IX საუკუნეებში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილს ზედა ნახევარი და კამარის ნაწილი აღუდგენიათ. აღდგენის დროს, გრძივ კედლებზე ორ-ორი ყრუ თაღი გაუკეთებიათ. თაღები და პილასტრები შირიმითაა გამოყვანილი. დარბაზის კამარა საბჯენ თაღს ეყრდნობა, რომელიც თავდაპირველი და განახლებული ნაწილების საზღვარზეა. მთავარი ნავი ჩრდილოეთ ნავს სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი ორი ნახევარწრიული თაღით უკავშირდება. ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა, პირამიდული კამარით გადახურული სამკვეთლოა მოწყობილი. სამკვეთლოს აღმოსავლეთით ვიწრო სარკმელი აქვს. ნავის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომლითაც ბაზილიკა ჩრდილოეთიდან მიშენებულ ეკლესიას უკავშირდება. ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთის ნავი სამი განივი თაღით სამ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდია, დამოუკიდებელი საკურთხევლითა და ტრაპეზით. ფართო თაღი, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილს შუა ნავთან აკავშირებს, მოგვიანებითაა გაჭრილი. აფსიდი თავდაპირველად უსარკმლო იყო, ამჟამინდელი სარკმელი გვიანდელია. ნავის შუა ნაწილი გეგმით კვადრატულია და გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაკუთხა მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია კუთხეებში ჩასმული შირიმის ქვები, რომლებშიც ტრომპის მსგავსი ელემენტია ამოკვეთილი. გუმბათის ნახევარსფეროს წყობაში თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარია გამოყვანილი. ნავის აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილები გადახურულია სხმული კამარებით. სამხრეთ ნავს სამხრეთით ერთი სწორკუთხა და ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს, რომლებიც მას სამხრეთიდან მიშენებულ დარბაზულ ეკლსიასთან აკავშირებენ. ეკლესიის დასავლეთი ნავი გვერდითა ნავებზე უფრო განიერია. გადახურულია სხმული კამარით. ნავის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მთავარ ნავში შესასვლელია მოწყობილი. ბაზილიკის შუა ნავში XVI საუკუნის მოხატულობაა შემორჩენილი, რომელიც გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის - ანასტასიას შეკვეთითაა შესრულებული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა და ჩრდილოეთ ნავის სარკმლები, შირიმის ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი რელიეფური თავსართებითაა შემკული. კედლები გვიანდელი აგურის საფეხუროვანი ლავგარდანით სრულდება. ეკლესიას დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული კარიბჭე ეკვრის.
ბაზილიკას სამხრეთიდან VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია აქვს მიშენებული. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან, კარი ორივე მხრიდან კედლის თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ნახევარწრიულია. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა განიერი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო პატარა ნიშია, ქვემოთ კი, კედელზე მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზია. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი აგურის კანკელით გამოიყოფა. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედელზე ფართო და მაღალი ყრუ თაღია. ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზე XVI საუკუნის მოხატულობაა შემორჩენილი. ფასადები შირიმის მაღალი ლავგარდნით სრულდება. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გვიანდელი შეკეთების დროს კვადრატული აგურია ნახმარი.
სამნავიან ბაზილიკას ჩრდილოეთიდანაც VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია ეკვრის. ტაძარს გვიან შუა საუკუნეებში აგურის სამრეკლო დააშენეს. შესასვლელი ერთია - დასავლეთიდან, იგი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ეკლესიის იატაკში საძვალეში ჩასასვლელი ორი ღიობია მოწყობილი. დარბაზს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი ასრულებს. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს კი - თითო პატარა ნიში. თითო სარკმელია ასევე ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. სამრეკლო რვაწახნაგაა და ნაგებია კვადრატული აგურით. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. სამრეკლოს საფეხუროვანი ლავგარდანი ჰქონია, რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგება. მსგავსი პროფილის გვიანდელი ლავგარდანი აქვს ტაძარსაც. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, გარეთა კუთხეებსა და შესასვლელის წირთხლებში გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვები.
ბაზილიკის დასავლეთით ცალკე დგას XIV-XV საუკუნეების დარბაზული ეკლესია. შესასვლელი ერთია - დასავლეთიდან. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული, კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ასეთივე თითო სარკმელია გრძივ კედლებშიც, დასავლეთ კედელში კი ერთი მრგვალია. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისაგან კანკელითაა გამოყოფილი. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც კონსოლებზე გადაყვანილ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ინტერიერი მოხატული ყოფილა. მხატვრობა XVI საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. ფასადზე შესასვლელის სწორკუთხა ღიობს ბურთულებზე დაყრდნობილი სადა ლილვი აქვს შემოვლებული და ბურთულებზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვის თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. შესასვლელის თავზე, ტიმპანის არეში, რელიეფური ჯვარია, მოჩარჩოების ზემოთ კი - მოზრდილი ბურთულა. მრგვალ სარკმელს გრეხილი ევლება. სარკმლის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადის წყობაში ჩასმულია გეომეტრიული ორნამენტით შემკული რამდენიმე ქვა. ნაგებობა შირიმით ნაწყობ ლილვიან ცოკოლზე დგას. ფასადები თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდნით სრულდება. ეკლესია მოპირკეთებულია შირიმის თლილი კვადრებით.
ბაზილიკას აღმოსავლეთიდან მიშენებული აქვს XVIII საუკუნის სასახლე და X საუკუნის სატრაპეზო, რომელთაგან დღესდღეობით მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი. სატრაპეზოს კედლები ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმსაც. სასახლე გეგმით კვადრატს უახლოვდება. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მცირე ზომის კვადრატული გეგმის მქონე ბიბლიოთეკის ნაშთებია. ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა