მცხეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული, რაზეც სამთავროს, წიწამურის, ნარეკვავისა და სხვა ნამოსახლარები მეტყველებს. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან აღმოსავლეთის უდიდესი პოლიტიკური წარმონაქმნების ცხოვრებისთვის დახასიათებელი დიდი ძვრები მცხეთის ისტორიაზეც აისახა. მცხეთაში შემოჭრილმა ძლიერმა კულტურულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III — IV საუკუნეებამდე. ლეგენდის მიხედვით ქალაქი ეთნარქოსმა მცხეთოსმა დაარსა. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. გადმოცემის თანახმად IV საუკუნის დასაწყისში მცხეთაში ქრისტიანობას ქადაგებდა იერუსალიმიდან მოსული მისიონერი ნინო. 326 წელს მირიან III-მ ახალი რელიგია მიიღო და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. ცნობილია ლეგენდა, წმინდა ნინოს ლოცვით როგორ ამოვარდა ქარიშხალი და სეტყვა და დაამსხვრია არმაზის კერპები. VI საუკუნის დასაწყისში დაჩი უჯარმელმა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა რელიგიურ ცენტრად დარჩა. ადრეულ შუასაუკუნეებში ქალაქში საკულტო ნაგებობების აქტირური აღმშენებლობა მიმდინარეობდა, ამ პერიოდშია აგებული სამთავრო, ჯვარი, ანტიოქია და სხვა. 736—738 წლებში არაბმა სარდალმა-მურვან ყრუმ ქალაქი ქალაქი დაარბია და არმაზციხე დაანგრია. XV საუკუნის დასაწყისში იგი თემურლენგმა ააოხრა. თანდათან მცხეთის მნიშვნელობა დაქვეითდა და ქართლის სამეფოს რუსეთთან შეერთები შემდეგ კი იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელი იყო. მცხეთა ცალკე რაიონი 1930-34 წლებში გახდა, დღესდღეობით მას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზი, ასევე აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური-ზაჰესი. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურები. მცხეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, 1 თეატრი, 4 ბუზეუმი და 41 ბიბლიოთეკა. მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. ქალაქ მცხეთის კულტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. რაიონი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. სხვადასხვა პერიოდის მრავალფეროვანი კულტურა და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს და უამრამ ტურისტს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
მცხეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით - კასპის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - დუშეთი და თიანეთი, სამხრეთით კი - გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები და ქალაქი თბილისი. რაიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მცხეთის ტერიტორია დაბალ და საშუალომთიანია. მის სამხრეთ ნაწილში საგურამოს ქედი იჭრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით საწკეპელას ქედია აღმართული. მის აღმოსავლურ დაბოლოებას არმაზის ქედი ეწოდება, რომლის სიმაღლეც 1125 მ-მდეა. მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორის სხალტბის სერი მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მორფოლოგიური ელემენტია მუხრან-საგურამოს ვაკე. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მტკვარი, რომლის მთავარი შენაკადები მუნიციპალიტეტის ფარგლებში არის: ხეკორძულა, არაგვი და დიღმისწყალი. რაიონში გვხვდება ტბებიც. მცხეთა გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითაც. საგურამოს ნაკრძალში გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, მგელი, მელია, ფოცხვერი, კურდღელი, წავი და სხვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტრემპერატურა 10,8 °C-ა, იანვრისა კი - -1,1 °C. სხალტბისა და საგურამოს ქედებზე ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული იცის.
რა ვნახოთ
მცხეთის მუნიციპალიტეტი კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რაიონში მდებარეობს წოდორეთისა და მუხათგვერდის ტბები. შეგიძლიათ დაგეგმოთ საინტერესო მარშრუტები საგურამოს ნაკრძალსა და მცხეთის ქედებზე, სადაც ლამაზი ტყეებითა და მშვენიერი ხედებით დატკბებით. ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია მცხეთა-არმაზის ციხის ბილიკი, ამ მარტივი, ერთდღიანი გასვლისას იხილავთ, როგორც მრავალფეროვან, ულამაზეს ხედებს, ასევე ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია, გამორჩეული არქიტექტურით, ფრესკული ნიმუშებითა თუ ისტორიული მნიშვნელობით. მრავალფენიანი სამთავროს აკლადამათა ჯგუფი და ნამოსახლარი, არმაზციხე-ბაგინეთი, სადაც წარმართულ ტაძარს, ანტიკურ სასახლეს და სხვა საინტერესო ნიმუშებს იხილავთ (ასევე ულამაზეს ხედებს ჯვარსა და სვეტიცხოველზე), არმაზის ციხე, ბებრის ციხე, შთამბეჭდავი, ლეგენდებში გახვეული სვეტიცხოველი, მთის ქიმზე ამოზრდილი ჯვრის მონასტერი, სამთავროს მონასტერი და სხვა მრავალი ეკლესია თუ ციხე-სიმაგრე ქართული კულტურის განვითარების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენენ და უდიდეს ისტორიულ წარსულს გვიშლიან თვალწინ. მცხეთაში ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც მრავალფეროვანი მასალაა წარმოდგენილი ადრეული ბრინჯაოს ხანიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე. მცხეთის მუნიციპალიტეტი საინტერესო შთაბეჭდილებებს სთავაზობს როგორც კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს, ასევე ბუნებაში ხეტიალის მოყვარულებს.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა