დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 აგვისტო, 2018

უძირო ტბის რაინდები

კატეგორია: ლაშქრობა

ყველაფერი მარტივი იდეით დაიწყო: მთაში დასვენება მინდოდა. ასე აღმოვჩნდი შოვში. ჩემი პირველი სტიმული ტემპერატურა იყო, როდესაც მინივენიდან ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ აშკარად იმაზე მეტად ცხელოდა, ვიდრე ამას მოველოდი. მივხვდი, ტყეში ბოდიალს თავისუფლად შევძლებდი. ჩემი შოვში ჩასვლის მიზანიც ხომ ეს იყო, მოვწყვეტოდი ქანცგაცლილი თბილისის ოხშივარს და ქალაქის უაზრო გუგუნის მაგივრად ტყის თანაბარი ზუზუნისთვის მესმინა.

საკუთარი ძალები მეორე დღესვე მოვსინჯე. გავიარე პანსიონატის გრძელი დაღმართი და შევუდექი აღმა გზას პარკისაკენ. მირჩიეს, პატარა ხიდს გადახვალ და ეგრევე ტყეში ხარო. ასეც მოხდა, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო, რადგან მაღლა მინდოდა ავსულიყავი და ზემოდან გადმომეხედა დასახლებისათვის. ვიპოვე რასაც ვეძებდი და მეც შევუყევი აღმართს დიდი მონდომებით. თხუთმეტ წუთში ეს მონდომება ქოშინში გადამივიდა და მივხვდი, უნდა შემესვენა, თან მეგობრებს ვწერდი მესენჯერში. ფოტოებზე გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ ტყის გარემო, მე კი ვიჯექი ჩემს ზურგჩანთაზე, ვიღებდი ფოტოებს, ვფიქრობდი რამდენის გაქაჩვა შემეძლო კიდევ და ხარბად ვისუნთქავდი დიდი ხნის მონატრებულ ჟანგბადს. დიდი წაქცეული ხის შემდეგ აღმართმა მარჯვნივ შეუხვია და გართულდა, თუმცა უკვე დიდი ჯოხით ვიყავი შეიარაღებული, რომელიც იქვე, სხვა ბევრი ჩამოცვენილი უზარმაზარი ნაძვის ტოტებიდან გამოვარჩიე. ხედი გადავიღე და შევუყევი ზემოთ დროებითი ნაკადულის მიერ შექმნილ ვიწრო ტყის ბილიკს. ჩემს აღტაცებას ყველაზე მეტად პატარა და ხასხასა მწვანე ნაძვის ყლორტები იწვევდნენ, რომლებიც იმედიანად იდგნენ ამაყი მრავალწლოვანი ნაძვების ძირში შეყუჟულები და თავის რიგს ელოდებოდნენ, რომ გაზრდილიყვნენ და ძველი თაობასავით მაღლიდან ეცქირათ სამყაროსათვის.

აქ სიარული უფრო მიმარტივდებოდა, თან სიამოვნებას მგვრიდა, რადგან მიწა რბილი იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც ბავშვობაში, როდესაც საწოლის არათანაბარ ზედაპირზე საკუთარ თავს წონასწორობის დაცვაში ვცდიდი. ის-ის იყო მზის სინათლე დავინახე ტყის დაუმთავრებელი აღმართის ბოლოში, რომ ბურდღუნის ხმაც მომესმა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ხმა ჯიუტად განაგრძობდა ექოს და თან ტოტების მტვრევაც დაიმატა. გავაანალიზე რა, რამდენად არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი თბილისიდან ჩამოსული, ტყეში სწრაფად გადაადგილებაში გამოუცდელი შორტებიანი, გამხდარი, მაგრამ სავარაუდოდ მაინც გემრიელი სტუმარი, უკან მოუხედავად დავეშვი დაბლა, თან ვცდილობდი იგივე გზაზე დავბრუნებულიყავი, რადგან ტერიტორიას საერთოდ არ ვიცნობდი. ასე დამთავრდა ჩემი პირველი გასვლა ბუნებაში.

შემდეგი დღე ადგილობრივი გარემოს შესწავლასა და დროის ფლანგვაში გავატარე, მოკლედ არ მეცალა. ბიჭებმა მითხრეს, აქვე ახლოში ბუბას მყინვარია და იქ ვიყავითო. მივხვდი, ლამაზი იქნებოდა, ტურისტულ რუქაზეც წავაწყდი, მაგრამ ასე მარტივად მყინვარზე მოხვედრა დიდად არ მეპიტნავა, რაღაც უფრო დახვეწილს ვეძებდი. საბედნიეროდ ტელეფონი ინტერნეტს კარგად იჭერდა, მეც შევუდექი ინფორმაციის მოგროვებას და სულ მალე ჩემი ყურადღება უძირო ტბის სურათმა მიიქცია. შენიშვნებით და კომენტარებით მივხვდი, რომ 6-7 საათის გზა დანიშნულების წერტილამდე და სხვადასხვა მარშრუტის შეთავაზება უკვე გამოცდილი მოლაშქრეებისგან რაღაც რთულს და საინტერესოს მოასწავებდა. მაშინვე ამიტაცა ამ იდეამ და ჩემი განზრახვა მასპინძლებს და სხვა სტუმრებს გავანდე.

იდეის გაგონებაზე ყველას ღიმილი ადგებოდა სახეზე, მაგრამ როგორც კი ვიტყოდი, რომ მარტო ვაპირებდი ასვლას, შეცბუნებულები ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას. ბიჭებმა მირჩიეს, ჩვენც ვაპირებთ ასვლას ერთ-ორ დღეში და ერთად წავიდეთო. სხვებმა გიდი გაიყოლე, არ არსებობს, დაიკარგებიო, თან მხეცმა არაფერი გავნოსო. მოკლედ, ყველა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ჩემს აკვიატებას. მე კი ვიცოდი, რადგან გადავწყვიტე, უკან ვეღარაფერი დამახევინებდა - ვერც მანძილი, ვერც შეცბუნებული სახეები და ვერც ბურდღუნა დათუნია. ამ ყველაფერს ემატებოდა შემდეგი საღამოდან ამინდის გაუარესების მოლოდინი...

ვახშამზე კიდევ ჩამეკითხნენ, მართლა აპირებო? როდესაც ჩემგან დასტური მიიღეს, სასტუმროს მენეჯერმა გამიყვანა და შეძლებისდაგავარად ამიხსნა გზის თანმიმდევრობა. ჯერ ტყეს გაივლი, მერე ხევს აუყვები ბოლომდე და გადაუხვევ მარჯვნივ, შემდეგ ზემოთ და ტბაზე ხარო. შეძლებ, ისეთი არაფერიაო. მეც გუგლის რუქა გავხსენი, რომელზეც სატელიტური ფოტოების ერთფეროვან მთათა სისტემის წვერზე, სუფრაზე შემთხვევით დაწვეთებულ ლაქასავით ეწერა უძირო ტბა, თვითონ ტბა კი არსად ჩანდა. მოკლედ მოვხაზე მარშრუტი, ჩავიწერე შემოთავაზებული ნომრები საგანგებო შემთხვევისათვის და ყველასგან წარმატება ნასურვები შევბრუნდი ნომერში. მაშინვე დავწერე მოლაშქრეების გვერდზე ჩემი სურვილის შესახებ და მოვიკითხე შემოერთების მსურვებელები, აღმოჩნდა რომ შუა კვირაში არავინ იყო იქ. არ დამეზარა და ცალკე დავდე პოსტი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის სიზუსტეზე, თუ არის ასე და ასე-თქო. ერთი გამოხმაურება მომეწონა ყველაზე მეტად, სადაც ერთი პიროვნება ამომწურავად პასუხობდა ყველაფერს, რაც მაინტერესებდა. მაშინვე დავიწყე ამ ინფორმაციის შესრუტვა. გადმოვწერე უინტერნეტო რუქის აპლიკაცია და ვეცადე ერთ-ერთი გვერდის შემოთავაზებული მარშრუტის აპლიკაციაში შეყვანა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ გამოვიდა. ამ დროს ჩემს გვერდით გოჭზე და კარგ ღვინოზე ტკბილად ქეიფობდნენ. კიდევ კარგი არ შევედი, ნასვამი ნამდვილად ვერ შევძლებდი ვერც აპლიკაციის გამართვას და ვერც იმ ყველაფრის გამოვლას, რაც თურმე შემდეგ დღეს მელოდა. ჩემს მეგობარს ვესაუბრე. გამამხნევა და მარტივად მითხრა, როგორაც ხარ განწყობილი, ზუსტად ისე გამოგივა, დარწმუნებული ვარ, იდეალურად დალაშქრავო. ჩემებს დავურეკე და გავაფრთხილე, შეიძლება საღამომდე ვერ დაგიკავშირდეთ და არ მეძებოთ-თქო. ერთი კი შეიცხადეს, მაგრამ ისინი ხომ სხვებზე უკეთ მიცნობდნენ, მოკლედ მოგვარდა.

დილას დანიშნულზე ერთი საათით ადრე გაღვიძებული სრული შემართებით შევუდექი სამზადისს. გასვლა მაინც დანიშნულ დროს მომიწია, რადგან საგზალს მიმზადებდნენ და ველოდე. წავიხემსე, პატარა მინერალურის ბოთლით წყალი შევივსე, დავამშვიდე ყველა, ნავიგატორით მივდივარ-მეთქი და დავეშვი დაღმართზე საგზლიანი ზურგჩანთით. ტყეში შესვლამდე, უძირო ტბის გზის მაჩვენებელთან ადგილობრივი მაცხოვრებელი შემხვდა და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ტელეფონით ნავიგაცია მიმქონდა თან, მანაც წარმატება მისურვა.

საათი 9:45, ბატარია - 89%, წყალი - სავსე.

ტყეში შესვლისთანავე ჯოხი ამოვარჩიე, რომელიც განგებ დატოვებულს გავდა. გადავამოწმე კოორდინატები გადმოწერილ აპლიკაციაში და შევუდექი აღმართს. ათი წუთი იქნებოდა მხოლოდ გასული, გეგონება დამინახაო, დედა მირეკავს: რატომ სუნთქავ ასე? რამ გაგაგიჟა? ხომ იცი მხარი გტკივა, აქ წამალს სვამდი და მანდ რას აკეთებ? მოკლედ სტანდარტულად. დავამშვიდე და მონდომებულმა განვაგრძე გზა. პირველმა მარკერმაც არ დააყოვნა, ანუ, რაც მითხრეს მარკირებული გზის შესახებ, მართალი აღმოჩნდა.

სულ მალე ჩემს ორი დღის წინანდელ ვოიაჟზე უფრო შორს, ქოშინიანი, მწყურვალი და სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოვჩნდი. შემდეგი მარკერი, ცოტა შესვენება, ბევრი აღმართი, ისევ მარკერი და გუგლის და აპლიკაციის რუქას ერთდროულად დავხედე.

საათი: 10:25, ბატარია - 76%, წყალი - ნახევარზე მეტი.

ტელეფონი მობილური სერვისების არარსებობას მაუწყებს. მე კი ვცდილობ, კადრში ჩავატიო ტყე, რაც, რა თქმა უნდა არ გამომდის და მხოლოდ ფრაგმენტების გადაღებით შემოვიფარგლები.

მარკერიც გადავიღე შუბიანი მეომრის ფორმაში (შუბი ჩემი ჯოხია), მაინც, შვილიშვილებს რომ მოვუყვე. აღმართი არ მთავრდება, საათს აღარ ვაკონტროლებ და პირველი შოკი! შემთხვევით გავიხედე გვერდით - ყბა ქვემოთ, ტელეფონი ზემოთ. ჩემი ჩაბურული ტყიდან მოჩანს რაღაც ულამაზესი, დათოვლილი მყინვარი, რომლის წინა ფერდობებიც ჯერ სალათისფერი მწვანე მინდვრით, შემდეგ კი მუქი ნაძვნარით არის შეფერილი.

წყალი, რუქა, განვაგრძეთ გზა. როგორც იქნა ნანატრ სოკოს მივაგენი, რაც ჩამოვედი მთელი სოფელი ერთად რომ ვეძებთ. ეს ძველია, მაგრამ ლამაზი, ხელუხლებელი. ან რა გააფუჭებდა, ხალხი გვერდს უვლის, აქ ვინც ამოდის მათ ამისთვის ნამდვილად არ სცხელათ, მანქანები არ ბოლავენ და დათვსაც ალბათ მოეწონა და დატოვა ასე, კი, ნამდვილად მოეწონა.

საათი 10:55, ბატარია - 65%, წყალი - ერთი მესამედი.

ჰაერს კი არ ვსუნთქავ, ვჭამ, მწვანე ტყე, ლურჯი ცა და სიცხე, ჯერ ვუძლებ და არ ვფიქრობ ჩემი გადასაცმელი ქურთუკის გახდაზე. ერთი რამ მიტრიალებს მხოლოდ თავში: გუშინწინ ვახშმობა შემაგვიანდა და 7:45-ზე ვივახშმე, გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. გამოდის, თუკი ათ საათზე გამოვედი, შვიდ საათში იქნება დღის ხუთი საათი, უკან სამი-ოთხი საათის სავალიაო, ანუ რვამდე ვერანაერად ვერ ჩამოვალ, აი სად დამერხა. ერთი ნათხოვარი გერბერის დანა, სანთებელა და დეზადორი, დიდი ვერაფერი შეიარაღებაა თბილისში მაწანწალა ძაღლებივით მონავარდე აქაური დათვების და ტურების შესაშინებლად. რამდენიმე წუთის წინ ერთი ეგეთი ბურდღუნა მაცილებდა აშკარად, ალბათ, ბოლოს შეეზარა აღმართზე ამოყოლა.

საათი 11:10, ბატარია - 60%, წყალი - ერთი მესამედი.

ტყე შეიცვალა, თანდათან იკლო მაღალ-მაღალმა ფიჭვნარმა და ადგილი დაუთმო დაბალ, ფოთლოვან და ჩახუთულ ტყეს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება, რადგან ვგრძნობ, როგორ მატულობს ტემპერატურა ჩემს წყურვილთან ერთად. გზა სწორია და ბედნიერი მივიწევ წინ, რადგან ფაქტიურად გავათავე დაბურული ტყის მასივი და დათქმული ორი საათიც არ დამჭირვებია, საათ-ნახევარში ჩავეტიე, ვაშა!

ვიღებ სურათებს: ისევ შორი მთები, ისევ ტყის ფერდობები და სიმწვანე, ულევი სიმწვანე.

ეს ხომ ის ფერია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. რომელი გინდა სულო და გულო - ძალიან მუქი, ოდნავ მუქი, ოდნავ ღია, ღია, ბაცი, მოკლედ სრული პალიტრაა. ვიღებ სურათებს და უკვე გახუნებულ ბალახებში განვაგრძობ გზას.

საათი 11:25, ბატარია - 51%, წყალი - ერთი მეოთხედი.

დაღლილობას უნდა შემოეტია, რომ დაღმართი დაიწყო. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, თვალუწვდენელი ხეობა სუბალპური ზონისთვის დამახასიათებელი დაბალი მცენარეებით, უსუფთავესი ცა, ხეობის ძირში პატარა, ჩემი მხსნელი მდინარე, ხეობის თავზე კი გოროზი კლდეები.

ნეტავ უკან არ მომეხედა. ჩემს უკან იშლება თვალუწვდენელი სივრცე ამაყი კავკასიონის ხედებით. ტელეფონს ვიმარჯვებ და ვცდილობ მეორე პანორამული სურათის გადაღებას. ისევ ვერ ვატევ ვერაფერს. ასოთხმოცი გრადუსი არ ყოფნის იმის აღქმას, რაც გარშემო ხდება.

ვერ ვუძლებ და მინდა ვიღრიალო, მაგრამ მახსენდება, რომ ამით შესაძლოა ოთხფეხა მეგობრებმა მიიქციონ ყურადღება და თავს ვიკავებ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის, თვალები მიელამდება და ჟანგბადს ისევ ვისრუტავ. ორი რამ მაწუხებს - სიცხე და წყურვილი, მეორე უფრო, რადგან მდინარე ჯერ ისევ შორსაა და თურმე იმაზე შორს, ვიდრე ამ მომენტში მგონია. განვაგრძობ გზას, რომელიც ალბათ სხვა რაკურსიდან დაღმართია, ჩემთვის კი სწორი გზა.

ნერვებს ის მიშლის, რომ ვერაფრით მივუახლოვდი მდინარეს, ორი საათი კი გადის!

საათი: 11:55, ბატარია - 45%, წყალი - არ მაქვს.

ხუთი წუთის წინ ბოლო ყლუპი ჩავუშვი გამომშრალ ყელში. ვდგავარ ახლა მდინარის შუაგულში და ცივ ჰაერს გამალებით ვისუნთქავ. მდინარის შხუილი ყველა სხვა ხმას ახშობს, ჩემს ფიქრებსაც კი. კარგა ხანს მომიწია კისრამდე ბალახებში ბოდიალი, რომ აქამდე მოვსულიყავი. თან ჯოხით ბალახს ვახმაურებდი, თუ რამე იყო წინ, რომ გამცლოდა გზიდან. ერთადერთი, უზარმაზარი ხოჭო თუ ობობა ვერ შევაშინე დროულად, ოდნავ ავცდი, რომ ზედ არ შევმდგარიყავი. დანარჩენის მხოლოდ კუდს ვხედავდი, ალბათ რამდენი მლანძღეს. მე ხომ შეძლებისდაგვარად ჩუმად მივედი იქამდე, ახლა კი, ჯოხის მინდვის ბალახზე უეცარი შხარუნით ვარღვევდი მათ მყუდროებას. კარგი იქნებოდა, შემთხვევით ლენცოფას არ მოვჭიდებოდი ხევში ჩამოსვლისას, მაგრამ არაუშავს, ჯოხს აწი მხოლოდ მარჯვენათი ვატარებ, მტკივან ხელს კი მდინარეში გავიგრილებ.

მდინარის წყალი საოცრად გემრიელი და ცივია, არ ვიცი, ეს მართლაც ასეა, თუ დაღლილობისგან მეჩვენება. ვუყურებ წინ თვალუწვდენელ აღმართს, ვიღებ უკვე არ ვიცი მერამდენე ფოტოს, ვათვალიერებ მანამდე გამოვლილ უზარმაზარ ლოდებს და თვალუწვდენელ მინდვრებს, ვავსებ ჩემს პატარა ბოთლს კამკამა წყლით და ვაგრძელებ გზას.

დავფიქრდი შიმშილზე, მაგრამ რატომღაც ჯერ არ მშია, ალბათ ხედების ბრალია. ფოტოაპარატი იმდენად უსუსურია ამ ხედებთან შედარებით, რომ სამახსოვრო ვიდეოც ვერაფერს შველის, ამიტომ ვცდილობ თავში ჩავიბეჭდო ის აუტანელი სილამაზე, რასაც გარშემო ვხედავ.

საათი: 12:20, ბატარია - 36%, წყალი - სავსე.

მივუყვები აღმართს, ვცდილობ მდინარეს არ მოვშორდე, მაგრამ არ გამომდის. მარკირებები სულ უფრო და უფრო მაშორებს მდინარეს, გზაც უფრო და უფრო რთულდება.


ცოტა ხნის წინ მარჯვენა ხელის მტევანი თითქმის ჩემი სიმაღლის ჭინჭარმა დამისუსხა და ეს ჭრილობაც ნაკადულით მოვიბანე. ვამოწმებ აპლიკაციას და აშკარად, ჩემი მარშრუტი ცდება გადმოწერილ მარშრუტს, თუმცა ორივე ერთი მიმართულებით მიდის და ეგ მამშვიდებს. ახლა, პრობლემა ტელეფონის ბატარიაა, რომელიც ჩემი ფოტო/ვიდეო გადაღებების და როგორც მომდევნო დღეს აღმოვაჩინე, თურმე ჩემი გადმოწერილი აპლიკაციის წყალობით, სხვა დღეებთან შედარებით არანორმალურად სწრაფად ჯდება. მცხელა და მიჭირს გრძელმკლავიანი გადასაცმელით მოძრაობა, მაგრამ თან ვერ ვთმობ, რადგან ფლორა ისეთია, ხან რას გამოვედები და ხან რას, ლენცოფას და ჭინჭრის კვალი კი ისევ მატყვია ხელებზე. მაინც ვიხდი და ბრეტელებიანი მაიკის ამარა ვაგრძელებ გზას. ფეხი რაღაც პატარა ნაკადულში ჩამივარდა და გაჩერება მომიწია, ვზივარ წელამდე ბალახში, რომელიც ახლა თავს ზემოთ მაქვს, ვცდილობ არ დავცურდე და არ ჩავვარდე ხევში და თან ვუსმენ გარემოს. საერთოდ არ მაქვს სურვილი ან რაიმე დამახტეს თავზე, ან გვერდიდან მიკბინოს. ბალახებში სწრაფად ვაშრობ ფეხსაცმელს და ვაგრძელებ გზას.

საათი: 1:13, ბატარია - 29%, წყალი - ბინძური

გზა ამებნა, უფრო სწორად თითქოს ამებნა, მაგრამ ვის დავეკითხო აზრი? ჩემი თავი რასაც მირჩევს, ის არ დაიჯერება, იმიტომ, რომ რაღაც შიზოფრენიული სიმბიოზი გამოვა, თუ მას ჩემგან განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა. ამიტომაც ვანებებ თავს მარკირებებს, რომლებსაც ღმერთმა უწყის სად მივყავდი და ვაპირებ ხეობაში დაშვებას.

მივყევი, მივყევი მარკირებებს და თავი მდინარისგან შორს, რთულად ასასვლელ, გაუვალი ბალახებით გატენილ ფერდობზე ამოვყავი, არადა ბოლო მარკირებამ სწორედ აქ მომიყვანა. მოგვიანებით გავიგე, ბევრი მაგ გზით ადის თურმე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ, მდინარეში მეორედ აღებული წყალი ისეთი ბინძურია, რომ თავს ვიკავებ დალევისაგან და ამ დროს, სადღაც უაზრო აღმართზე ვიჭედები რომელიმე მხარეს გათელილი ბილიკის დანახვის უპერსპექტივობით. ვხვდები, რადგან წინ არ არის არაფერი, სავარაუდოდ ზემოთ დაჭაობებული ნაკადულის ავლაა საჭირო და ალბათ შემდეგ გასწორდება გზა, მაგრამ მასშტაბები გასავლელი გზის და თვითონ ამ აღმართის სირთულე ისეთია, რომ თავს ვიკავებ ზემოთ გზის ძიებისგან და რაც ჩავიფიქრე, იმას ვასრულებ, ვეშვები. ორ მარკირებას გავდივარ ისევ უკან. რომ მეგონა, საშველი აღარ იყო და მარტო დამჯდარი ტელეფონის ნავიგაციის იმედადღა ვრჩებოდი, სწორედ ამ დროს შევნიშნე სულ სხვა მარკერი ჩემს წინ. როგორც ჩანს არჩევანის საშუალებაც გვქონია. მინდოდა რაღაც პარალელი გამევლო რელიგიასთან, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, გამახსენდებოდა წარმატებული თუ წარუმატებელი დისკუსიები სხვადასხვა პიროვნებებთან და ისედაც მზით და ათასი ფიქრებით გატენილ თავს უაზროდ დავამძიმებდი ზღვის დონიდან 2400 მეტრის სიმაღლეზე. ცოტა ხანში ამ მარკერმაც დამაბნია და მაშინვე მოვიმარჯვე ჩემი ნავიგატორი.

საათი: 1:55, ბატარია - 22%. წყალი - სავსე, სუფთა

კიდევ კარგი არ დავლიე ის წყალი. მუხლამდე გაუკვალავ ჯეჯგვ ბალახებში, ლოდებზე და მდინარის განშტოებებში ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა დავდექი ნავიგაციის მიხედვით სწორ გზაზე. პარალელურად ვცდილობდი, მარშრუტის შერჩევა აღმასვლასთან შემეთავსებინა, რადგან წინ ულამაზესი ვულკანური მთებით შემოსარტყული დაუმთავრებელი აღმართი, უკან კი დამატყვევებელი სილამაზის თეთრქუდიანი ნაცრისფერი ქედების და სუბალპური ფერდობების დაუმთავრებელი დაღმართი იყო. ცოტა ხანში ნავიგატორს შევეშვი და საერთოდ გამოვრთე ისედაც ეკონომ-რეჟიმზე გადაყვანილი ტელეფონი, მეშინოდა, ზემოთ ასვლამდე არ დამჯდომოდა. დაახლოებით გამოვთვალე რამდენი ხანი უნდა მევლო უეჭველად პირდაპირ და შევუდექი მდინარის ლოდებზე ცოცვას.


ორჯერ ჩამივარდა ფეხი ქვებში, რადგან მდინარეს ბეჯითად ემუშავა და ბევრ ქვას ქვეშ მიწა გამოცლილი ქონდა. ქვა თავის წონას კი იტანდა, მაგრამ ჩემსას ვეღარ. წყლის სიკამკამემ ბოთლიც შემავსებინა და კინაღამ მეც შეგნებულად მდინარეში ჩავხტი. ალბათ ასეც მოვიქცეოდი, ოდნავ მაღალი წყალი რომ ჰქონოდა. ჯოხი ძირში გადამიტყდა ერთ-ერთ ლოდში ჩარჭობისას და პილიგრიმს უფრო დავემსგავსე, ვიდრე შუბიან მეომარს. მაგას არც ვჩიოდი, რადგან ცოტა დამაკლდა, რომ ფეხი მომტეხვოდა. გავიაზრე, ისევ ვინმე ჩემნაერი თუ მიპოვიდა რამდენიმე დღის შემდეგ, თორემ აქ არც ტელეფონი იჭერს და 10 კილომეტრის რადიუსში ვერც ვერავის მივაწვდენდი ხმას, მით უმეტეს მდინარის ხმაურის ფონზე. თავზე მწველმა მზემ თავის ტკივილი ფიზიკურად მაგრძნობინა, ამიტომ ზედ ცხვირსახოცი დავიფარე და თან მთელი ბოთლიც დავიცალე ზემოდან. რა მენაღვლებოდა, მდინარე სულ ფეხქვეშ მქონდა. წყალსაც, როცა მინდოდა, მაშინ შევივსებდი და დავლევდი.

საათი: 2:25, ბატარია - 19%, წყალი - ორი მესამედი

ვზივარ, ვჭამ. მგელივით მომშიებია, არც მიკვრის. შეუჩერებელი, საოცრად დამღლელი აღმასვლა, ცხვირზე ფაქტიურად ჟანგბადის ბალონი და მდინარის ნოტიო ჰავა, მოდი და ნუ მოგშივდება.

ერთი კიტრი და ერთი მოხარშული კვერცხი უკანა გზისთვის შევინახოთ, ყველს კი ოდნავ წავეპარები, თორემ მომაწყურებს. კიტრმა, პამიდორმა, ორმა კვერცხმა და ლობიანის ნაჭერმა წამიერად გადამავიწყეს ყველა პრობლემა, ერთის გარდა. ვზივარ გაუკვალავ, გაურკვეველ, დაბალი და მზეგაუმტარი მცენარეებით გამოტენილ მინდორში და თავზე მამხია ჩემი საწვიმარი მსუბუქი ლაბადა, რომელიც ამ წუთას ხის ჩრდილის მაგივრობას მიწევს. მას შემდეგ, რაც რთული ლოდებიანი აღმართი დავძლიე, მდინარესაც დავშორდი და გზაც შედარებით მოსწორდა.

ეს ბოლო მინდორი, სადაც მიწა გამოჩნდა, ყველგან დახვრეტილი იყო, ანუ რაღაცა ბინადრობს, მე ამ დროს ვზივარ ისეთ ადგილას, რომც არ უნდოდეს, გული წაძლევს რომ ამომაბობღდეს. ამ დროს ლაბადაში შეფუთული ვჭამ და იმ მხარეს გავყურებ, სადაც ტბა მეგულება.

მოვრჩი, ნაგავი შევინახე და გადავუხვიე ტბის აღმართისკენ.

საათი: 3:30, ბატარია - 17%, წყალი - სავსე

უნდა შევისვენო, წარმოუდგენელია ამდენი სიარული, ან როგორ ვუძლებ. ფეხებში ძალა აღარ მაქვს და ვცდილობ ლოდებს მივყვე ისევ, რადგან ასე ხელებსაც ვიხმარიებ. აღმართი სულ უფრო ძლიერდება. აქ პატარა ნაკადულს აქვს გაკეთებული ათი მისხელა დაკლაკნილი ჭრილი და მეც მას მივყვები, მაღლა და მაღლა.

ხედები საერთოდ შეიცვალა, აქამდე თუ მწვანე ფერი და მცენარეები დომინირებდა, ახლა ყვითელი და ნაცრისფერი ლოდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, დაბლა კი ისევ საოცრება ხდება, მდელოების შეფერილობა მწვანედან ჩალისფერში გადადის, ხოლო მათ თავზე წინა ზამთრის თოვლშერჩენილი საუკუნოვანი მთები ადგანან. ახლა მე იმ ხედს ვუყურებ, რომელიც ხეობაში შესვლისას მისი ზედა ბოლო მარცხენა ნაწილი იყო. საოცარი ხედია, ნეტავ ტელეფონი არ იყოს დამჯდარი... მაინც უნდა გადავიღო. კადრში ისევ ვერაფერს ვატევ, ფოტო 2 წამში გადავიღე, ხედი 2 წუთი ვარჩიე.

ამ ნაკადულის მიტოვებაც მომიწია, რადგან სხვა მხარეს უხვევდა, მე კი გეზი კატიწვერას უღელტეხილისკენ უნდა დავიჭირო, რადგან ვიცი, ტბა მის მეორე მხარესაა.

საათი: 3:50, ბატარია - 14%, წყალი - ორი მესამედი

დამთავრდა, აღარ მაქვს ენერგია. ყველაფერზე ვიხოხე - მინდორზე, მდინარეზე, კლდეზე, ლოდებზე, ისევ მინდორზე და ახლა ისევ ლოდების თავზე ვდგავარ კლდის შუაში. ვდგავარ რა, ვწევარ, მაგრამ თითქმის ვდგავარ ისეთი დამრეცი უფსკრულია დაბლა. ჯოხზე ვჯავრობ, ცოტა ხნის წინ ჩემი დაუდევრობის და დაღლილობის გადამკიდე ისევ გადამიტყდა. ერთ-ერთი ლოდი იმდენად მაღლა იყო, ჯოხის ჩარჭობა და ზედ აზიდვა მომიწია. მეორე ხელის მოკიდება ძლივს მოვასწარი ზედა ლოდზე, გადატყდა და კინაღამ მეც დაბლა ჩამიტანა, მაგრამ მეორედ ჩავარჭე უფრო მაღლა და ამან გადამარჩინა. საქმეს ის მირთულებს, რომ ქვები მოძრაობენ და სანამ ახალ ლოდზე ავცოცდები, სათითაოდ მიწევს შემოწმება რომ არ გამოძრავდეს და მთელი ეს ლოდების ბუჩქი თავზე არ დამექცეს, ან უკან არ გადამაგდოს. ვწევარ ახლა და ვცდილობ ზურგჩანთიდან წყალი ისე ამოვიღო, არც ზურგჩანთა გადამივარდეს და არც მე დავცურდე. ისევ ფოტოს ვიღებ, ოღონდ ქვემოთ.

ფოტოს დავხედე და ამ ჩემს უფსკრულს, რაღაც უბრალო დაღმართად აღვიქვამ. მეცინება, ან რა მაცინებს, საცოდავად ვიკიდებ ისევ ამ ჩემს ზურგჩანთას მიწაზე გაწოლილი და ღონეს ვიკრებ გასაგრძელებლად. ზემოთაც ლამაზია, მაგრამ არც იმდენად, როგორც დაბლიდან ჩანდა. ნაკადულის კალაპოტიდან კატიწვერა მწვანეში ჩაფლული აღმართის ლოდებიანი ულამაზესი ბოლო იყო, ახლა კი მხოლოდ ლოდებიანი კლდეა, აქეთ იქით გადასასვლელებით, რომელსაც ვერა და ვერ მივუახლოვდი. მზე კი ჩადის, კატიწვერას გაღმა მხარისკენ მიიწევს!

საათი: 4:07, ბატარია - 13%, წყალი - ნახევარზე ნაკლები

ამოვაღწიე, უფრო სწორად ამოვფოფხდი. არ მეგონა, ასე სწრაფად თუ ამოვაღწევდი, რადგან ბოლო 150 მეტრი ჩავარდნის, არწივის და გზის არევის შიშში გავატარე. ტელეფონის ბატარია იმდენად დაჯდა, ნავიგატორი დიდი ხანია არ გამიხსნია, არადა, ორი გადასასვლელი ჩანდა ქედზე, რომელიც ჩემგან ზემოთ თანაბრად იყო დაშორებული. მე მარჯვენა ავირჩიე, ალბათ იმიტომ, რომ იქ რაღაც პატარა ქანდაკებასავით მინიშნება მოჩანდა. თავზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩიტები დამტრიალებდნენ და ვნატრობდი, არწივი არ ყოფილიყო რომელიმე. რამდენგანმე ისეთ ცუდ პოზიციაში ვიყავი, უბრალოდ მხარი რომ გაეკრა, თავისუფლად გადამაგდებდა, კატიწვერას კლდეში კი ბლომად ხვრელები იყო, საიდანაც ყოველი ჩემი მოძრაობის გაკონტროლება შეეძლო. მე სულ სხვა საზრუნავი მქონდა: ამ დღეს პირველად, დიდი მცდელობის მიუხედავად მზე დავკარგე, ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ყველანაერი გაგებით. ბოლო 100 მეტრი ჩრდილში და სიცივეში ვიხოხე, მაგრამ ჩაცმა არც მიფიქრია, რადგან ვერც ზურგჩანთას შევიხსნიდი და ვერც ქამარივით შემოკრულ ჩემს გადასაცმელს.

ზემოთ ამოსული მივხვდი, რა ქანდაკებასაც ვხედავდი ქვემოდან, ყველა აქამდე მოღწეულის მიერ დატოვებული, ერთმანეთზე დალაგებული ბრტყელი ქვების ხოხოლა იყო, ზედ წარწერებით. მეც, მაშინვე ვწვდი კატიწვერადან ჩამოყრილი ლოდების ერთ ნამსხვრევს და მეორე, უფრო მომცრო ნამსხვრევით მარტივად ამოვკაწრე ზედ ჩემი სახელი. ჩემი სიამაყის ხოხოლაზე ზემოდან დადება არ მომინდა, სადაც შუაში სიცარიელე ვნახე, იქ დავდე კოხტად, რომ შემდეგ სხვას ჩემსაზე დაედო თავისი და შემთხვევით არ გაეფუჭებინა ეს ხელოვნების ნიმუში.

საათი: 4:08, ბატარია - 10%, წყალი - ერთი მესამედი

ესეც ტბა. ვდგავარ ხელოვნების ნიმუშთან და გავცქერი ამ ერთი ბეწო, ლეგენდარულ, ბასეინის ხელა ცისფერ ტბას, რომლის სიღრმე დღემდე ვერ გაურკვევიათ.

ამაყი ვარ, ო როგორი ამაყი, მაგრამ არანაკლებ დაღლილი. მახსენდება გუშინდელი სიბრძნიდან, რომ ტბამდე მისვლას ერთი საათი კიდევ უნდა ცუდი რელიეფის და ნაშალი ლოდების გამო. მეცინება, ამ ხელის გაწვდენა მანძილს ერთი საათი რად უნდა თქო. ხედები კი ისევ მაოცებს, არა მამუნჯებს. სადაც არ უნდა გაიხედო მთებია - კლდე, თოვლი, თეთრი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ჩალისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი და უკიდეგანო სივრცეები ქედებს შორის, ქვემოთ კი ტბა, ტბის იქით ისევ შორი მანძილი და ხავერდოვანი ქედები. დგახარ და არ იცი როგორ მოიქცე. მზე კი ისევ შემომციცინებს. მეც ძვლები თანდათან მითბება და ვღიღინებ. აქ უკვე დიდხანს ვიქნებით მე და მზე ერთად, აქ ვერ დამეკარგება, რადგან მომდევნო ქედამდე სანამ მივა, მე სახლის გზაზე ვიქნები უკვე.

საათი: 4:18, ბატარია - 8%, წყალი - იგი

თეგები: #რაჭა #ლაშქრობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები