ციხე-ქალაქი უჯარმა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უჯარმასთან ახლოს მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად III საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. უჯარმის დაარსების თარიღად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. IV-საუკუნიდან ის უკვე კახეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. ამ პერიოდში ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. სპარსელებთან ბრძოლისას მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი სწორედ უჯარმის ციხეში გარდაიცვალა. ციხე-ქალაქის აღმშენებლობა-განმტკიცებაში დიდი წვლილი მიუძღვის დაჩი უჯარმელსაც. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში, თუმცა მომდევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა თანდათან მცირდება. 914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. მომდევნო წლებში ის უკვე ნაკლებად მონაწილეობს ქვეყნის ცხოვრებაში. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლამ თანდათანობით დასცა უჯარმის მნიშვნელობა და დაწინაურებული ქალაქი პატარა დაბად აქცია. ციხე-ქალაქი უჯარმა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
არქიტექტურა
ციხე-ქალაქი უჯარმა მასშტაბური კომპლექსია და მოიცავს: სასახლეს, კოშკებს, ეკლესიას, დიდი შენობას, დიდი წყალსაცავს, მცირე წყალსაცავს და გალავანს. იგი მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზეა აგებული და ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს წარმოადგენდა. ქვედა ციხე შიდაციხეს ეკვრის და მისი კედლები სწორკუთხა ტერიტორიას ფარგლავდა მთის კალთაზე, რომელიც ივრისკენ ეშვება. გალავნის კედლები რიტმულადაა დანაწევრებული ორ-სამსართულიანი სწორკუთხა კოშკებით. გალავნისა და კოშკების კედლების სისქე 140–145 სანტიმეტრია. მთავარ ციტადელში სადარაჯო კოშკებია დატანებული. შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში მდებარეობს ორსართულიანი სასახლე. სასახლის სამხრეთით დიდი ზომის კუთხური კოშკი დგას. შიდაციხის ტერიტორიაზე მდებარეობს ეკლესია ჯვარპატიოსანი, რომელიც მშენებლობის ორ ფენას მოიცავს. თავდაპირველი ეკლესია V საუკუნით თარიღდება, განვითარებულ შუა საუკუნეებში მასზე ახალი, საკმაოდ მაღალი ტაძარი დაუშენებიათ და ამჟამად ის ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესია ცალნავიანია, განიერი, სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით. გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიას ჩრდილოეთიდან სათავსო მიაშენეს, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებდა. ეკლესიას გვიანი შუა საუკუნეების გალავანი აქვს შემოვლებული. ამ გალავნის მახლობლად დგას დიდი შენობა, რომელიც სავარაუდოდ საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. შენობის ჩრდილოეთით დიდი წყალსაცავი მდებარეობს, რომლის ჩრდილოეთის კედელი ამავე დროს შიდაციხის გალავანსაც წარმოადგენდა. დიდი წყალსაცავის მომიჯნავე კოშკის ქვედა სართულში მოწყობილია მცირე წყალსაცავი. ეს კოშკი ასრულებდა ციხე-ქალაქის დასავლეთის გალავნის ხაზს და აკავშირებდა მას შიდა-ციხესთან. ციხე-ქალაქი უჯარმა გამოირჩევა მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკით და საქართველოში ციხე-სიმაგრეების მშენებლობის ერთ-ერთ საუკეთესო და უაღრესად თავისებურ ძეგლად მიიჩნევა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა