დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ ჩვენი ქვეყნის საოცარ ადგილებში. თუ ამ ადგილის ფოტოებს ინტერნეტში მოძებნით აღმოაჩენთ, რომ თითქმის ყველა ფოტოზე ერთი ადგილია აღბეჭდილი, სადაც კლდეზე მოედინება წყალი და ულამაზეს სანახაობას ქმნის. არადა რეალურად დაშბაშის კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს. ჩნდება კითხვა, ნუთუ მხოლოდ ეს ადგილია სანახავი 8 კილომეტრის მანძილზე? პასუხი არის არა, მაგრამ 99% მხოლოდ ამ ადგილის სანახავად მიდის, რადგან დანარჩენი ლამაზი ადგილები ცოტა რთული მისაღწევია და დიდად არ გამოირჩევა სილამაზით, ასე ვთქვათ მსგავს ადგილებს სხვაგანაც ნახავთ საქართველოში. თუმცა ეს მხოლოდ მათი აზრია ვინც ბუნებაში მხოლოდ ფოტოების გადასაღებად დადის. თუ თავგადასვლების მაძიებელი ბრძანდებით, მაშინ უამრავ საინტერესო ადგილს ნახავთ  მდინარე ხრამის ხეობაში, დაშბაშის კანიონიც ხომ ამ ხეობაში მდებარეობს.

მდინარე ხრამის ხეობაში, გარდა ამ ლამაზი ადგილისა ვხვდებით უნიკალურ ლანდშაფტს ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით მდიდარს. მის ფერდობებზე გვხვდება უამრავი ჩანჩქერი თუ მიწისქვეშა წყლების გამოსასვლელი. აქვე არის როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები. 

ხოლო თუ თქვენ მხოლოდ ამ თვალწარმტაცი ადგილით ხართ დაინტერესებული მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივია. საფეხმავლო ბილიკი იწყება სოფელ დაშბაშთან, რომელიც მდებარეობს წალკის მახლობლად. სამანქანო გზა დედაქალაქიდან სულ 107 კილომეტრია და მის გავლას საშუალოდ 2 საათი სჭირდება. ფეხით გასავლელი მანძილი სულ 1.5 კილომეტრია, ორივე გზა - 3 კილომეტრი. თუმცა გარემო იმდენად ლამაზია, რომ დაღლას ვერ მოასწრებთ. სხვა სალაშქრო ბილიკებისგან განსხვავებით ამ ბილიკის საწყისი წერტილი უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან ვიდრე საბოლოო წერტილი. ანუ თავიდან მოგიწევთ დაღმართში სიარული, ხოლო უკან დაბრუნებისას აღმართში ამოსვლა. სიმაღლეთა სხვაობა დაახლოებით 150 მეტრია. ორივე გზის გავლას საშუალო დონის მოლაშქრისთვის 1 - 1.5 სთ სჭირდება. 

კანიონში გადაადგილებისას მდინარის კვეთა არ გიწევთ, შესაბამისად არ დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა, თუმცა თუ ფოტოს გადასაღებად კლდის ძირში მისვლას მოისურვებთ, შეიძლება მდინარეში ჩავარდეთ და ფეხი დაისველოთ, ამიტომ სასურველია თან იქონიოთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რომელსაც სულაც მანქანაში დატოვებთ და უკან დაბრუნების შემდეგ ჩაიცვამთ.

ასევე სოფელ დაშბაშთან ახლოს მდებარეობს ულამაზესი ტყე, სადაც ყველა გამვლელს მოუნდება პიკნიკი გამართოს, თუმცა არ დაგავიწყდეთ ნაგვის წამოღება, ნუ დავაბინძურებთ ამ ულამაზეს ადგილს! აქ სხვის დატოვებულ ნაგავსაც იშვიათად შეხვდებით, მაგრამ თუ რამეს ნახავთ, ნუ დაიზარებთ, მოათავსეთ ცელოფნის პარკში და წამოიღეთ საკუთარ ნაგავთან ერთად. გახსოვდეთ, ჩვენს ქვეყანას და ბუნების ძეგლებს პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ!