
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თევდორწმინდანის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით.
ტაძრის სიახლოვეში ნასოფლარია, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებში ამავე სახელით - თევდორწმინდითაა ცნობილი. ტაძარზე შემორჩენილი წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ მონასტერი აქ უფრო ადრინდელი პერიოდიდან არსებულა, ვიდრე XIII ს. წმინდა თევდორეს ტაძარს ააგებდნენ (არქიტექტურული ფორმებზე დაყრდნობით არის მოსაზრება, რომ ტაძარი ადრეულ შუა საუკუნეების ნაეკლესიარზეა აგებული). ტაძრის სახელიდან ეწოდა მონასტერთან მდებარე თანადროულ სოფელსაც თევდორწმინდანი, რომელიც XIII ს. პირველ ნახევარში უყიდია და თავისივე აშენებულ ფიტარეთისთვის შეუწირავს ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფასძეს. ტაძარი მონასტრის ბერებს აუშენებიათ ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ ჩაბაისძის დახმარებით, რომელსაც მათთვის ფული და მიწა შეუწირავს. სანაცვლოდ კი მონასტრის საძმოს ფეოდალის სულის მოსახსენიებელ დღედ 9 დეკემბერი დაუწესებია. წმინდა თევდორეს ტაძარი დარბაზული ნაგებობაა ჩრდილოეთის თანადროული და სამხრეთის შემდგომდროინდელი მინაშენებით. ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული ტუფის ქვით. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ჩრდილოეთის კარით კი ჩრდილოეთის მინაშენშია გასასვლელი. განათებულია ყველა კედელში დატანებული თაღოვანი სარკმლებით. აფსიდა ნახევარწრიულია. დარბაზი დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრებით, რომელთა შორის კედლებზე დეკორატიული თაღებია გაკეთებული. კამარა და კონქი პროფილირებულ იმპოსტებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ასევე აფსიდიანია ჩრდილოეთის ეკვდერიც. რაც შეეხება სამხრეთის მინაშენს, როგორც ჩანს, თავიდან აქ მხოლოდ სტოა უნდა ყოფილიყო, გვიან შუა საუკუნეებში კი ორივე მხრიდან ტაძრის მთელს სიგრძეზე ამოშენებით სამლოცველოდ იქნა გადაკეთებული. აღმოსავლეთის კედელში დატანებული შეწყვილებული სარკმლების ფორმით თუ ვიმსჯელებთ, მათ სათოფურის ფუნქციაც შეუთავსებიათ. ტაძრის ნათალი ქვის კვადრებით შეპერაგნებული ფასადების მორთულობას ქმნის სარკმელთა ორნამენტული საპირეები და სამხრეთის მინაშენის ორნამენტული კარნიზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სამხრეთის გვიანდელი მინაშენის ინტერიერში უადგილოდ და მეორადი გამოყენებით ჩასმული XII-XIII სს. მლოცველი მამაკაცის რელიეფის ფრაგმენტი და ლომის ბარელიეფი. ტაძარს ჰქონია თანადროული ქვის კანკელი, რომელიც ორნამენტულობით იმეორებს XII-XIII სს. ქვემო ქართლში ფართოდ გავრცელებულ კანკელებს. XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა ტაძრის ფრესკული მხატვრობა, ქართული და ბერძნული წარწერებით და ეკლესიის მაშენებლის გამოსახულებით, რომელსაც ხელში მაკეტი ეჭირა. განსაკუთრებით ძვირფასია ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე შესრულებული XIII ს. წარწერები, რომლებიც გვამცნობენ ტაძრის ქტიტორის ვინაობას და მონასტრისთვის მიწების შემწირველის ვინაობას: „ქ. სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, წმიდისა თევდორესაითა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, ესე დაწერილი ჩუენ თევდორწმიდელთა მღუდელთა და მწირთა მას ჟამსა ოდეს ამას ეკლესიასა ვაშენებდით, მოგუცა 60 დუკატი გაბრიელ ჩაბაისძემან. გაუკუეთეთ დეკენბერსა 9 რავდენიცა ხუცესი იყოს, ჟამსა წირვიდენ და აღაპი გარდაიხდებოდეს, სიწმიდისა გარდმოყენებასა მღუდელი მოიხსენებდეს. ვინ ესე შეცვალოს, კრულმცა არს პირითა ღმრთისაითა, ამენ“; „ქ. სახელითა ღმრთისაითა, ესე დაწერილი მე ივანე ქარეფარეხელმან შევსწირე წმიდასა თევდორეს ვენახი და ჭურნი და გავიკუეთე 3 დღე ქრისტეშობისა, მივეც ხუცესთა სალოცავი. ვინ ესე აქციოს, კრულ“; „ქ. ესე ქვაი ბერმან კავთელმან დასუა, შეუნდვენ ღმერთმან“. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას გვიან შუა საუკუნეებში აგებული მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც დღეს წმინდა ეკატერინეს სახელზეა ნაკურთხი. ეკლესია მოკლებულია მხატვრულ გაფორმებას. ტაძრების გარშემო შემორჩენილია ძველი გალავნის, მონასტრის საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები და შუა საუკუნეების სასაფლაო. წმ. თევდორეს ტაძარი აღდგა 2015-2016 წწ. ამჟამად აქ დედათა მონასტერია. ლიტ.: ბერძენიშვილი დ. ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 2014, გვ.277-278; სილოგავა ვ. ქვემო ქართლის წარწერები. დმანისი II, თბ., 2000, გვ.249; თაყაიშვილი ე. სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები. დაბრუნება (გ. შარაძის რედაქციით). I. თბ., 1991. გვ.39-41.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა