წმინდა გიორგის კულტი საქართველოში IV საუკუნიდან იღებს სათავეს და ეს შემთხვევითობა სულ არ არის.
ქრისტიან წმინდანთა შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ‘’არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზეც არ იდგეს წმ.გიორგის ეკლესია.’’ ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და რთულად მისასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებითაა მოხატული. Დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისცემა ერში ფართოდ გავრცელებული სახელით - გიორგითაც გამოიხატება.
წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი, ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან, აგრეთვე, დემონური ძალებისგან დახსნისათვის.
როგორ აღინიშნება გიორგობა საქართველოში ახლა და ძველად?
ჩვენს ქვეყანაში, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 23 ნოემბერსა და 6 მაისს. ნოემბრის გიორგობა, რომლის თარიღიც სულ მალე ახლოვდება, წმინდანის ბორბალზე წამების დღეა და მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება. სვეტიცხოველში კი, ყოველწლიურად, დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი საზეიმო ლიტურღია ტარდება.
ქართული რელიგიური დღესასწაულების უმრავლესობა წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში – გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში – ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში – ილორობა და სხვა. გიორგობას ხალხი ეკლესიას სამჯერ ან შვიდჯერ შემოუვლიდა ხოლმე. მგალობლების გუნდი კი დიდებას გალობდა. "ხატის მონები" თეთრ სამოსში, ყელზე მძიმე ჯაჭვით, ჩოქვით უვლიდენენ ეკლესიას და კედლებზე სანთელს ანთებდნენ. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
დღესდღეობით, შორის მუნიციპალიტეეტის გორისჯვრის ტაძარში, სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილობრივი მრევლი ჯერ კიდევ სწირავს ცხვრებისა და მამლის სახით შესაწირს. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლშეწირვის ტრადიცია წარმართობას და არა ქრისტონულ რელიგიას უკავშირდება.
ხალხურ ლეგენდის თანახმად, 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვაა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, წმინდანის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.
ვინ იყო დიდმოწამე გიორგი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი გახლდათ. წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის ლაშქარს ახალგაზრდა შეუერთდა და თავი განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს ის მხედართმთავარი გახდა. დიოკლეტიანემ თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. ბოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, სიკვდილით დასჯიდნენ. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. თუმცა, გიორგი კაპადოკიელს მოწამეობრივი სიკვდილი ერჩივნა ვიდრე ქრისტეს უარყოფა. გადმოცემის თანახმას, იგი ბორბალზე რომის იმპერატორმა სასტიკად აწამა. არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანი ლოცულობდა, თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა. წმინდა გიორგის 303 წელს, 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და ზეციური მხედარი.
წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში
წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. გადმოცემით, სწორედ წმინდა ნინოს დაუდგენია ეს დღე დღესასწაულად.
წმინდა გიორგის სახელზე არაერთი სასწაულმოქმედი ხატია შექმნილი, რომელებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი , შუბით ხელში, რომლიც გველშაპს კლავს, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო განმასახიერებელი და მფარველია. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის და ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში სიმბოლურად გამოისახება - თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვრით.
წმინდა გიორგის კულტრი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები სცემენ თაყვანს. მათ შორის, კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც მოიპოვება.
საქართველოს შრომის კოდექსით 23 ნოემბერი უქმე დღეა და მას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი