მრავალწყაროს მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვართან. იგი IX-XI საუკუნეების კლდეში ნაკვეთი კომპლექსია. თავიდან მას თეთრ სენაკებს უწოდებდნენ, მომდევნო ეტაპზე კი მონასტერთან არსებული წყაროების გამო მრავალწყარო უწოდეს. კომპლექსი ხუთ ეკლესიას მოიცავს, რომლებიც ორ იარუსადაა გამოკვეთილი მთის სამხრეთ ფერდზე. ეკლესიათაგან ერთ-ერთს სრულიად უნიკალური - სამი ცილინდრის მიმდევრობისაგან შედგენილი გუმბათი აქვს. კომპლექსში შემორჩენილია ფრესკები, ნაკაწრი წარწერები და უნიკალური ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული მეომრების ლაშქარია გამოსახული. წარწერათაგან აღსანიშნავია გარეჯის უძველესი თარიღიანი წარწერა - 851 წლის 8 სექტემბრისა. მონასტერთან ახლოს ლოდების მშრალი წყობით აგებული გალავნის კედელი ჩანს. ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის ეს კედელი წინარექრისტიანული პერიოდისაა თუ შუასაუკუნეებისა. მრავალწყაროს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და ღირსშესანიშნავი ძეგლია.
არქიტექტურა
მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი ხუთ ტაძარს მოიცავს. პირველი ეკლესია დარბაზულია და კომპლექსის დასავლეთ კიდეში, ქვედა იარუსზეა გამოკვეთილი. მას სამხრეთით ეკვდერი აქვს, რომლის დიდი ნაწილიც აჟამად ჩამოშლილია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. მხრებზე აფსიდის კონქის საყრდენი თაღია დაბჯენილი. ტაძარი და ეკვდერი შელესილია. ეკლესიის დასავლეთ კედელსა და ჩრდილოეთ კედელზე ნაკაწრი გამოსახულებებია: ცხენების, მხედრების, მეომრების, პილიგრიმების. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკვდერის აფსიდაში შესრულებული ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული ლაშქარია მოცემული. ფიგურებს შორის ნუსხური ნაკაწრი წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძარი მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ თაღის ამყოლებზეა ფრაგმენტები შემორჩენილი.
მეორე ეკლესია გუმბათოვანია და დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზე მდებარეობს. ნაგებობა თავისუფალი ჯვრის ტიპისაა. ყველაზე ღრმა აღმოსავლეთის მკლავი - აფსიდაა. სამხრეთ მკლავში ტაძარში შესასვლელი ორი სწორკუთხა ღიობია. გუმბათი სამ საფეხურიანი ცილინდრის ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ცრუ ტრომპებითაა იმიტირებული. ტაძარი გაჯითაა გალესილი. ეკლესია ნაწილობრივ ნაშალითაა ამოვსებული.
მესამე ნაგებობა სამლოცველოა. იგი გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზეა გამოკვეთილი. სამლოცველოს სამხრეთის კედელში სწორკუთხა შესასვლელი ღიობია. დასავლეთით კედელში მცირე ზომის თაღოვანი ნიშაა, აღმოსავლეთით კი თაღოვანი სარკმელი. ნაგებობის აფსიდი მხრებითა და თაღითაა გამოყოფილი დარბაზისგან. სამლოცველოს ჩრდილოეთიდან მცირე ქვაბული ეკვრის.
მეოთხე ქვაბული აღწერილი ეკლესიების აღმოსავლეთით, სულ ზევით მდებარეობს. მასში შესვლა ამჟამად შეუძლებელია.
კომპლექსის აღმოსავლეთ კიდეში, ზედა იარუსზე მეხუთე ნაგებობა - ღვთისმშობლის სამლოცველოა გამოკვეთილი. ეკლესიას სამხრეთ კედელში თაღოვანი კარი აქვს. შესასვლელის აღმოსავლეთით ასევე თაღოვანი მოყვანილობის სარკმელია. ტაძრის აფსიდს ნაგები ეკლესიის აფსიდის ყველა მახასიათებელი აქვს: ნახევარწრიულობა, კონქით დაბოლოება, დარბაზისგან მხრებით გამოყოფა და სატრიუმფო თაღი. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა IX საუკუნით თარიღდება. საკურთხეველში მხოლოდ ქვედა რეგისტრის წითელი ზოლი და ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის სილუეტი განირჩევა. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთი მკლავის მოხატულობა: მთელს სიმაღლეზე მოცემულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით. ფრესკებზე ასევე გვხვდება წმინდა დედების გამოსახულებები და დიდებულთა პორტრეტები. ტაძრის კედლებზე 70-მდე ლაპიდარული წარწერაა შესრულებული. მათგან ყველაზე ადრეული IX საუკუნეს მიეკუთვნება. წარწერებს შორისაა გარეჯის უძველესი თარიღიანი წარწერა - 851 წ. 8 სექტემბრისა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა