შემოქმედი — სოფელი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შემოქმედი, წითელმთა, კვირიკეთი, გონებისკარი, გომი,). მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ნაპირზე, ზღვის დონიდან 190 მეტრზე. ოზურგეთიდან 7 კმ.
სოფელში გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზა ოზურგეთი-გომისმთა.
ისტორია
შემოქმედი გურიის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. იყო შემოქმედის საეპისკოპოსოს ცენტრი. სასოფლო საზოგადოება მოიცავდა საკუთრივ შემოქმედს, წითელმთას, გორისფერდს, მაკვანეთსა და გოგიეთს. 1792 წლიდან ქაიხოსრო გურიელმა გაამაგრა შემოქმედის ციხე და უჩხუბიდან იქ გადაიტანა რეზიდენცია. 1820 წლის აპრილში იმერეთის აჯანყების დროს შემოქმედში იოთამ ბოლქვაძემ მოკლა იმერეთის დროებითი მმართველი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც გურიაში ლაშქრობდა იქ თავშეფარებულ აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებლად. ამის გამო იმავე წლის 24 ივლისს გენერალ ველიამინოვის სარდლობით რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და გადაწვა მიმდებარე სოფლები.
1851-52 წლებში გლეხებმა დიანოს სურგულაძის და გოგია მამაკაიშვილის ხელმძღვანელობით შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 1874 წელს აქ 160 კომლი ცხოვრობდა, ხოლო ტერიტორია დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს ეკუთვნოდა.
1902 წელს შემოქმედის საზოგადოება მოიცავდა ხუთ სოფელს. მოსახლეობის რაოდენობა იყო 3577 ადამიანი.
1930-40-იან წლებში სოფელში მდინარე ნაბჟუარას შტოზე, სოფლის ცენტრთან ახლოს აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური „ჩაქუხჰესი“, რომლის სიმძლავრე იყო 42 კვტ/სთ. 1958 წელს სოფელში აშენდა 600 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. 1980 წლის 20-21 სექტემბერს პირველად აღინიშნა „შემოქმედობა“. 1983 წელს სოფელში გაიხსნა ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი და სახლ-მუზეუმი. 1984 წელს აღინიშნა ვარლამ სიმონიშვილის ასი წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობები
შემოქმედის ეკლესია
სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.
გორისფერდი
სოფელში იდგა გორისფერდის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები. გორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. ეკლესია თავდაპირველად ქვით, შემდეგ კი ხით იყო აგებული. ირგვლივ ქვის გალავანი ჰქონდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ტაძარი თავდაპირველად გუმბათიანი უნდა ყოფილიყო და ის გურიის სხვა ეკლესიებისაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული არქიტექტურით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვარატომ დაერქვა შემოქმედს შმოქმედი?