თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი V საუკუნიდან დღემდე, ხოლო 1920 წლიდან საპატრიარქო ტაძარი.
სიონის კომპლექსი მოიცავს გალავანს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარს, ორ სამრეკლოს.
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.
ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.
სიონის ტაძარში, კანკელის სამხრეთით, კედელში, წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია VI ს-ში მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).
სიონშია დასვენებული ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეული ხატი: მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.
ისტორია
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი, ამას ადასტურებს ის, რომ დვინის საეკლესიო კრების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსი ისააკი (სააკი). ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ მოწამეებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. გუმბათი, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს.
1386 წელს თემურლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც განაახლა ალექსანდრე I-მა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ თამაზმა ხოლო 1616 წელს კი შაჰაბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმე გზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი და XIII საუკუნის ნაწილების შემცველი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამხრეთი ეგვტერი 1657 წელს აღადგინა თბილელმა (ე.ი. თბილისის) მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა.
1668 წელს მიწისძვრამ ისევ დააზიანა ტაძარი. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა.
1723 წელს კონსტანტინე II-მ კახთა მეფემ ლეკთა ჯარის დახმარებით დაამარცხა ვახტანგ VI და აიღო თბილისი, ლეკთა ლაშქარს ნება მისცა დახმარების სანაცვლოდ ერბიათ და ეთარეშათ თბილისში, რის შედეგადაც სიონის საყდარიც გატიალდა. იესე ტლაშაძეს ეს ამბავი ასე აქვს გალექსილი: ”...სიონის ხატი წაიღეს, არავინ იცის სადარი, დატყვევდა დეკანოზიცა, კაცი წმინდათა სადარი”. დღეს ”სიონის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი ძველის ასლია, დამზადებულია 1764 წელს მოსკოვში ვახტანგ VI–ის ძის გიორგის დაკვეთით. ხატის პერანგი XX საუკუნეში დაიკარგა.
1724 წელს თბილისს ოსმალები დაეპატრონნენ, ტაძარი კიდევ ერთხელ ააოხრეს. 1727 წელს თურქეთის სულთანმა ქართლის ვეზირს ისაყ–ფაშას სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და ფაშასგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. 1740 წელს თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) თაოსნობით მოეწყო სიონის ქონების აღწერა.
უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს სიონის საყდარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი. 1804 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარი ხელახლა მოახატვინა.
სიონის ტაძარს უძველეს დროში, როგორც ამას წერს პლატონ იოსელიანი, სადიაკვნეში ჰქონია წმიდათა პეტრე–პავლეს ეკლესია, რომელიც პავლე ციციანოვის თხოვნით წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აკურთხეს. თუმცა, 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ეს ფართი სეკლესიო ნივთების შესანახად გამოიყენეს. კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა მისივე პროექტით აღადგინა კანკელი და სიონის ტაძარი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ს მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება ჩამოერთვათ, მათ შორის იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის ზარები, რომლებიც უკანასკნელად დაირეკა 1931 წლის 27 იანვარს, ნინოობას. ამავე წლის 5 თებერვალს ზარები სამრეკლოდან ჩამოაგდეს. 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოიხატა ლ. ცუცქირიძის მიერ. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი და XVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე. სიონის ტაძარში არაერთი ღირსშესანიშნავი საფლავია. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე-მანგლელი ეპისკოპოსი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის საფლავებია. აქვე უნდა იყოს დაკრძალული პოეტი თბილელი მიტროპოლიტი იოსებ სააკაძე . წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. დასავლეთ მკლავში-პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავია. ტაძარში ასევე დაკრძალულია რუსი ეგზარქოსი მოსე.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა