მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად, იმერეთის მხარეში. მონასტერი მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესავალში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია, ხოლო წინათ იგი გრძელდებოდა დასავლეთით და სპეციალურ მისასვლელს წარმოადგენდა მწკრივად განლაგებულ გამოქვაბულამდე.
სამონასტრო კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: მაცხოვრის სახელობის ორნავიანი ბაზილიკა, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები.
მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.
მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა