რუხის ციხე სამეგრელოში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარეობს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იგი ლევან II დადიანმა ააგო 1647 წელს. რუხის ციხე გვიან შუა საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი და კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. სიმაგრის დაცულობას ხელს უწყობდა მისი მდებარეობაც. ციხე-ქალაქის დაარსების მთავრი მიზანი სამეგრელოში ვაჭრობის განვითარება და ქვეყანაში ოსმალების წინააღმდეგ ძლიერი სიმაგრის არსებობა იყო. ისტორიულ წყაროებში შემონახულია რამდენიმე ცნობა რუხის ციხესთან გამართული ბრძოლების შესახებ. ჟან შარდენის ცნობით, 1672 წელს, როცა ოსმალები სამეგრელოში შეიჭრნენ, მთავარი ლევან III დადიანი რუხის ციხეში გამაგრდა. ოსმალებმა ციხეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ არტილერიის უქონლობის გამო ციხე ვერ აიღეს და უკან გაბრუნდნენ მრავალ ტყვესთან ერთად. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით 1725 წელს ოსმალებს რუხის ციხე დაუნგრევიათ, თუმცა იგი მალევე განუახლებიათ. 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გენერალმა ტოტლებენმა, ქართველი მეფე-მთავრების დამხარებით, რუხის ციხიდან ოსმალები განდევნა. ციხემ თავისი მნიშვნელობა XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგა. რუხის ციხე მასშტაბური ნაგებობაა, მაქსიმალური შიდა სიგრძე 100 მეტრია, სიგანე კი - 80 მეტრი. მისი შიდა ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა - ქვედა მონაკვეთი სამხრეთით და ციტადელი ჩრდილოეთით. შესასვლელი მხოლოდ ქვედა ეზოშია, რომელიც დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლე კოშკშის ქვედა ნაწილშია მოწყობილი. ციხის ქვედა ნაწილს კიდევ ერთი კოშკი იცავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დგას. ციტადელი ჩრდილო ნაწილშია განლაგებული, მისი ფორმა ელიფსს წააგავს და ბოლოები კოშკებითაა გამაგრებული. ციტადელის მთავარი კოშკი ჩრდილოეთითაა, მას ციხის დაცვაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. იგი საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ჩრდილოეთის მიმართულებით - მდინარე ენგურის გაღმა სანახებსა და თავად მდინარის აუზს. ამჟამად კოშკისგან მხოლოდ ოთხი სართული და მეხუთის ნაწილია შემორჩენილი. ყოველი სართულზე ბუხრები და სათოფეები გვხვდება. გალავანი 8-10 მეტრის სიმაღლეზე ყრუა, ზემოთ კი 3-5 მეტრის სიგანის საბრძოლო ბილიკია. სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით. ციხეში ყოფილა წყაროც, რომელიც დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო, დღედღეობით ამ ადგილას მცირე ჩაღრმავებული ადგილია.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა