გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად სწორედ ამ მიზეზით სტუმრობენ. თუკი შემაღლებულ გორაზე ახვალთ, თქვენ წინ გადაიშლება მზით მოფენილი, უსასრულო მთათა წყებაში ჩაფენილი ნისლები. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა ისეთ წარმტაც და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის, რომლის გადმოცემაც არც სიტყვებითაა შესაძლებელი და არც ფოტოკამერით. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. თუკი გომისმთას ეწვევით შეგიძლიათ ჭინჭაოს ტბაც მოინახულოთ, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. კურორტიდან ტბამდე მანძილი 11 კმ-ია. ტბამდე მიდის სამანქანო გზა, რომელზე გადაადგილებაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. საკურორტო სეზონი, ისევე როგორც ბახმაროში, მხოლოდ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში გრძელდება. ზამთარი გომისმთაზე უხვთოვლიანია და ცივი, ზაფხული ზომიერად გრილი. კურორტზე არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტრომომარაგება და წყალგაყვანილობის სისტება. ადგილობრივები წყალს მთის წყაროებიდან იღებენ. ეს არის მიზეზი გომისმთის კოტეჯებში, ხშირ შემთხვევაში, სველი წერტილების არარსებობისა. გომისმთაზე, ბახმაროს მსგავსად, პოპულარულია ტიპური ხის სააგარაკო სახლები, რომლის დაქირავებაც შესაძლებელია. კურორტზე ამ ეტაპზე, არ არის სასტუმრო, მაღაზიები, აფთიაქი, ბავშვთა გასართობი პარკი, კაფე ან სხვა გართობის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ აქ დასვენებას გადაწყვეტთ, საჭიროა ყველაფერი თან წაიღოთ და ცივილიზაციისგან მოწყვეტილმა, სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ დრო. აგვისტოში (რიცხვი ყოველწლიურად ცვალებადია) კურორტზე იმართება დღესასწაული „გომისმთობა“. ეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და იმართება დოღი. კურორტის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს ასევე საღამოობით კოცონი და მის გარშემო შეკრება, სიმღერა და მხიარულება. გომისმთა ასევე საზაფხულო სოფელსაც წარმოადგენს, სადაც უმეტესწილად აჭარიდან ამოსულ მწყემსებს ამოჰყავთ ნახირი საზაფხულო საძოვრებზე და ამზადებენ ნატურალურ რძის პროდუქტებს, რომლთა შეძენაც შესაძლებელია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „კაიმაღი“, რომელიც თუ ერთხელ გასინჯეთ, მირთმევაზე უარს ვეღარასოდეს იტყვით. კაიმაღი რძისგან გამოცალკავებული ნაღებია და ძალიან მსუყეა.
როგორ მივიდეთ
დედაქალაქიდან გომისმთამდე მანძილი 340 კმ-ია, რაიონული ცენტრიდან, ოზურგეთიდან კი - 33 კმ. ტრანსპორტი თბილისიდან ოზურგეთის მიმართულებით გადის ყოველ დღე, როგორც ავტობუსი ისე მიკროავტობუსი და მატარებელი. ოზურგეთიდან გომის მთის მიმართულებით ხშირად არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის მიზეზიც მგზავრობის მსურველთა სიმცირეა. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება ან „ავტოსტოპი“. გზა არ არის მოასფალტებული, თუმცა ნებისმიერი ტიპის მანქანითაა შესაძლებელი მისვლა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHi!
What’s the best way to book a night at Gomismta? How can you book a cottage or is it also possible to stay in your own tent? We are a group with five and want to stay one night. Maybe there is a total package we can book?
Thanks in advance!
გამარჯობა,გომის მთაზე რომელ დღეებშია შესაძლებელია მისვლა
გამარჯობათ. გომის მთაზე თუ შეიძლება კოტეჯის ქირაობა?
გამარჯობა მაინტერესებს დღის რომელი მონაკვეთია გომის მთის მოსანახულებლად საუკეთესო?
მოგესალმებით, გომისმთაზე ღრუბლების სანახავად საუკეთესო დროა საღამოხანი. თუმცა ღრუბლები ყოველთვის არ არის და დამოკიდებულია ამინდზე.
გამარჯობათ, მაინტერესებს თუა ტური ან ბანაკი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერს, როდესაც უფრო კარგი დროა თქვენ მოგენდობით
მოგესალმებით, დიახ ტურები არის აგვისტოს ბოლოს.
გამარჯობა.
ვარ შეკვეთილში. მაინტერესებს თუ არის ტურები აჭარიდან ან გურიიდან გომის მთაზე?
გამარჯობა,ოზურქეთიდან გომის მთამდე როგორი გზა არის ? ჩვეულებრივი სედანით თუ შესაძლებელია ასვლა თუ მაღალი გამავლობის 4x4 მანქანაა საჭირო ?
გამარჯობა, სედანით ახვალთ უპრობლემოდ. გრუნტიანი გზაა ბოლო რამდენიმე კილომეტრი თუმცა მაღალი გამავლობის მანქანა საჭირო არ არის.
იცოცხლე ! დიდი მადლობა
გამარჯობა, მაინტერესებს ოზურგეთიდან გომის მთამდე სამარშუტო რა ღირს?
გამარჯობა,
14-15-16 სექტემბერი ნორმალური პერიოდია გომის მთაზე სტუმრობისთვის? ასევე, გვინდა კოტეჯის დაქირავება, 2 დამსვენებელი ვიქნებით და იმედია მთლიანი კოტეჯის დაქირავება არ იქნება აუცილებელი :))
რა ვარიანტებია ამ კუთხით?
მადლობა წინასწარ :)
გამარჯობა, დიახ შეძლებთ მაგ პერიოდში ასვლას, კოტეჯის დასაქირავებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ https://www.facebook.com/merab.sanikidze.1 , თანხა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ვესაუბრე ამ ბატონს, უბრალოდ ცხელი წყალი არ არისო. სხვა ვარიანტებიც თუ არის? თუ არადა სხვა გზა რა დაგვრჩენია :)))
სხვა ვარიანტები როგორც ვიცი არის თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თავად მერაბს ჰკითხოთ იქნებ ან ადგილზეც შესაძლებელია გარკვევა.
ნათია, მადლობა ძალიან დიდი. ვესაუბრები ბატონ მერაბს და მგონი შევჯერდებით :)
გამარჯობათ რამდენად შესაძლებელია კოტეჯის აშენება გომის მთაზე?
გამარჯობა, მიწას თუ შეიძენთ კოტეჯის აშენებასაც უპრობლემოდ შეძლებთ. მიწის შესაძენად მიმართეთ უძრავი ქონების განცხადებების საიტებს.
გამარჯობათ ბახმაროდან გომის მთაზე როგორ შემიძლია გადავიდე მანქანით?
გამარჯობა მარიამ, ბახმაროდან გომის მთაზე გრუნტიანი გზა გადადის, რომლის გავლაც მხოლოდ მაღალი გამავლობის 4X4 მანქანითაა შესაძლებელი. ზუსტი GPS ტრეკი იხილეთ აქ:
https://georgiantravelguide.com/ka/routes/gomismta-bakhmaro
სად ვნახო ინფორმაცია გომისმთასთან დაკავშირებით თუ სად შეიძლება კარვის გაშლა და ასეშემდეგ?
კარვის გასაშლელი ადგილი ბევრია, ყველაზე ხშირად ჯვართან შლიან კარავს, რადგან იქედან საუკეთესო ხედია.
გამარჯობა, მაინტერესებს გომის მთაზე (ადგილზევე) თუ აქირავებენ კარვებს და თუ აქრავებ დაახლოებით რა ღირს?
გამარჯობა, არა სამწუხაროდ ადგილზე კარვები არ ქირავდება, მოგიწევთ თბილისში იქირაოთ კარავი, ან გომისმთაზე კოტეჯში გაათიოთ ღამე ))
მოგესალმებით... მანქანით ვაპირებთ ასვლას.. და იქნებ რჩევები მომცეთ რა გზა ავირჩიო სუფსიდან... და რამდენად შევძლებ სედნით ასვლას... მადლობა
გამარჯობათ, შემოქმედის გავლით მიდის გომის მთისკენ გზა, სედანით ახლვათ კი, არ გაგიჭირდებათ, ბოლო 15 კმ არის გრუნტიანი გზა, ასფალტი არ არის, თუმცა კარგი გრუნტიანი გზაა. გისურვებთ წარმატებებს.
გამარჯობა , გომის მთაზე გვინდა დარჩენა და რომელ კოტეჯებს გვირჩევდით ?
ამ კაცს დაუკავშირდით, კარგი კოტეჯი აქვს:
https://www.facebook.com/merab.sanikidze.1
გამარჯობა გომის მთიდან ვაპირებთ ბახმაროში გადასვლას და თუ შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რა სირთულისაა, სასმელი წყალი თუ იქნება გზაზე და სხვა დამხმარე ინფორმაცია მადლობა
გამარჯობა ირაკლი კითხვა მაქვს თქვენთან, ახლა ვაპირებთ ამოსვლას გომის მთაზე, როგორი ამინდია და ღრუბლები თუა ისე როგორც აღწერენ ხოლმე ^_^ კიდევ მაიმტერესებს შეშას თუ ყიდიან მანდვე
გამარჯობა ჯერ არ ავსულვარ და ვერ გეტყვით რაც შეეხება შეშას როგორც მითხრეს არ ყიდიან
გამარჯობა ირაკლი, მე ვარ გადასული სამანქანო გზით, საფეხმავლო ბილიკზე ვერაფერს გეტყვით. სამანქანო გზით დაახლოებით 30 კილომეტრია გასავლელი რასაც სულ 2 დღე დასჭირდება. აღმართების მხრივ საშუალო სირთულისაა. გზად ხეები თითქმის არ შეგხვდებათ შესაბამისად საჭიროა მზისგან დამცავი საშუალებები. რაც შეეხება წყალს, წყალი შეგხვდებათ როგორც ჭინჭაოს ტბასთან ისე შემდეგ სოფლებთან. ბილიკი ასევე რამდენჯერმე კვეთს პატარა მდინარეს შესაბამისად წყლის პრობლემა არ გექნებათ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ყოველ ერთ კილომეტრში შეგხვდეთ წყალი ასე რომ აუცილებლად მოიმარაგეთ წყლის ჭურჭელი.
თამუნა გომის მთაზე ღრუბლები ძალიან ხშირადაა ისე როგორც აღწერენ ხოლმე იშვიათი გამონაკლისების გარდა. იმედია ამჯერად არ იქნება ის გამონაკლისი
უღრმესი მადლობა და იქნებ ისიც მითხრათ რამდენად ლამაზია? მთებს შორის მოძრაობ თუ პანორამული ხედებია?
ბილიკი უმეტესად ქედს მიუყვება და სულ პანორამული ხედებია.
წყაროები არის ახლის ?სასმელი წყლისთვის
კი არის. ერთი შესასვლელშია გზის პირას მარცხნივ. შიგნით მოსახლეობაშიც არის რამდენიმე, იკითხავთ და მიგასწავლიან ადგილობრივები.
გამარჯობა
კოტეჯის დაქირავება დაჯავშნა შეიძლება?
ამ ეტაპზე კოტეჯების დაჯავშნას არ ვაკეთებთ
ამ ადამიანს დაუკავშირდით https://www.facebook.com/merab.sanikidze.1
გამარჯობათ. სალაშქროდ ვაპირებთ წასვლას გომის მთაზე 9 მაისს და ყინვები ხო არ იცის საღამოობით? და ტიპის აღჭურვილობის წაღებას მირჩევთ? და არის თუ არა საშიშროება მთის დაავადების? წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობათ. 9 მაისი ადრეა გომის მთაზე ასასვლელად, ჯერ კიდევ თოვლია იქ, შესაბამისად საღამოობითაც ეციება. აღჭურვილობას რაც შეეხება პირველ რიგში დაგჭირდებათ მაღალ ყელიანი, წყალგაუმატრი ფეხსაცმელი, დამატებით გამოსაცვლელი ფეხსაცმელიც იქონიეთ. თოვლის გამაშები. საძილე ტომარა, რომელსაც აქვს კომფორტი -2 გრადუსზე. წყალგაუმტარი კარავი. ასევე შესაძლებელია კოტეჯის დაქირავებაც, სადაც ღამისთევა ხდება საძილე ტომრით, კოტეჯში დგას ღუმელი. მთის დაავადებას რაც შეეხება, ამის საშიშროება გომის მთაზე არ არის, რადგან არცისე მაღალზე მდებარეობს.
სასიამოვნო თავგადასავალს გისურვებთ.