საქართველო მრავალი საკულტო თუ საეკლესიო დღესასწაულებით გამოირჩევა. ქართულ დღესასწაულებს უცვლელი სახით მთის ხალხი განსაკუთრებით ზეიმობს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია ლომისობაა, რომელზეც აუცილებლად გექნებათ გაგონილი; თუმცა შეიძლება არ იცოდეთ საიდან მოდის, როდის, როგორ და სად აღინიშნება.
საიდან მოდის ლომისობა?
ისტორიულ წყაროებში ლომისობა უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართულ სატაძრო დღესასწაულად მოიხსენიება. ლომისობის დღესასწაულს მთის გაქრისტიანებამდე, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით, მთიულეთში ჩაეყარა საფუძველი. მისი სახელი ძველ ღვთაება - ლომა ხარს უკავშირდება. შემდეგ კი, ლომისა მთვარის საკულტო ღვთაებას დაერქვა. ლეგენდის თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება გახლდათ. სწორედ აქედან გამომდინარე, წმინდა გიორგის როგორც ქრისტესთვის მეომარსა და მხედარს დაუკავშირდა, მას შემდეგ რაც მთა გაქრისტიანდა და მთვარის ღვთაების საკულტო ადგილას, მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა.
როდის აღინიშნება ლომისობა?
ლომისობის ჩატარების თარიღი დამოკიდებულია აღდგომაზე. ტრადიციული აღნიშვნით ლომისობა აღდგომიდან, მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართება ხოლმე.
როგორ აღინიშნება ლომისობა?
მთის დღესასწაულებიდან ერთ-ერთი გამორჩეული - ლომისობა უძველეს ქართულ სატაძრო დღესასწაულად ითვლება. ტრადიციულად, მხვერპლშეწრივის დაწყებამდე სარიტუალო პროცესის დაცვა აუცილებელია: მსხვერპლშეწირვამდე, მლოცველები ღამისთევით, საზეიმო წირვაზე დასასწრებად მიდიან. რიტუალი სამშაბათს იწყება. ლომისის ტაძრიდან თორმეტ მოციქულს ხატები, საწინაძღვრო ჯვარი და დროშა გამოაქვს. შემდეგ კი დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და მაცხოვრებლებს თავშეყრის ადგილისკენ მოუხმობს. დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ და მლოცველები მლეთიდან, ლომისის მთისკენ მიეშურებიან. მათ, ვისაც მსხვერპლის შეწირვა უნდა, საკლავით, ღვინითა და სანთლით მოდის. შემდეგ, მნათე ამ სანთლებით ცხვარს ორ ადგილას ბეწვს უტრუსავს. ყურის ქვეშ, მუცელთან და ისევ ყურის ქვეშვე. შემომწირველთ ლოცავს და იმ სათხოვარის ასრულებას უსურვებს, რომლითაც წმინდა გიორგის ტაძარში მოვიდნენ. ტაძრისკენ მსვლელობას კი გამთენიიდან უამრავი ადამიანი უერთდება. ტრადიციულად, დროშა მთაზე სიმღერით მიაქვთ.
სად აღინიშნება ლომისობა?
ლომისობის სატაძრო დღესასწაული ყოვეწლიურად ორ ლოკაციაზე იმართება: 1. არაგვისა და ქსნის ხეობაში; ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე; 2. სოფელ მლეთაში. ვინ მოთვლის რამდენი რამის მომსწრეა ლომისას მთაზე მდგომი წმინდა გიორგის ტაძარი. ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნაგებობა ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს და IX-X საუკუნით თარიღდება. მლოცველებისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
მრავალი საუკუნის განმავლობაში არა ერთი ადამიანი მისულა რწმენით, რომ თხოვნა აუსრულდებათ და წმინდა გიორგისთვის მსხვერპლი, უმეტესად - ცხვარი შეუწირავს. ტაძრამდე მისასვლელად სადაც ლომისობას ზეიმობენ, მლოცველები, 6 კმ-ს გადიან.
ლეგენდები ლომისობაზე
ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგიმ, ხორასნიდან 7000 ტყვე იხსნა და ხარის რქებზე დაბრძანებული მლეთას მთაზე დამკვიდრდა. ადგილობრივები მას ნაყოფიერებას, თვალის სინათლეს, მიწის მოსავალსა და საქონლის სიმრავლეს შესთხოვდნენ.
მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:
„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.
დღესდღეობით ლომისის სასწაულთმოქმედი ხატის ადგილმდებარეობა უცნობია. მისი ასლი ამჟამად მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.
ლომისობის დღესასწაულს ლეგენდის სხვა ვერსიაც აქვს და ლომისის სალოცავის კარს უკავშირდება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. ნადიმის დასრულებისთანავე, ყველა დაბრმავდა. მეთაური ღვთაება ლომისას შეევედრა, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალმა მადლობის ნიშნად ეს კარი შეაბა.
ტაძარში დღესაც ინახება საყელურიანი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამჯერ ლოცვით შემოუვლის
არსებობს ხალხური, მოარული ამბავიც: ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს, უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და ამ დროის შემდეგ, საზეიმო რიტუალში მონაწილე ოჯახები, დღესაც ცდილობენ მის ზედმიწევნით გამეორებას.
საზოგადოების დამოკიდებულება
ლომისობის დღესასწაულს როგორც ბევრი გამზიარებელი, ასევე მოწინააღმდეგეც ყავს. სწორედ მისი მსხვერპლშეწირვის რიტუალისდა გამო. განსაკუთრებით კი, ცხოველთა უფლებების დამცველებს შორის. სწორედ მსხვერპლშეწირვის ტრადიცია ქმნის ლომისობის სინთეზს ქრისტიანობასა და წარმართთა შორის. ამ ტრადიციის აღკვეთის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. საკლავის დაკვლის რიტუალი დღემდე სრულდება, თუმცა ტაძრისგან მოშორებით, ოდნავ შემაღლებულ ადგილას, მთის ქვეშ.
დღესასწაულის ტრადიციების მოწინააღმდეგეს თუ გამზიარებელს, ლომისობა არც ერთს სტუმარს ემოციის გარეშე არ ტოვებს და ერთხელ ნახვის შემდეგაც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ.
როგორ მოვხვდე ლომისობაზე?
ლომისობის მოძრავ დღესასწაულზე მოხვედრა სხვადასხვა სახის ტრანსპორტით შეიძლება. ყველაზე კომფორტული მანქანის ან მძღოლის დაქირავებაა, ასევე მლეთის მიმართულების ტრანსპორტი გადის დიდუბის ავტოსადგურიდან. ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება ერთდღიანი ტურები. მსურველებს წინასწარ გაწერილი გეგმას სთავაზობენ: მოინახულოთ ქვემო მლეთა, შემოგარენი, დატკბეთ ხადას ხეობის ხედებით და საფეხმავლო ბილიკით წმინდა გიორგის ლოცავისკენ გაიაროთ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი