თელეთის წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის ძეგლია, თუმცა, ისტორიული წყაროების თანახმად, ის უფრო ადრეული ტაძრის ადგილას უნდა იყოს აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "კუმისის აღმოსავლეთ მტკუარისკენ არის თელეთელები და ეკლესია წმინდა გიორგი სასწაულმოქმედი". გარკვეული პერიოდი ტაძარი სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ მიითვისა. 1992 წლიდან წმ. გიორგის ტაძარი კვლავ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ამავე წელს დაარსდა სამონასტრო კომპლექსიც. ანსამბლი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას, სამრეკლოს, კელიებსა და გალავანს. მონასტრის გარშემო სერებისა და გაშლილი სივრცეების მშვენიერი ხედები იშლება.
არქიტექტურა
თელეთის წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: სამნავიანი ბაზილიკა, ოთხსართულიანი სამრეკლო, საცხოვრებელი კელიები და გალავანი. ტაძარი და სამრეკლო XIX საუკუნისაა, კელიები და გალავანი კი XX საუკუნეშია აგებული. თელეთის წმ. გიორგის ეკლესია განსხვავდება ტრადიციული სამნავიანი ბაზილიკისგან: მისი სამივე ნავი ერთი სახურავის ქვეშაა მოქცეული, შიდა სივრცის განაწილება არ აისახება გარე მასებში. ეკლესია მაღალ სუბსტრუქციაზე დგას. შესასვლელი ორია - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელი და ყველა სარკმელი თაღოვანია. ფასადები მოპირკეთებულია რუხი ფერის თლილი კვადრებით, ფრონტონის არეში გამოყენებულია განსხვავებული შეფერილობის ქვა. შესასვლელებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს და თაღების თავზე რელიეფური ჯვრის გამოსახულებებია. ტაძრის ექსტერიერი მოკლებულია ყოველგვარ მხატვრულობას. დასავლეთ ფასადის ფრონტონში ჩასმულია წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულება, გარდა ამისა, არ გვხვდება არანაირი დეკორატიული ელემენტი. ფასადებს არ აქვს ლავგარდანი, სახურავი პირდაპირ ედგმის კედლებს. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფრესკები არ გამოირჩევა საინტერესო მხატვრული გააზრებით ან ფერწერული სიღრმით. ტაძრის აღმოსავლეთით ოთხსართულიანი სამრეკლო დგას, რომლის მეორე სართულზეც წმ. ნინოს ეკლესია და იოანე ნათლისმცემლის სანათლავია განთავსებული. პირველი ორი სართული ყრუა. მესამე სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, მეოთხე სართული კი რვაწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს. ფანჩატურების სვეტები შემკულია მარტივი დეკორით. სამრეკლო ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა