მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში. აშენებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ, რომელიც ბერძენი იმპერატორი რომან არგირის ძმისშვილი იყო.
ისტორია
კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.
კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“; 1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა; კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; კაცხის მონასტერშივე გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია. ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
არქიტექტურა
ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ინტერიერის გეგმა წრიულია, ტაძარს თორმეტი ფანჯარა ანათებს.
ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).
ტაძრის კანკელის ფრაგმენტები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა