სხალთა, ყინჭაური — XII საუკუნის ეკლესია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მდინარე სხალთის (ხიხანის) ხეობაში, სხალთის ეპარქიის ცენტრი.
სხალთის ეკლესია უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს და საპატიო ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძრვრების სხვა იშვიათ ნიმუშებს შორის. იგი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.
სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები.
ძეგლის აღწერა
სხალთის მთავარი ტაძარი დიდი ზომის დარბაზული ნაგებობაა (სიგრძე მისი 25 ნაბიჯს უდრის, განი და სიმაღლე — 12 ნაბიჯს), რომელსაც სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან მიდგმული ჰქონდა კარიბჭეები. ამჟამად ერთი მათგანის მხოლოდ თაღოვანი შესასვლელია შემორჩენილი, მეორე კი კარგა ხნის დანგრეულია. ამის გარდა ტაძარს ჩრდილოეთი მხრიდან ჰქონდა მინაშენი, რასაც მისი კედლების კვალი მოწმობს. ძეგლმა ძლიერი დაზიანებით მოაღწია: კედლების უდიდეს ნაწილს ჩამოცლილი ჰქონდა საპირე ქვა, მძიმე დაზაინების დაღი ადევდა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფასადებს. არც შიგნითა მოპირკეთებული კედლები შემონახულა დაზიანების გარეშე. განსაკუთრებით აკლია ქვები კედლების ძველ ნაწილში. აღმოსავლეთის მხრიდან სამი მშვენიერი ჩუქურთმა აქვს ჯვრის ფორმისა. აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე ტაძარს სახურავი არ ჰქონდა. ტაძარს არაერთი შეკეთება-რესტავრაციის კვალი ეტყობა. ეკლესიის ინტერიერში მოხატულობის ფრაგმენტებია. მდინარე სხალთაზე შუა საუკუნის ხიდია.
ცნობილია ერთი ასომთავრული წარწერა ტაძრის აღმოსავლეთი ფასადიდან: „ ღ(მერთ)ო იესო, შ(ეიწყალ)ე ნ(იკოლოზ)ი ".
ისტორია
ძეგლის ასაკის განსაზღვრა მრავალმა მკვლევარმა სცადა. ზოგი მათგანი X-XII საუკუნეების ძეგლად მიიჩნევდა, ზოგიერთიც XI საუკუნისად თვლიდა, სხვა კიდევ მას XIII საუკუნის შუახანებით ათარიღებდა. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს.
ტაძარი XII საუკუნის ძეგლია. ტაძრის ხუროთმოძღვრულ თავისებურებებთან ერთად (თაღედის აღნაგობისა და კამარისა და კონქის ქუსლს გავლებული სარტყლის თავისებურებანი) ამას ადასტურებს მის მშენებელ ერისთავთ-აბუსერისძეთა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი.
აბუსერიძენი სწორედ ამ დროს იდგნენ ასეთი ტაძრის აგებულების აუცილებლობის წინაშე. ადრე, როცა მათ ვრცელი სამფლობელოები და ტბეთის ტაძარი ჰქონდათ, მაშინ აჭარაში სხალთის ტაძრის მსგავსი არ სჭირდებოდათ. ასე რომ X-XI საუკუნეებში ამ ხეობაში ასეთი ტაძრის აგებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა. არც XII საუკუნის შუა წლებში ედგათ აბსერისძეებს სხალთაში ტაძრის მშენებლობის აროსი. ხვარაზმელთა თარეშობით შეწუხებულ და ეკონომიკურ-პოლიტიკურად დაკნინებულ აბუსერისძეებს ამ დროს სხალთის ასაშენებლად აუცილებელი ეკონომიკური ძალა არ გააჩნდათ.
ძეგლს 1939 წელს ჩაუტარდა გაზომვა-გამოკვლევა და 1944 წელს დამატებითი მასალების შეგროვების და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სხალთის ტაძარი XII საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება, ხოლო სამხრეთის კარიბჭე ცოტა მოგვიანებით იქნა მიშენებული.
1957, 1989 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი კვლავ განახლდა, ხოლო 1990 წლიდან მოქმედ ეკლესიათა რიგში ჩადგა. ამჟამად, იგი წარმოადგენს სხალთის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.
ლეგენდა
ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს და არც მის ამშენებელ ოსტატს ივიწყებს.
ხიხანის ხეობის ხელოსნები განთქმულნი იყვნენ თავიანთი ოსტატობით, ამას ადასტურებს ხალხში დარჩენილი ლეგენდა სხალთის ეკლესიის აშენების შესახებ: ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. ოსტატმა რა დაინახა, ანგაშში მოვტყუვდიო, სირცხვლის ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესიენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაКогда приведете в порядок перевод, халтурщики?
Добрый день, пишите свои замечания корректно. Еще раз напоминаем, если где-то найдете ошибку напишите нам по мейлу или Фейсбук и исправим, также если вам не нравится перевод, можете перевести и отправить по меилу и мы вставим ваш перевод вместо нашего. А такие "грубые" выскочки всего лишь указывают на вашу некультурность.