დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
28 აგვისტო, 2018

სვანეთი მესტიისა და უშგულს მიღმა

ძალიან ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსელი ვიყავი და მთელი ენთუზიაზმით ვცდილობდი უფრო მეტი გამეგო ჩემი ქვეყნის რეგიონებზე, მათ ბუნებაზე, კულტურასა და ტრადიციებზე, ვიდრე ვიცოდი, ავირჩიე საგანი „საქართველოს გეოგრაფია – დასავლეთ საქართველოს მთიანეთი“, პირველივე ლექციაზე ლექტორმა ახსენა წინადადება „თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს“, რომელიც მე არასდროს გამეგო, თუმცა როგორც შემდეგში აღმოვაჩინე ძალზედ ბანალური ყოფილა და თითქმის ყველამ იცოდა. მაშინ გადავწყვიტე ვსტუმრებოდი ამ მხარეს, ნაცნობ – უცნობებისგან სხვადასხვა შეფასებები მესმოდა სვანეთზე: „ქართული შვეიცარია“ „ უდიდესი კულტურის მხარე“....

დადგა ზაფხული და ის დღე, როდესაც გადავწყვიტე წავსულიყავი სვანეთში, ამიტომაც ვაგროვებდი ინფორმაციას, თუ როგორ, სად და რა სანახაობები მენახა. როდესაც ნაცნობებს ვკითხე, თუ პირველრიგში რა მენახა სვანეთში? ყველამ ერთხმად მიპასუხა – რა თქმა უნდა, მესტია, ქორულდის ტბები,უშგული, უშგულის ლამარია, ენგურის სათავე, შდუგრის ჩანჩქერი, ჭალაადის მყინვარი და გულის უღელტეხილი. მეც ავდექი და დავუჯერე ნაცნობებს, წავედი სვანეთში და ჩემი შედგენილი სიიდან ყველააფერი ვნახე, არ დაგიმალავთ ძალიან მაგარი ემოციებით დავბრუნდი. „რა „ქართული შვეიცარია“, დაუდგეს სვანეთს ნებისმიერი ევროპული სამთო ქვეყანა“ – ვეუბნეოდი ყველას. შემდეგ ვესტუმრე ზამთარში, ვისრიალე ჰაწვალზე, ვჭამე ბევრი კუბდარი, დავლიე გემრიელი ვაშლის არაყი, ვიმგზავრე ვერტმფრენით, (სხვათაშორის მესტიაში აეროპორტია და თბილისიდან ფრენები ხორციელდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას) თბილისში დავბრუნდი ორმაგად აღფრთოვანებული და ბედნიერი იმით, რომ სვანეთში ნამყოფი ვიყავი ორჯერ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ორმაგად ვიცნობდი. ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ მომიწია სვანეთში წასვლა, ყოველჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ სვანეთი არის ამოუწურვადი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი. როგორც კი სამეგრელოს გასცდები და ნელ–ნელა ენგურის ხეობისკენ წახვალ, უფროდაუფრო მაღლა ადიხარ, ხეობა ვიწროვდება, აქეთ–იქიდან ალესილი კლდეები თავზე დაგყურებენ, მათ შორის ჯერ მდორედ და ზანტად მოიზლაზნება მდ.ენგური, აი სვანეთთან ახლოს კი ტემპს უჩქარებს და გიჟივით ეხეთქება უზარმაზარ კედლებად აღმართულ კლდეებს, რომლებზეც ხასხასა მწვანედ მოსჩანს ნაძვისა და ფიჭვის ხეები, ჰაერიც უფრო ხისტი ხდება, თბილისის სიცხეს თავდაღწეულს გსიამოვნებს კიდეც გრილი ჰაერი. მდინარის სიჩქარეს აყოლილი მანქანაც მიქრის ვიწრო, ბეტონის გზაზე, ალაგ–ალაგ კლდეში ნაკვეთ გვირაბებში ხვლიკივით გაძვრება, შენ კი ფანჯარაზე გაკრული,გაფართოებული თვალებით, ხარბად იყურები გარეთ, ყველაფერს აკვირდები, არ გინდა რამე გამოგეპაროს, აი უკვე ხაიშში ხარ, გაცდები და ჭუბერის ხეობის გადასახვევია, მერე ნასკრას ხეობა და ასე ნელ–ნელა უახლოვდები შენს სანატრელ მესტიას, ლატალიც უკან ჩამოიტოვე, შეხვალ მესტიაში და ის ადგილები, რაც გაიარე უბრალოდ ტრაფარეტებზე დარჩება, გგონია ესაა სვანეთი და მისი მთელი ღირსშესანიშნაობაო, გგონია მთელი სვანეთი ნანახი გაქვს, ტკბები ამ ფიქრებითა და ემოციებით იქამდე, სანამ არ გააცნობიერებ, რომ სვანეთი მარტო მესტია, უშგული და ბეჩოს თემი არაა, ეს რომ გააცნობიერო, საჭიროა საგულდაგულოდ, შემოიარო ხაიშიდან დაწყებული უშგულით დამთავრებული ყველა ადგილი, გასცდე ზუგდიდი–მესტიის ცენტრალური მაგისტრალზე არსებულ ტრაფარეტებს, შეხვიდე ყველა ხეობაში, მიხვიდე ყველა სოფელში დაელაპარაკო ყველა სვანს და ისინი გაგაცნობენ ნამდვილ სვანეთს.

ამდენი წელი დავდიოდი სვანეთში და არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ შევსულიყავი თუნდაც ჭუბერის ხეობაში, იქიდან შემეხედა ამ რეგიონისთვის. აი წელს, გვიან შემოდგომას მერგო პატივი და გავიცანი ჩემთვის სულ სხვანაირი სვანეთი, სვანეთი მესტიისა და უშგულის მიღმა. ამ სტატიაში მოგითხრობთ ჩემს შთაბეჭდილებებს ორ ხეობაზე ჭუბერი და ნასკრა.

პირველი რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ ეს ორი ხეობა მდებარეობს ერთმანეთის გვერდით, როდესაც თბილისიდან მიდიხარ, პირველი გხვდება ჭუბერის ხეობის გადასახვევი, შემდეგ მას მოსდევს ნასკრას ხეობა. იმდენად რამდენადაც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ, ამდენადვე განსხვავდებიან ვიზუალურად, რელიეფურად და ადამიანების ხასიათებითაც კი. ჭუბერისკენ როგორც კი გადაუხვევ ერთხანს გზა ვიწროა, კლდის ფერდს მიუყვება, ერთ მხარეს ჩქარი მთის მდინარეა,მეორე მხარეს თვალუწვდენელი სალი კლდეები, ცოტას გაივლი თუ არა, რადიკალურად იცვლება გარემო, ხეობა უფრო ფართე ხდება, აქეთ–იქიდან უზარმაზარი ხეებით შემოსილი მთის ფერდობები ჩნდება, გრუნტის გზას, ბეტონის გზა ცვლის, ნაგავს ვერსად დაინახავ, ჰაერი ისეთი სუფთა და გამჭვირვალე ხდება, როგორც ის გიჟმაჟი მდინარე, რომლის კალაპოტსაც მიუყვება სამანქანე გზა, სულ ცოტაც და ჭუბერის ცენტრში ხარ, ხიდს გადაივლი, სოფ. ქვემო მარღის გზას დაადგები და შეუყვები ბილიკს უფრო მაღლა და მაღლა, გზად ულამაზესი ფერებია, ბუნების ყველა ფერს მოუყრია ერთად თავი, ხასხასა წითელსა და ყვითელს აქა–იქ ერევა მუდამ მწვანე ფერი ნაძვების კოლონა, ისეთი სიჩუმეა და სიმშვიდე, სუნთქვის ხმაც კი ისმის, ცხვირში ნეშომპალისა და სიძველის სუნი გიღიტინებს, თვალებს აქეთ–იქით აცეცებ, ცდილობ ყველა წამი დაიჭირო, ყველა კადრი აღბეჭდო, რაც უფრო წინ მიდიხარ, ტყე უფრო მწვანე ხდება, აქ უკვე ყვითელი და წითელი ფერის ნაკლებობაა,ნაძვისა და ფიჭვის ტყე იწყება, ნამდვილი ზღაპრული ადგილია, თავი ფილმში გგონია, ელოდები როდის დაიძახებს რეჟისორი „მატოორ...“. მდინარის ხმაური გაფხიზლებს და რეალობაში გაბრუნებს, მოშორებით მწყემსების ქოხები მოსჩანს და მის ზემოთ დათოვლილი უთვირის უღელტეხილი. მწყემსის ქოხები ჰობიტების სახლებს ჰგავს მათ უკან გარემო ჯერ ოქროსფერია და ნელ–ნელა გადადის ვერცხლისფერში. წელიწადის ამ დროს მწყემსები უკვე ბარში არიან, ამიტომაც ქოხები ცარიელი დაგვხვდა. საღამოვდებოდა, გვიან შემოდგომის სუსხმა მთელს ტანში დამიარა და ძალიან გამიხარდა ქოხში დიდი სვანური ღუმელი რომ აღმოვაჩინე, მაშინვე გავაჩაღეთ ცეცხლი და ჩვენი ბედნიერებაც სრულყოფილი გახდა. მეორე დღეს ადრე გავაგრძელეთ გზა, ყველა ზარმაცობდა, არავის უნდოდა ამ ჯადოსნური ადგილის დატოვება, ცეცხლიც თავისი ჯადოსნური სითბოთი თავისკენ გვექაჩებოდა..... მედგრად დავუდექით გამოწვევებს და განვაგრძეთ გზა.... ერთი აღმართი შეუჩერებლად ავიარეთ, მერე მეორე და მალე უღელტეხილზე აღმოვჩნდით, უთვირის უღელტეხილი მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, სიმაღლე ზ.დ. 2714მ–ია. მზე უხვად გვაჯილდოებდა თავისი სიცოცხლით სავსე სხივებით, თოვლი მუხლამდე იყო და მზის სხივებზე ალმასის ნატეხებივით ბრწყინავდა, თუმცა არ გვციოდა, ცოტახანი დავტკბით ჭუბერის ხეობის ხედებით, რომელიც უღელტეხილიდან მთელი თავისი დიდებულებით მოჩანდა, განვაგრძეთ გზა და უკვე დავეშვით ნასკრას ხეობაში, გზად, იქვე უღელტეხილთან არის პატარა, ძალიან ლამაზი ტბა, რომელიც გარემოს ძალიან უხდება, ამ ტბაზე, ისევე როგორც თითქმის ყველა ტბაზე სვანეთში არსებობს ლეგენდა, რომ თუ ადამიაანი აქ იბანავებს, აუცილებლად საშინელი წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი დაიწყება... ისევე როგორც ჭუბერის ხეობისკენ, აქაც უამრავი მწყემსის ქოხი შეგვხვდა, რომლებიც ნამდვილად კარგი ღამისსათევი საშუალებაა, თანაც მათი მდებარეობა არის არაჩვეულებრივი, აქედან მოსჩანს მთლიანად სვანეთის კავკასიონი, ყველაზე ახლოს უშბაა (ოღონდ უკნიდან), შორს თეთნულდია, მათშორის კი უამრავი პატარა მწვერვალი, აქ მზის ამოსვლა არის სასწაული, უზარმაზარი ცეცხლის ბურთი აცისკროვნებს მთელს გარემოს, მწვერვალების შეთეთრებული ფერდები, მზის სხივებზე ტიტანების აბჯარივით ელავენ.

ქოხებს როგორც კი გაცდები, ალპური მდელოებით ეშვები სულ დაბლა და დაბლა ხეობისკენ. როგორც თავში ავღნიშნე ჭუბერის ხეობისგან განსხვავებით ნასკრას ხეობა უფრო ვიწროა, დაბურული, უზარმაზარი ხეების რიგებით სავსე ტყე მიუყვება მთლიანად ფერდზე დაშვებულ ვიწრო ხეობის მქონე მდინარეს, ალაგ–ალაგ მდინარე წყალვარდნებს აკეთებს, ისე დაბლა მიედინება, რომ ბილიკიდან ძლივს ამჩნევ წვრილად როგორ მიიკლაკნება ვერცხლისფერი ზოლი უზარმაზარი ხეების რიგებს შორის. ალპური მდელოები, როგორც კი სრულდება, მაშინვე იწყება ფართეფოთლოვანი ტყე, რომლის სუნს ჯერ კიდევ სანამ ბოლო დაღმართს ჩამოივლი, მანამდე გრძნობ. ბილიკი დაფარულია ყვითელი, გამხმარი ფოთლებით, რომლებიც ფეხის დადგმისას სასიამოვნოდ ხრაშუნებენ, ამ დროს უკვე მზე უკანასკნელ სხივებს ჩუქნის სამყაროს და ჰორიზონტი მოიისფერ–მოვარდიფერად ჰქონდა შეღებილი. ნელ–ნელა სინათლეს სიბნელე ანაცვლებდა, მაცოცხლებელ სითბოს სიცივე შეპარვოდა, ხეებს შორის აქა–იქ გამოკრთებოდა სინათლე და ბოლოს როცა უკვე გარემო სრულმა სიბნელემ მოიცვა, ჩვენ მასპინძლების სახლში თბილ–აგიზგიზებულ სვანურ ღუმელთან ვიჯექით, გემრიელ პიტნის ჩაის მივირთმევდით და დღის ემოციებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მინდა გითხრათ, გარდა იმისა რომ ამ ხეობაში განსაკუთრებული სილამაზის ადგილებია, განსაკუთრებული მასპინძლობაც იციან. გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ რა თქმა უნდა კუბდარი და თაშ’მჯაბი (ნასკრაში მას „შუშას“ უწოდებენ), ერთი ჭიქა ვაშლის არაყიც არ იქნება ურიგო.

ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ როდესაც გადაწყვეტთ სვანეთში მოგზაურობას, არ დაგავიწყდეთ – „სვანეთი მარტო მესტია და უშგული არ არის, ნახეთ მის მიღმა, უფრო ლამაზი, უფრო მდიდარი, უფრო საინტერესო და თავიდან აღმოსაჩენი სვანეთი.

თეგები: #სვანეთი #ჭუბერი #მესტია #ბეჩო #ლატალი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი