ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია 111 ჰექტარზე და დაარსებულია 1912 წელს. ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაპი. ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეა. ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც.
დენდროფლორა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა.
მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები: პოდოკარპუსი ტოტარა, ანდერსონის ვერონიკა, სამხრეთ კორდილინე, ჰიმალაური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში, პალმისები ნეკერჩხლის 20 ფორმა, მაგნოლიის 15 სახეობა და ფორმა.
იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია, მეტასექვოია, სწრაფმზარდი ფოთოლმცვივანი მუხები, მექსიკური ფიჭვები, ჩრდილოეთ ამერიკული და მექსიკური ტაქსოდიუმი, მრავალი სახეობის კაქტუსი, სამხრეთ ამერიკის მანიჰოტი და სხვა.
აქვეა კავკასიური კერძოდ კოლხეთის მესამეული პერიოდის რელიქტები: უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, ხეწყავი, წყავმაზა, პონტოური მუხა და სხვა. კარგად არის დაცული უძველესი პერიოდის კოლხური ტიპის ტყე.
ისტორია
1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა. ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოგზაური პავლე ტატარინოვი, რომელმაც ბათუმის სანაპიროზე, 1892 წელს, 10 ჰა ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც დღეს ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაედო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს. ბაღის განაშენიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს თანამემამულეს იასონ გორდეზიანს.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღი სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიური ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანი კერაა. მას კავშირი აქვს 140-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღთან, უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, რომლებთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ბოლო პერიოდში ბაღმა განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი და საქმიანი შეხვედრა.
ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მდიდარი საჰერბარიუმო ფონდით და სამეცნიერო ბიბლიოთეკით. ბაღი გამოსცემს სხვადასხვა სამეცნიერო, პრაქტიკული, მეთოდოლოგიური და შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურას და გაზეთ „ბოტანიკურ ბაღს“.
2012 წელს ბაღის ასწლოვანი იუბილე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც 2013 წლის მაისში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით დასრულდა.
ბაღის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია რამდენიმე გზით:
- ''მწვანე კონცხის'' მხრიდან (მთავარი შემოსასვლელი);
- ჩაქვის მხრიდან;
- ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (უღელტეხილის) მხრიდან.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHow much is the ticket?
Hello, for the prices and additional information please contact Batumi Botanical Garden : 0 422 27 00 33
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით რამდენ კილომეტრშია ბათუმიდან?
მოგესალმებით, ბათუმიდან 12 კილომეტრში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი 💜
მადლობა.
gtxovt mitxarit tu ra daculi mcenareebi gaqvt darguli botanikur bayshi
მოგესალმებით, ბოტანიკურ ბაღს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე : 0 422 27 00 33
გამარჯობა, ბოტანიკურ ბაღში შესვლის ღირებულება რა იქნება ორ ქართველ 47 და 14 წლის მოქალაქეზე?
გამარჯობა, ზრდასრული ადამიანისთვის შესვლა 8 ლარი ღირს, ხოლო სკოლის მოსწავლისთვის 1 ლარი.