ვაჩნაძიანის ყველაწმინდა გარდამავალი ხანის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ის VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მხატვრული ღირებულებით თავისი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამ ტაძრის კომპოზიციაში, კონსტრუქციასა და დეკორში მკაფიოდ იკვეთება ეპოქის მხატვრული ინტერესები და სწრაფვა სიახლეებისკენ. გარდა თავად ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძრისა(ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია), ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიიანი ბაზილიკაც.
არქიტექტურა
ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს (ვაჩნაძიანის ყველაწმინდა), სამეკლესიიან ბაზილიკასა და სამონასტრო ნაგებობათა ნაშთებს. ვაჩნაძიანი ყველაწმინდა გუმბათიან დარბაზს (კუპელჰალე) წარმოადგენს. წაგრძელებული, აფსიდიანი ნავის ცენტრში კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათია აღმართული. ნავის გარშემო გარშემოსავლელი, ტრიკონქის ფორმის სათავსოები და აფსიდით დასრულებული სადგომები – ეკლესიებია მოწყობილი. გვერდითა ნავების თავზე პატრონიკეა. გუმბათქვეშა კვადრატი, ოთხივე მხრიდან, თაღებით არის შემოსაზღვრული, რომლებიც აგურის კაპიტელებით დაგვირგვინებულ მძლავრ პილასტრებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ყელი ცილინდრულია. ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ მკლავების ზედა ნაწილში სარკმლებია, საკურთხევლის აფსიდს სამი სარკმელი აქვს, გუმბათის ყელში კი ოთხი სარკმელია. ყველა ღიობს ნალისებრი დაბოლოება აქვს. ტაძარი რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები, კუთხეებისა და ღიობის გამოყვანისთვის გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვა. ეკლესიის ფასადი სახასიათოა შვერილი აფსიდებით. საკურთხევლის შვერილზე და ჩრდილო მკლავის სახურავის ქვეშ სამსაფეხურიანი ლავგარდანია განთავსებული. ტრიკონქების შვერილებზე და დასავლეთ კუთხეების ნაწილებზე შემორჩენილი ლავგარდანი კი ერთსაფეხურიანია. ინტერიერი მოუხატავთ XVI საუკუნეში, ფრესკები გარეჯის სკოლას ეკუთვნის. მხატვრობის ნაშთები შეიმჩნევა მთავარი ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე. ეკლესიას გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც, დასავლეთით, გვიანი, აგურით ნაშენი კარიბჭე იყო ჩართული.
ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ეკლესია
ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძრიდან დაახლოებით 50 მეტრში ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს. ის VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკაა. მთავარი ნავი ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდის ორივე მხარეს, სწორკუთხა სათავსებია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური, კუთხეებსა და კონსტრუქციულ დეტალებში კი მოყვითალო თლილი შირიმია გამოყენებული. ტაძრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, სამხრეთის მხრიდან რიყის ქვით ნაგები სტოაა მიშენებული. მის ქვეშა კამაროვანი კრიპტაა მოთავსებული. სამხრეთის ეკლესიის იატაკი მთავარი ნავის იატაკთან მიმართებით, ოდნავ მაღალია, რადგან ნაგებობის ქვეშ კამაროვანი აკლდამაა. ჩრდილოეთის ეკლესია ორი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება – აღმოსავლეთით პატარა სწორკუთხა ოთახია, მის გაგრძელებაზე კი აფსიდით განსაზღვრული ეკლესიაა. წმ. გიორგის ეკლესია ძალიან დაზიანებულია, ნაგებობა თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის შუა ნაწილი ცენტრალური ეკლესიის მაღალი და ორფერდა სახურავით დასრულებული სეგმენტია. მას, ორივე მხრიდან, გვერდითა ეკლესიების შედარებით დაბალი, ცალფერდასახურავიანი ნაწილები ერთვის. ფასადზე სამი სარკმელია და საკურთხევლის გვერდით მდებარე ოთახების სწორკუთხა მოხაზულობის შესასვლელები.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაI need permission to use the photo of the church Vachnadziani's Kvelatsminda in an article published in an academic journal in Tbilisi.
Thanks for your kind help
Dr. Erga Shneurson.
Good day, you can use our photo only with logo and it must be mentioned in the text that the photo was provided by Georgian travel guide.