მარტოტის ტბა - მდებარეობს კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ქედზე, ზღვის დონიდან 2830 მეტრზე, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლთან ახლოს.
მარშრუტი არის კომბინირებული და შესაძლებელია სხვადასხვა ტრანსპორტის კომბინაციით ტბამდე მისასვლელი გზის შემოკლება. მარშრუტის იწყება ლაგოდეხი ყვარელის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან და სოფელი უზუნთალას გავლით შედის მდინარე კაბალის ხეობაში. სანამ გზა მარჯვნივ მოუხვევს და მთის ფერდობს აუყვება გზის მარჯვენა მხარეს შეგხვდებათ სასაზღვრო პოლიციის შენობა.
მარტოტის ტბა საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს და აუცილებელია საშვების აღება.
მას შემდეგ რაც საშვებს აიღებთ აუყვებით მთის ფერდობს და მიდიხართ პირველ საზაფხულო ფერმებამდე. პირველ საზაფხულო ფერმამდე მისვა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს უგზოობისთვის მომზადებული ყველგანმავალი ან 2-3 ხიდიანი სატვირთო. ტრანსპორტით შესაძლებელია 16 კმ-ის გავლა და სიმაღლეში ადიხართ ზღვის დონიდან 1670 მერტზე.
მას შემდეგ რაც დაფარავთ საავტომობილო გზის მონაკვეთს მარშრუტი მიუყვება ბილიკს. ბილიკი კარგად ჩანს და შესაძლებელია ცხენით გადაადგილება. ბილიკით ერთი მხარეს გასავლელი გაქვთ 9კმ და სიმაღლეში გიწევთ 1190 მეტრის აწევა.
ბილიკი მთელი მარშრუტის განმავლობაში განებივრებთ პანორამული ხედებით ალაზნის ველსა და მეზობელ ხეობებზე. ბილიკის ორივე მხარეს დაინახავთ მწყემსების ბინებს, თუმცა დღის განმავლობაში ფარა ბინიდან შორს არის და ძაღლების პრობლემა არ გექნებათ. რუკაზე დატანილი პირველი საბანაკე ადგილი მწყემსის ბინასთან ახლოს არის და საღამოს შეიძლება ძაღლების წყრომაც კი გამოიწვიოთ თუმცა საბანაკე ადგილი შედარებით შორს არის და ადრე თუ გვიან ყეფას შეწყვეტენ. შეგიძლიათ გზა გააგრძელოთ და ნახევარი საათის სიარულის შემდეგ მიადგებით მესაზღვრეებს და მათ ახლოს შეძლებთ დაბანაკებას. მესაზღვრეებთან მწყემსის ძაღლები არ შეგაწუხებენ. ტბასთან დაბანაკება არ შეიძლება. მეორე დღეს შეგიძლიათ ესტუმროთ ტბას და დატკბეთ მისი სილამაზით.
წყალი:
• პირველ საზაფხულო ფერმასთან (მონიშნულია რუკაზე);
• არ მისული მსხალგორთან ბილიკის მარცხნივ არის მწყემსების ბინა, სადაც მოდის წყალი (მონიშნულია რუკაზე);
• პირველ საბანაკესთან(მონიშნულია რუკაზე);
• ტბასთან მოდის წყალი.
უკან იგივე გზით გიწევთ დაბრუნება.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა