მზოვრეთი (მძოვრეთი) - ციხე-დარბაზი, ნაქალაქარი და სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთუბანში, მდინარე ძამის ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს. სახელწოდება “ზოვრეთი” (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა “საზუერედან” (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.
კომპლექსი დღესდღეობით განახლებულია, ტერიტორიაზე 3 მოქმედი ტაძარია, ასევე ფუნქციონირებს ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერი, ბიბლიოთეკა და აქ მოღვაწე მამების მიერ გაშენებულია ნამდვილი წალკოტი.
არქიტექტურა
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, სამრეკლო კოშკი, ციხე-დარბაზი. სასახლისაგან (გრძელი სწორკუთხა შენობა) და რამდენიმე საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობისაგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.
ეკლესია დარბაზულია, დგას გალავნის შიგნით, აღმოსავლეთით. თარიღდება XVII საუკუნის დასაწყისით. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც კედლის წყვილ პილასტრებზე დამყარებულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი გამოყოფილია გვიანდელი მასიური კანკელით, რომლის აღსავლის კარის გვერდებზე თითო ნიშია. ინტერიერი შელესილია. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.
სამსართულიანი სამრეკლო მიშენებულია ეკლესიის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკლო. თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით. ძირითადად ნაგებია რიყის ქვით. ქვედა ნაწილში გამოყენებულია თლილი ქვაც, ინტერიერში - აგური. პირველი სართული - კარიბჭე სამი მხრით ღია თაღებითაა გახსნილი და გადახურულია დამჯდარი კამარით. მეორე სართული მცველის საცხოვრებელია და აღჭურვილია სათავდაცვო ელემენტებით. კარი სამხრეთითაა. ამ სართულზე ასვლა მისადგმელი ხის კიბით შეიძლება. აღმოსავლეთის კედელი ეკლესიას ესაზღვრება. დანარჩენ სამ კედელში სათოფურებია. მესამე სართულსაც კამაროვანი გადახურვა აქვს. იგი ოთხივე მხარეს გახსნილია განიერი ნახევარწრიული თაღებით და ზარების დასაკიდ ფანჩატურს წარმოადგენს. მესამე სართულის თაღების დონეზე შენობის კვადრატული გარემოხაზულობა ოდნავ ვიწროვდება, გადადის რვაწახნაგაზე და რვაგვერდა პირამიდით მთავრდება.
კოშკი მდებარეობს ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. თარიღდება XVII საუკუნის დასაწყისით. იგი შვიდსართულიანია, პირამიდული, ნაგებია რიყის ქვით. ინტერიერში გამოყენებულია აგური. შესასვლელი ორი აქეს - ჩრდილოეთიდან (პირველ სართულზე) და სამხრეთიდან (მესამე სართულზე). კოშკი ფერდობზე დგას და ორივე კარი მიწის ზედაპირს უსწორდება. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორე სართულს ერთი სარკმელი აქეს და მის კედელში იწყება კიბე, რომელიც ბოლო სართულამდე ადის. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონდა. დანარჩენი სართულები ხის ოდნავ შეისრული კამარით იუო გადახურული. III სართულს მხოლოდ ერთი სათოფური აქვს. IV სართულის კედლებში სათოფურები და ბუხარია, V-ზე — ცალმაგი და ორმაგი სათოფურები, VI-ზე სათოფურები და ბუხარი. V და VI სართულებზე გადმოკიდებული საპირფარეშოებია. VII სართული ოთხივე მხარეს თაღებით იყო გახსნილი.
გასამაგრებლად კოშკის სამ კედელზე მიშენებულია ნახევარწრიული კონტრფორსები. კოშკზე ჩრდილოეთის მხრიდან საცხოვრებელი სახლია მიდგმული.
ისტორია
მზოვრეთის ციხე-დარბაზის აგება უშუალოდ დაკავშირებულია XVII საუკუნის დასაწყისში ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მძოვრეთში (ზოვრეთი) გადმოტანასთან. მძოვრეთი ხეობაში, სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებულ ადგილას მდებარეობდა.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.
2008 წლის 20 მაისს ზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა. გთხოვთ მიპასუხოთ, სამარშუტო ტაქსით რამდენად ახლოს შევძლებთ მონასტრამდე მისვლას ? რა მანაძილი იქნება ფეხით გასავლელი ?
გამარჯობა კითხვა მაქვს და ვის მივმართო?
am shekitxvas pasuxs ver madzleven
mogesamlebit ragac shekitxva maqvs tqventan
სალამი, მოგვწერეთ.