ყვარლის ციხე-გალავანი კახეთში, ქალაქ ყვარლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი XVII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ყვარლის ციხეს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და მას მხოლოდ საბრძოლო ვითარებისას იყენებდნენ. ამ ციხე-სიმაგრეს უკავშირდება ყვარლის ბრძოლა, რომლის დროსაც საქართველოს ლაშქრი ავარიის ხანის - ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ იბრძოდა. ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ შესანიშნავად გათვლილი გეგმით ნურსალ ბეგს უკან დაახევინეს. ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა მთელი კახეთისა და გართლის დაპყრობაც გაიოლდებოდა.
არქიტექტურა
ციხის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, რომლის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკებია ჩართული, ასევე კიდევ სამი კოშკია გალავნის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში. მას გარს უვლიდა მეორე გალავანი და მის ირგვლივ გამავალი არხი. მეორე გალავანი, პირველისაგან 20-ოდე მეტრით ყოფილა დაშორებული. ციხის ჩრდილოეთ კედელი ორიარუსიანია, დანარჩენები კი - სამიარუსიანი, თითოეული იარუსი საბრძოლო ბილიკით სრულდება. ყველა კუთხის კოშკი სამსართულიანია და ბანით მთავრდებოდა. მათი ინტერიერი ისეა გადაწყვეტილი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლადაც გამოეყენებინათ. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკები გეგმით ნახევარწრიულია, აღმოსავლეთისა კი - სწორკუთხაა. ციხის შესასვლელების თავზე, აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრებია. ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით. XIX-XX საუკუნეებში ადგილობრივმა მოსახლეობამ კედლების დაშლა და ქვის სამშენებლო მასალად გამოყენება დაიწყო, რამაც ციხის კედლებსა და კოშკების ზედა ნაწილს პირვანდელი სახე დაუკარგა. 1985-1987 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა