თუ არ გყავთ საკუთარი ავტომობილი და მოგზაურობა გადაწყვიტეთ საქართველოს გარშემო, გადაადგილებისთვის თქვენი ყურადღება უნდა შეჩერდეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. იგი საუკეთესო და ხელმისაწვდომი საშუალებაა საქართველოს რეგიონებში სამოგზაუროდ. საქართველოს გააჩნია მრავალი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თუ რომლით ისარგებლებთ, დამოკიდებულია ფასზე, ტრანსპორტის კომფორტულობაზე, ხელმისაწვდომობასა და მის ტიპზე.
ქვემოთ განხილულია საქართველოში დღეს არსებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტიპები და მათი მახასიათებლები.
მიკროავტობუსი
იგი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტიპებიდან დღევანდელ საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. მიკროავტობუსმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა ავტობუსები რეგიონებში გადასაადგილებლად, რადგანაც იგი, ავტობუსებთან შედარებით, უფრო სწრაფია, დადის ხშირი ინტერვალებით და მას შეუძლია მიღწევა ისეთ ადგილებში, რომლებშიც ავტობუსები ვერ მიდიან. ამის გამო მგზავრთა უმეტესობა სწორედ ამ ტიპის ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას. მიკროავტობუსები დადიან საქართველოს თითქმის ყველა მიმართულებით.
თბილისში ძირითადი ავტოსადგურებია: დიდუბის, ორთაჭალის, ნავთლუღის და სადგურის მოედნის.
დიდუბის ავტოსადგურიდან გამსვლელი სამარშრუტო ტაქსების მარშრუტები მოიცავს მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს შიდა და ქვემო ქართლს, იმერეთს. აქედანვე გადის მიკროავტობუსები ბათუმის მიმართულებით.
ორთაჭალის სადგურიდან ძირითადი რეისები აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით ხორციელდება. ეს ეხება კახეთის რეგიონს, თუმცა აქვე არსებობს მიმართულებები სომხეთისკენ, აზერბაიჯანში, რუსეთისკენ და ა.შ.
ნავთლუღის ავტოსადგურიდან რეისები ძირითადად სრულდება კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში.
მიკროავტობუსები აგრეთვე დადიან სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. რეისები ძირითადად მოიცავს დასავლეთ საქართველოს, ძირითადად იგი ეხება სამეგრელოსა და გურიის რეგიონს, ასევე სამცხე-ჯავახეთის ზოგ მიმართულებას.
ავტობუსი
მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით მგზავრობა აღარაა პოპულარული, რეისები დღემდე სრულდება საქართველოს ძირითად ქალაქებს შორის. ავტობუსების რეისები ხშირ შემთხვევაში მოიცავს გრძელ მარშრუტებს. ისინი გადიან ზემოთ ჩამოთვლილი სადგურებიდან. საქართველოში ასევე არსებობს ავტობუსის კერძო მომსახურება, რომელსაც სხვადასხვა კომპანია უზრუნველყოფს.
“მინივენი”
ტრანსპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში რეგიონში გადასაადგილებლად. ამ სერვისს უზრუნველყოფს სხვადასხვა კერძო კომპანია. იგი უზრუნველყოფს ადამიანთა მცირე ჯგუფის, დაახლოებით 5-6 ადამიანის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას. ისინი გადიან როგორც დიდუბის, ისე ორთაჭალის ავტოსადგურებიდან, თუმცა “მინივენის” გასვლის საწყისი ადგილი შესაძლოა დამოკიდებული იყოს კომპანიაზე. ზოგიერთ კომპანია უზრუნველყოფს დამატებით სერვისებს (სახლში გამოძახება, სახლში მიყვანა და სხვ.). “მინივენები” გადაადგილდებიან ხშირი ინტერვალებით, რადგან მგზავრთა რაოდენობა, როგორც წესი, მალე ივსება. მგზავრობის ღირებულება აღემატება მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულებას, მაგრამ თუ თქვენთვის კომფორტული და სწრაფი მგზავრობა პრიორიტეტულია, მაშინ "მინივენის" გამოყენება თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება.
მატარებელი
ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ტრანსპორტი - მატარებელი - ძალიან პოპულარულია საქართველოში. საქართველოში მოძრაობს როგორც ჩქაროსნული, ისე საგარეუბნო ელ. მატარებლები და საერთაშორისო მატარებლები.
ჩქაროსნული მატარებლები აკავშირებს საქართველოს დიდ ქალაქებს და ზოგჯერ ჩერდება პატარა ქალაქების სადგურებში. მათ მიეკუთვნება ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის მატარებლები.
საგარეუბნო მატარებლები ე.წ. ელექტრიჩკები დადიან შედარებით მოკლე მარშრუტებზე და ემსახურებიან მუნიციპალური ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობას. დღევანდელი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ მატარებლების რეისთა უმეტესობა არ სრულდება.
რეისები ასევე სრულდება საერთაშორისოდაც. თბილისიდან ყოველდღიურად მატარებლები დადიან როგორც ერევნის, ისე ბაქოს მიმართულებით.
განრიგის, ბილეთებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ შეამოწმოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტაქსი
რეგიონში გადაადგილებისთვის ტაქსი შეგიძლიათ დაიტოვოთ ერთ-ერთ არჩევნად. როგორც წესი, ტაქსით მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სახეობისა. ამ საშუალებას უმეტესად ტურისტები იყენებენ, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სხვა სახეობების შესახებ და მათთვის უფრო იოლია ტაქსის დაქირავება.
საქართველოში ტაქსის მძღოლი შეიძლება იყოს ინდივიდუალური პირი ან იგი იყოს დაქირავებული კერძო კომპანიის მიერ. ინდივიდუალური მძღოლი თვითონ აწესებს გადაადგილების ტარიფს, რომელიც მან შეიძლება ხელოვნურად გაზარდოს. ეს ხდება ხშირად იმ შემთხვევებში, როცა მას საქმე აქვს არაინფორმირებულ ტურისტთან. ინდივიდუალური მძღოლი შეიძლება ასევე იყოს არაკომპეტენტური და არ იცნობდეს იმ მარშრუტს, რომელიც თქვენ სამოგზაუროდ გადაგიწყვეტიათ.
კერძო კომპანიებს, ძირითადად, აქვთ ფიქსირებული ტარიფი და მათი მომსახურება უფრო კომფორტულია. ბევრ მათგანს აქვს გამოძახების სერვისიც.
ტაქსით გადაადგილების დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თუ მარტო ან მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა გიყვართ და გსურთ, მაშინ დამატებითი თანხის გაღება და ტაქსის დაქირავება, ნამდვილად მოგანიჭებთ მარტო ან თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობის ბედნიერებას.
შიდა ფრენები
ტრანსპორტის ეს საშუალება ყველაზე არაპოპულარულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რასაც რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, საქართველო ფართობით არ წარმოადგენს დიდ ქვეყანას, რაც არ ქმნის შიდა ფრენების ინტენსივობის გაზრდის საჭიროებას. ასევე საქართველოს შიდა ბაზარი არაა დიდი და მხოლოდ რამდენიმე ავია კომპანია ოპერირებს. შიდა ფრენები სრულდება რამდენიმე მიმართულებით: ბათუმში, ნატახტარში, ამბროლაურში, მესტიაში, ქუთაისში, თბილისში. იგი ყველაზე სწრაფი ტრანსპორტის სახეობაა, შესაბამისად, ფასებიც მზარდია ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ტრანსპორტებთან შედარებით.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი