მუხრანის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარეობს, ისტორიულ შიოსუბანში. ძეგლი XVIII საუკუნით თარიღდება. აქ იყო მუხრანბატონთა რეზიდენცია უკანასკნელ პერიოდებში. ციტადელის ჭიშკრის თავზე შემორჩენილია წარწერა, რომლის თანახმადაც, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში მამუკა მუხრანბატონს აუგია, ლევან მუხრანბატონის დახმარებით. დაზიანებული ციხე, 1756 წელს, მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს განუახლებია. წარწერის მიხედვით ამ დროს სიმაგრე მტრისგან აოხრებული ყოფილა. შემოსევებისას არა მხოლოდ სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც, თავიანთი ქონებით, მუხრანის გალავანს აფარებდა თავს. ციხე-გალავნის უკანასკნელი მფლობელი ივანე მუხრან-ბატონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ - კონსტანტინე მუხრანბატონმა სასახლე გაყიდა. ციხეს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
არქიტექტურა
მუხრანის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. დიდი გალავანი ციტადელს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ებმის. ციტადელი გეგმით კვადრატს უახლოვდება. ჭიშკარი ნაგებობის აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულკაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად მაღალ ოთხკუთხედშია ჩასმული. კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი - ვიწრო, რის შედეგადაც საბრძოლო ბილიკი იქმნება. საბრძოლო ელემენტები მხოლოდ ზედა იარუსზეა განლაგებული. კედლები ნახევარწრიული ქონგურებით სრულდება. ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკია ჩართული. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კარის ეკლესია დგას, სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე კი მთლიანად დანგრეულია. ციტადელის სამხრეთ კედლის გაყოლებაზე მარანია, სადაც მიწაში ჩადგმული სხვადასხვა ზომის ორმოცდაათამდე ქვევრი გვხვდება. მარნის კედლები და სახურავი გვიანდელია. კოშკებს შორის ჩრდილო-აღმოსავლეთისა ყველაზე დიდია, ე.წ. მამაბურჯი. იგი ოთხსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულზეა მოწყობილი. კარის თავზე, კედელში წარწერიანი მარმარილოს ქვა იყო ჩასმული, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. კოშკის პირველი სართული ცილინდრულია და გუმბათითაა გადახურული. კედელში კიბეა დატანებული. სართულზე სამი სარკმელია. იატაკის შუაში ჭაა. მეორე სართული დაბალია და რვაწახნაგა პრიზმის ფორმა აქვს, გადახურულია სხივური კამარით. ამ სართულზე ოთხი სარკმელია. ჩრდილოეთის ერთერთ წახნაგში ბუხარია მოწყობილი. ღრმა ოთხკუთხა ნიშებში შეწყვილებული სათოფურიებია. მესამე სართულიც მრავალწახნაგაა და სხივური კამარისაგან ლავგარდნითაა გამოყოფილი. კედლებში სათოფურები და სარკმლებია გაჭრილი. აქ გეომეტრიული და ფოთლოვანი ჩუქურთმით შემკული მაღალი ბუხარი გვხვდება. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომლის მაღალ კედელში განლაგებულია სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკს ნახევარწრიული ქონგურები ასრულებს. დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია. ოთხივე კოშკს აგურის კბილანებით დასრულებული, მაღალ სწორკუთხედში ჩასმული შეისრულთაღოვანი კარი აქვს.
კარის ეკლესია ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ფასადები აგურის წყობით გამოყვანილი დეკორატიული რომბებითა და ჯვრებითაა შემკული და აგურისავე ლავგარდნით სრულდება. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის დასავლეთით აგურის დიდი კარიბჭე მიუშენებიათ. იმავე პერიოდისაა ეკლესიის სახურავის კეხზე დადგმული სამრეკლო-ფანჩატური.
გალავანი გეგმით კვადრატს უახლოვდება. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ცილინდრული კოშკები მდგარა. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას – გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია.
გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი - არქიტრავული. აფსიდის წინ ბემაა. საკურთხევლის ორივე მხარეს დამხმარე სათავსებია - სადიაკვნე და სამკვეთლო. დამხმარე სათავსების თავზე საიდუმლო ოთახებია მოწყობილი. გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, დასავლეთით კი - პილონებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება. ფასადები დეკორატიული თაღებითაა მორთული. ცენტრალურ თაღებს გვერდებზე რომბები და ჯვრები დაუყვება. სამხრეთის კარის არქიტრავზე ქართული და სომხური სამშენებლო წარწერაა, წარწერის თანახმად ტაძარი აგებულია 1844 წელს მუხრანში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის "კეთილნებითა თავადისა მუხრანბატონებისა".
დარბაზული ეკლესია XIX საუკუნის I ნახევრით თარიღდება. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. დარბაზი აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება, რომელიც შეისრული კონქითაა გადახურული. აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი და ხუთი თაღოვანი ნიშია მოწყობილი. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სარკმლების საფასადო მოჩარჩოება კარგად გათლილი ქვითაა გამოყვანილი. ფასადებს აგურის ლავგარდანი ასრულებს. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით ღია კარიბჭეეები აქვს მიშენებული. კარიბჭეების სვეტებს მარტივპროფილიანი კაპიტელები და ბაზისები აქვს. თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ეკლესია ნაგებია აგურით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა