დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 მაისი, 2019

აბულის ციხე, დიდი აბული, ჭიქიანის მენჰირი

კატეგორია: ლაშქრობა

ოქტომბრის შუა რიცხვები დადგა და მთაში ხეტიალსაც გამოვემშვიდობე... ეს ყოველთვის სტრესული ეტაპია ჩემთვის. თავისუფლად ნავარდის, ნიავით გაჯერებული მინდვრების, ალპური ნაირფერი ყვავილების, მწვერვალების, სივრცეების, შრიალის, სამყაროს ჩურჩულის და შვებისმომგვრელი ჰაერის შემდეგ დგება ქალაქის, ხმაურის, ქაოსის, მტვრის და სულისხუთვის პერიოდი. თუმცა ეს გამომშვიდობების და ქალაქური აურზაურის ამბავი კი არა, მოულოდნელი თავგადასავლების ამბავია.
შემოდგომის ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს ფერფლისფერ ფიქრებში გართულს და სპლინში ჩაძირულს მომწერა ძველმა ნაცნობმა: რა მაგარ ადგილებზე დადიხარო, მეც მინდაო, ერთდღიან ტურებზე დავდიოდიო და ეხლა უფრო დიდი ლაშქრობები მინდა ვცადოო. მეც არ დავაყოვნე და უეცრად გადაშლილი პერსპექტივებით აღტყინებულმა -ჰოდა წავიდეთ, წელს ძალიან მინდოდა ჯავახეთში ხეტიალი და აი, შენც გამოჩნდი-მეთქი. ასე გადაიქცა რიგითი, მელანქოლიისთვის განწირული დღე საოცარი მოგზაურობის დასაწყისად. უცებვე კიდევ ერთი თანამოხეტიალე შემოვიერთეთ. გავაცანი მარშრუტი, რუკები, სანახაობები, დავგეგმეთ აბულის ციხის და დიდი აბულის მონახულება და 2 თუ 3 დღეში გავემგზავრეთ ნინოწმინდის სამარშრუტოთი ოცნებებისკენ (შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ დიახ, ხანდახან სამარშრუტოებსაც მივყავართ ოცნებებთან). ფანჯრებიდან სულ უფრო და უფრო შთამაგონებელი ხედები იშლებოდა და ვეღარ ვითმენდით როდის შევუდგებოდით აბულის ციხისკენ მიმავალ ხრიოკ ბილიკებს. გამოჩნდა ფარავანიც, ჩვენი პირველი გაჩერება ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარე სოფელი განძა გახლდათ. ჩამოვედით სოფელში და ჩანთების აკიდების და აბარგების პროცესში ვიყავით, როცა ძახილი მოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი კაფეს კეთილი მეპატრონე გვეძახდა, რომელიც ყავით და ვაფლებით გაგვიმასპინძლდა და დაგვაკვალიანა კიდეც. განძიდან პატარა აბულის ძირამდე (პატარა აბულის კალთაზეა აბულის ციხე აშენებული) სამანქანე გრუნტის გზა მიდის. მარტივი რელიეფი, სასიამოვნო ნიავი, ასე რომ ციხესთან სრულიად დაუღლელად მივედით. გზად გაშლილი, ღია სივრცეები და ფარავანი გვიმშვენებდა თვალსაწიერს. ციხე ქვევიდან ქვის გროვას გავს, ოდნავ თუ აღიქვამ არქიტექტურის კვალს, მაგრამ როდესაც მაღლა ახვალ და უახლოვდები შთაბეჭდილებები ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. 3000 წლის წინ აგებული ეს მონუმენტური ნაგებობა, სქელი კედლებით, უზარმაზარი ქვებით ნაგები, მაგრამ სადა და ლაკონური, სუნთქვას გიკრავს. გაოგნებს როგორ შექმნეს ეს ყველაფერი, როგორ მოაღწია დღემდე ამ ციკლოპურმა, უდუღაბოდ ნაგებმა ციხემ. მიწისქვეშა დარნები და სამალავებიც კი არის შემორჩენილი, მთლიანი ქვის ფილებით შექმნილი გადახურვებით. იმ ღამეს აბულის ციხესთან დავბანაკდით. კიდევ ერთი საოცრება ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა და ვარსკვლავთცვენა იყო.
მეორე დღეს კი გავეშურეთ დიდი აბულისკენ და აღმოვაჩინეთ, რომ იმ ღამით მწვერვალზე მოუთოვია. მთელი გზა ვნატრობდით აბულის მწვერვალს ღრუბლები არ მოშორდეს, რომ ასულებს თოვლი დაგვხვდეს, მერე კი გადაიწმინდოს ცაო. გაგიკვირდებათ და ასეც მოხდა. მთის ძირს რომ მივადექით ნელ-ნელა გადაიკრიფა ღრუბლები და დაგვენახა მთელი თავისი მშვენიერებით და სიდიადით დიდი აბული, ასულებს თოვლიც დაგვახვედრა. არაფერი შეედრება მწვერვალზე დგომის განცდას. ვფიქრობ ვისაც ეს განუცდია სამუდამოდ მწვერვალებით მოწამლული დარჩება, განკურნება შეუძლებელია. საოცარი ქართველი მთამსვლელი ქალი - ალექსანდრა ჯაფარიძე მყინვარწვერთან თავის პირველ შეხვედრას ასე აღწერდა: "გავიხედე მწვერვალისაკენ ... მზის პირველი სხივებია ნათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან აქა-იქ შავი კლდეები სჩანან თოვლ-ყინულიდან. გარემო ჩრდილს მოუცავს და ისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ. გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა დამიუალერსო. ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა" - თითოეულ მთაზე ასვლისას ეს სიტყვები მახსენდება. 3305 მეტრიდან გავხედეთ დედამიწას. უკიდგანო სივრცეებიდან დაიძრნენ ღრუბლების ტალღები და შემოცურდნენ ბორცვებს შორის, ნელ-ნელა ევლებოდა ღრუბლების ზღვა მთებს და მათ ფერდებზე ისვენებდა. მზის სხივებში ელავდა თოვლი და თეთრი ზღვა. ამ სიზმრიდან თანდათან დაბლა დაშვება დავიწყეთ მყუდრო კარვებისკენ. მომდევნო დღეს კიდევ ერთი მეგალითი - ჭიქიანის მენჰირი გველოდა.
მესამე დღეს დასვენებულები და წარუშლელი შთაბეჭდილებებით სავსენი ისევ სოფლისკენ წავედით. განძიდან კი ჭიქიანის მენჰირისკენ, რომელსაც გზიდანაც მარტივად შენიშნავთ. მენჰირი საკულტო დანიშნულების მეგალითი იყო. ათასწლეულების წინ აქ შესთხოვდნენ ბუნებას საზრდოს, მოსავლიან მიწებს, ნაყოფიერებას... გაშლილ მინდორზე ასვეტილი ეს სამმეტრიანი ლოდი საოცარი სანახავია. მეგალითები ხომ საიდუმლოებებით მოცული სამყაროა. და ეს ყოველივე კიდევ უფრო მაგიურად გამოიყურება, როცა ყოველგვარ ხედს ნისლი ფარავს და სითეთრეში მხოლოდ უზარმაზარ მონოლითს და აქა-იქ მიმობნეულ შავად აპრიალებულ ობსიდიანის ნატეხებს ხედავ.
ამ მისტიკით დატყვევებულებმა გადავწყვიტეთ თავი გაგვენებივრებინა. უსაზღვრო ემოციებით დატვირთულებს თბილისში დაბრუნება არ გვეხალისებოდა და ერთი ღამეც მენჰირთან გავათიეთ, ნისლებში გახვეულებმა. მეოთხე დღეს ავტოსტოპით გამოვემგზავრეთ და თითოეულმა ჩვენგანმა თავისი თავგადასავალი, თავისი ისტორია და ახალი გეგმები ჩამოიტანა...

თეგები: #ლაშქრობა #მოგონებები #მოგზაურობა #ბუნება #აბული #მეგალითები #სამცხე-ჯავახეთი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი