პეტრას ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე.
ძეგლის აღწერა
პეტრის ციხე-ქალაქი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.
არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.
პეტრა-ქაჯეთმა დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1908 წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.
პეტრას კათედრალი
პეტრას კათედრალი — ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი, პეტრას ციხეში არსებული კვადრატული ნაგებობა, მდებარეობს შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის სიახლოვეს (3-4 მეტრის მოშორებით). მოღწეული კედლების სიმაღლეა 2,5 მ. ამ ნაგებობაში პეტრელი მვდელთმთავრის საკათედრო ტაძარი უნდა ყოფილიყო.
საეპისკოპოსო კათედრა VI საუკუნეში დაარსდა და კარგა ხანს არსებობდა (ერთიანდებოდა ფაზისის მიტროპოლიაში), ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. IX საუკუნეში პეტრას კათედრის გაუქმების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრმა ხინოწმინდაში გადაინაცვლა.
ისტორია
ბიზანტიელთა მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე ყოფილა, მაგრამ მისი კვალი აღარ შეინიშნება. ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს, რომელსაც ამ იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს (535 წლის ნოველა).
პეტრა-ქაჯეთმა ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ს. ჯანაშია ამ ციხე-ქალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა.
ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ეგრისის დიდი ომისა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა.
საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ.
ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს.
XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერადაც გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს აქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, ძაღლით თუ შეიძლება შესვლა?
სალამი, არ ვფლობთ ინფორმაციას.
გამარჯობა, კარვების გაშლა თუ შეიძლება ციხის ტერიტორიაზე?
სალამი, უშალოდ პეტრას ციხეს უნდა შეეხმიანოთ მსგავს დეტალზე.
კონტაქტი
0 422 225 603
გამარჯობა
პეტრას ციხის მონახულება შეიძლება ამჯერად ? დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ?
სალამი, დიახ დასრულდა სამუშაოები. შეგიძლიათ მონახულება 💜
მოგესალმებით, მაინტერესებს რა დღეებშია შესაძლებელი პეტრას ციხის მონახულება
მოგესალმებით პეტრას ციხეზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებო და ამ ეტაპზე მისი მონახულება არ არის შესაძლებელი.