საქართველოს შემოვლა ავტომობილით ნებისმიერი დამსვენებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა, რადგან შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც მსხვილი ქალაქები და ღირსშესანიშნაობები, ასევე მიაღწიოთ ქვეყნის ყველაზე რთულად მისადგომ წერტილებში. მოცემული სტატიით გაგიზიარებთ ყველა იმ ინფორმაციასა და რჩევას, რაც უნდა იცოდეთ ავტომანქანით გადაადგილებისთვის საქართველოში.
რა გჭირდება იმისთვის, რომ შეძლო მანქანის ტარება საქართველოში?
იმისათვის, რომ ოფიციალურად შეძლოთ მანქანის ტარება, საჭიროა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორიის ფლობა, რომელიც ქვეკატეგორიებად იყოფა. ასევე მანქანის ტარება შესაძლებელია საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზეც. რაც შეეხება ასაკს, განსხვავებული კატეგორიის მოწმობისთვის განსხვავებული ასაკი არსებობს, მაგალითად, B კატეგორიის მართვის მოწმობის მიღება 17 წლის ან ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი: https://www.sa.gov.ge/s/driver-license
საავტომობილო გზები საქართველოში
ქვეყანაში არსებული გზების საერთო სიგრძე 7,000 კმ-ს აღწევს, რომელთაგან ნაწილი საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა. საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ქვემოთ წარმოდგენილია ის 13 საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომელიც კვეთს საქართველოს ტერიტორიას:
ს1 - თბილისი - სენაკი - ლესელიძე (552 კმ); ს2 - სენაკი - ფოთი - სარფი (119 კმ); ს3 - მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსი (139 კმ); ს4 - თბილისი - წითელი ხიდი (57 კმ); ს5 - თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხი (160 კმ); ს6 - თბილისი - მარნეული - გეგუთი (97 კმ); ს7 - მარნეული - სადახლო (34 კმ); ს8 - ხაშური - ახალციხე - ვალე (97 კმ); ს9 - თბილისის შემოვლითი (49 კმ); ს10 - გორი - ცხინვალი - გუფთა - ჯავა - როკი (94 კმ); ს11 - ახალციხე - ნინოწმინდა (110 კმ); ს12 - სამტრედია - ლანჩხუთი - გრიგოლეთი (57 კმ); ს13 - ახალქალაქი - კარწახი (36 კმ).
საგზაო მოძრაობის წესები
საქართველო შეერთებულია ყველა იმ ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტსა და ორგანიზაციას, რომელიც არეგულირებს ავტომობილთა გადაადგილებას. ევროპის ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, გარდა დიდი ბრიტანეთისა, საქართველოში მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნისაკენ მიემართება. გზებზე განთავსებულია საგზაო ნიშნები, რომლებიც გათვალისწინებულია „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, რომლის ხელმომწერი საქართველოც არის. საქართველოში მოქმედი საგზაო ნიშნები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე : https://www.sa.gov.ge/road-signs
გზებზე გადაადგილებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მასზე არსებული დაშვებები სიჩქარეებზე. კერძოდ, ქალაქის ტიპის დასახლებებში დაშვებულია ძირითადად 60 კმ/სთ სიჩქარე, თუმცა შეიძლება ქალაქის გარკვეულ ტიპებში არსებობდეს ნიშნები, რომლებიც მძღოლს შედარებით მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდეს. ქალაქგარეთ სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი 90 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო ავტობანზე იგი 110 კმ/სთ-ია. თუკი დაარღვიეთ და დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბეთ, ამის გამო პოლიცია არ გაგაჩერებთ დაჯარიმებისთვის. ამისთვის გზებზე დამონტაჟებულია შესაბამისი რადარები, რომელიც აფიქსირებს დარღვევას, იღებს ფოტოს და ასახავს ჯარიმას პოლიციის ბაზაში, რომლის შემდეგაც მძღოლი იღებს ქვითარს.
პარკინგი საქართველოში
პარკირების წესებიც რეგულირებულია საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, თუმცა საქართველოს ქალაქებში დაუორგანიზებელი საპარკინგე ადგილები და გადახდის სისტემა საქართველოს მრავალ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის. ამ მხრივ ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან გადადგმულ იქნა შესაბამისი ნაბიჯები, რათა პარკირების პრობლემები მაქსიმალურად აღმოფხვრილიყო. მაგალითად, არასწორი პარკირებისთვის საქართველოში პასუხისმგებელია არა პოლიციის სამსახური, არამედ სპეციალური პარკირების სამსახური, რომელიც ყველა ქალაქშია შექმნილი. აღნიშნულ სამსახურს მანქანის არასწორად დაპარკინგების გამო შეუძლია თქვენი ავტომობილი გაფრთხილების გარეშე სადგომზე გადაიყვანოს.
სიახლე იყო ქალაქ თბილისში ზონალური პარკირების შემოღება, რომლის მიზანიც საცობებისგან ქუჩების გაწმენდა იყო. მისით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაცია და გადახდის მეთოდები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://parking.tbilisi.gov.ge/
მანქანის პარკირებისას აუცილებლად გაგახსენდებათ ე.წ. „სტაიანშიკის“ პროფესია, რომელიც ავტომესადგომის, ავტოსადგომის მორიგის მოვალეობას ასრულებს. ისინი კვლავ მრავლად არიან წარმოდგენილი საქართველოს ქალაქებში, ამიტომ მანქანის პარკირებისას აუცილებელია თან გქონდეთ ნაღდი თანხა, რადგან მათთან გადახდა მხოლოდ ამ მეთოდით ხდება.
საწვავის ჩასხმა და მომსახურების ცენტრები გზებზე
საქართველოში მრავლადაა წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, რომლებიც ფლობენ ბენზინგასამართ სადგურებს. ავტომანქანით ქალაქში გადაადგილებისას არასდროს შეგექმნებათ საწვავის ჩასხმის პრობლემა, რადგან მათი რაოდენობა ყოველთვის საკმარისია. რაც შეეხება ქალაქგარე გზებზე მოგზაურობისას, გაითვალისწინეთ, რომ შიდა მნიშვნელობის გზებზე უფრო ნაკლები შანსია შემოგვხდეთ ბენზინგასამართი სადგური, ვიდრე საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, ამიტომ მოგზაურობის წინ ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანის ავზი სავსეა.
თუ თქვენ ელექტრომობილს ფლობთ, გეცოდინებათ, რომ დიდი ხანია არაა, რაც ქალაქ თბილისში გამოჩნდა ელექტრომობილების დასატენად განკუთვნილი პირველი სადგურები. მალე იგეგმება, რომ მსგავსი სადგურები უკვე რეგიონებშიც გაჩნდეს.
საქართველოში არ არის მრავლად წარმოდგენილი მომსახურების ცენტრები, რომლებიც გზის პირას მდებარეობს და აერთიანებს როგორც სავაჭრო დაწესებულებებს, ისე კვების ობიექტებს. ყველაზე ცნობილი ასეთი ცენტრი გორის გვირაბთან მდებარეობს.
ავტომობილის ტექდათვალიერება
2018 წლიდან საქართველოში შემოღებულია ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერება, რომლის მიზანია გაზარდოს საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოება, მოახდინოს ევროპული სტანდარტების ქართულ სინამდვილეში დანერგვა და შეამციროს გარემოზე მიყენებული ზიანი. კანონის მიღებიდან მალევე გაჩნდა შესაბამისი სერვისები, რომლებიც მოქალაქეებს ტექდათვალიერების მომსახურებას სთავაზობენ. განსხვავებული ტიპის ტრანსპორტს სხვადასხვა ინტენსივობით სჭირდება ტექდათვალიერება. ვადები შეგიძლიათ გადაამოწმოთ მოცემულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3877026?publication=0
ზოგადი რჩევები მძღოლებს
• ყოველთვის ატარეთ საჭირო საბუთები, რაც ადასტურებს, რომ თქვენ გაქვთ მოცემული ტიპის მანქანის ტიპის მართვის უფლება. ინციდენტის შემთხვევაში პოლიცია აუცილებლად მოგთხოვთ მის წარმოდგენას.
• დაიცავით მოძრაობის წესები - ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლები არ ემორჩილებიან არსებულ მოძრაობის წესებს, რაც იწვევს სხვა მძღოლების გაღიზიანებას და არღვევს სხვათა უფლებებს. ყოველთვის დაუთმეთ ქვეითს ზებრა გადასასვლელზე გადასვლისას, არასდროს დააპარკინგოთ შშმ პირთათვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილზე, არ გააჩეროთ მანქანა ტროტუარზე და არ შეუშალოთ ხელი ქვეითთა გადაადგილებას და ა.შ. მათი დაცვა ამაღლებს ჩვენს სამოქალაქო თვითშეგნებას.
• არ ატაროთ მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში - ეს ზრდის ავტოსაგზაო კატასტროფის რისკს, რითაც საფრთხეს უქმნით თქვენს, მანქანაში მჯდომ და სხვა მოქალაქეებს.
• ყოველთვის შეამოწმეთ ამინდი, თუ სამოგზაუროდ მთიან რეგიონში ან სტიქიურად აქტიურად ზონაში მიემგზავრებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან Facebook გვერდზე იმის შესახებ, თუ რომელი კონკრეტულ გზის მონაკვეთზე როგორი ტიპის ავტომანქანების გაადგილებაა დაშვებული.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი