ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად).
ციხე აგებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ისტორია
ქვეშის ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო VII ს. „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. XII ს. ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქტობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე და ქვემო ქართლის კიდევ ორი ციხესიმაგრე - ორბეთი და კაენი, საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს და მის შვილს. მაგრამ 1191 წელს ვარდან დადიანი ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა თამარ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას გიორგი რუსის სასიკეთოდ და ამით განიპირობა კიდეც აღნიშნული ციხის დაკარგვა. ამის შემდგომ თამარ მეფემ ქვეშის ციხე თავის მომხრე და ერთგულ თორელთა საგვარეულოს საგამგებლოდ გადასცა.
ამიერიდან ქვეშელებად იწოდებოდათორელთა ის განშტოება, რომელიც ამ ციხეს ფლობდა. ასეთები იყვნენ სწორედ ჯავახიშვილები, რომელთაც 1468 წ. მეფე ბაგრატ VI-ისაგან გამოუსყიდიათ ქვეშის ციხე. ამ გამოსყიდვის სიგელით ვიგებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეში ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ალბათ, ამას ხელს უწყობდა აქ გამავალი საბაჭრო გზებიც, რომლის გამოისობით ქვეში ერთგვარი საბაჟო პუნქტიც ყოფილა. მაგრამ ჯავახიშვილების ხელში ციხე დიდხანს არ დარჩენილა. კონსტანტინე II გამეფების შემდეგ, ქართლში დაწინაურებას იწყებს ბარათაშვილთა საგვარეულო, რომლებიც მეფესაც უმოყვრდებიან და როგორც ჩანს, ქვეშიც სწორედ ამ დროიდან ხდება მათი საგამგებლო. ყოველ შემთხვევაში, 1486 წელს იაყუბ ყაენის საქართველოში ლაშქრობის დროს სწორედ ბარათაშვილები გამოდიან დმანისისა და ქვეშის ხევების დაცვაზე პასუხისმგებლები.
ქვეში მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრედ რჩებოდა XVI ს. ბოლოსთვისაც, რაზეც მიანიშნებს მისი არჩევა ქართლის მეფის ძირითად რეზიდენციად. XVII-XVIII სს. ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული. XVIII ს.40-იან წლებში ციხეში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა მსახურთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა. XVIII ს. ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და გაპარტახდა. შესაბამისად, ქვეშის ციხეც დაცარიელდა. XIX ს. დასაწყისში იგი უკვე რუსების ხელშია. მაგალითად, 1812 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყების დროს ქვეშის ციხეში კავკასიის მთავარმმართებლის ტორმასოვის ჯარის ნაწილი იდგა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა