ჭიათურა იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი ყურადღებას იქცევს უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. რაიონის ტერიტორია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეშია აღმოჩენილი მსოფლიოში ყველაზე ძველი ძაფის ნაშთები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოტიას მღვიმეში, პირველად კავკასიის არქეოლოგის ისტორიაში აღმოაჩინეს პალეოლითელი ადამიანის მთლიანი ჩონჩხი. ჭიათურა დასახლებული ყოფილა ბრინჯაოს ხანასა და ანტიკურ პერიოდშიც. იგი განვითარებული ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც მრავლად შემორჩენილი ციხე-სიმაგრეები და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტაძრები მეტყველებს. დღესდღეობით ჭიათურა განვითარებული მუნიციპალიტეტია, რომლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დრამატული თეატრი, სპორტული და სახელოვნებო სასწავლებლები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარ როლს ასრულებს მრეწველობა, კერძოდ მანგანუმის მადნის მოპოვება-გამდიდრება. ჭიათურას ასევე დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ბუნების სილამაზე და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. საოცარი კარსტული მღვიმეები, ხეობები, უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები უამრავ მნახველს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
გეოგრაფია
ჭიათურის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარე ყვირილის აუზში. იგი ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას მოიცავს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა. რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით საჩხერე ესაზღვრება, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ხარაგაული, ზესტაფონი და თერჯოლა, დასავლეთით - ტყიბული, ჩრდილო-დასავლეთით კი - ამბროლაური. ჭიათურის ტერიტორია მდიდარია შიგა წყლებით, მთავარი მდინარეა ყვირილა. რაიონის სტრუქტურული პლატოს ფარგლებში ტყე განადგურებულია და მცენარეულობა მეორეული წარმოშობისაა. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კი სახნავ-სათეს ფართობებს უჭირავს. ტყის ძირითადი კორომები რაჭისა და ლიხის ქედების კალთებზეა შემონახული. აქაურ ტყეებში გვხვდება: წიფელი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და ა.შ. ჭიათურის ტერიტორიაზე გავრცელებულია: კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, დათვი, მელა, მგელი, ტყის კატა, კურდღელი, ფოცხვერი, ბულბული, ჩხიკვი, ოფოფი და სხვა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით. ჰაერის სშუალო წლიური ტემპერატურაა 10-14 °C, იანვრისა - 1,4-4 °C, ივლისისა კი - 22-24 °C.
რა ვნახოთ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. რაიონში გვხვდება მცირე ზომის ტბები და ჩანჩქერები, რომლებიც შესანიშნავია პიკნიკისთვის, მცირე გასვლებისთვის, თუმცა იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მღვიმეებით იქცევს. ულამაზესი მღვიმეები საოცარი ნაღვენთი ფორმებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ჭიათურაში მდებარეობს ცნობილი ბუნების ძეგლი - კაცხის სვეტი, რომელიც ამავდროულად კულტურულ ძეგლსაც წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათგან განსაკუთრებით გამოირჩევა საინტერესო არქიტექტურის მქონე კაცხის ტაძარი და შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული, კლდის ქვაბულში მოქცეული მღვიმევის მონასტერი. ჭიათურაში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც რაიონის ტერიტორიაზე გამოვლენილი მრავალფეროვანი მასალაა დაცული. აქ წარმოდგენილი სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ჭურჭელი, სამკაული, ნუმიზმატური ნიმუშები თუ სხვა საინტერესო ექსპონატები მოიცავენ პერიოდს ქვის ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. ჭიათურა ერთ-ერთი მიმზიდველი და მრავალფეროვანი რაიონია, ის საინტერესოა როგორც ბუნების მოყვარულთათვის, ასევე კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა