ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს: წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, სასახლეს, სატრაპეზოს, კოშკ-სამრეკლოს, საცხოვრებელ ნაგებობებს, მარანს და გალავანს. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია კონტრფორსებიანი საყრდენი კედლით გამაგრებულ ტერასაზე დგას. იგი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ეკლესია, გვერდის ეკლესიებთან შედარებით, ორნახევარჯერ უფრო ფართოა. იგი აღმოსავლეთით ფართო ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. აფსიდში სამი თანაბარი სიმაღლის თაღოვანი სარკმელი და სამი ნიშია განლაგებული. დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების მეორე საფეხურს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დარბაზს სამხრეთის ორი და ჩრდილოეთისა და დასავლეთის თითო-თითო სარკმელი ანათებს. გვერდის ეკლესიებს შუა ეკლესია კარით უკავშირდება. შუა ეკლესიას დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული სწორკუთხა კარიბჭე ეკვრის. იგი ჩრდილოეთითა და სამხრეთით დაბალი თაღებითაა გახსნილი. კარიბჭის მთავარი შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. აღმოსავლეთით შვერილი აფსიდებით სრულდება გვერდითა ეკლესიებიც. სამხრეთის ეკლესია ორი განივი კედლით სამ ნაწილადაა დაყოფილი, განყოფილებები ერთმანეთს შესასვლელებით უკავშირდება. აღმოსავლეთ ნაწილის აფსიდში და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. დასავლეთ სათავსი კამაროვანი ოთახია, რომელსაც სამხრეთითა და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს. ჩრდილოეთის ეკლესია კამარით გადახურული ვიწრო დერეფანს წარმოადგენს. აფსიდსა და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ფასადები სუფთად თლილი შირიმის ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთის სამ სარკმელს ლილვები აქვს შემოვლებული. დასავლეთ სარკმლის მოჩარჩოება შედგენილია გრეხილი და გლუვი ლილვების მონაცვლეობით. მოჩარჩოების თაღის ქუსლები და ქვედა კუთხეები კვადრატებით არის გამოყოფილი, ქვედა კვადრატები როზეტებითაა შემკული. სარკმლის გარშემო ორნამენტით შევსებული სამი რელიეფური გირჩია განლაგებული. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს.
სასახლე ეკლესიის დასავლეთით, 10 მეტრის დაშორებით დგას. იგი გეგმაში სწორკუთხა, ორსართულიანი ნაგებობაა. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი. პირველ სართულზე, კედლის შუა ნაწილში, გაჭრილია შესასვლელი, II სართულზე კი - ორი მოზრდილი სარკმელი. სასახლის დასავლეთით შემორჩენილია სატრაპეზოს ნანგრევები. შენობა გალავანშია ჩართული და სამხრეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აბსიდისებრი შვერილი აქვს. სასახლის სამხრეთით გეგმით კვადრატული, სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო დგას, რომლის ნაწილი გალავნის ფარგლებს გარეთაა გასული. ნაგებობის I სართულზე ფართო შესასვლელია, რომელიც მონასტრის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს. მონასტრის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია შემორჩენილი. კომპლექს შემოვლებული აქვს არაწესიერი მოხაზულობის გალავანი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა