ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.
ისტორია
ზარზმის მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.
ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.
ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
ლეგენდა
როდესაც სერაპიონ ზარზმელმა და მისმა ძმამ შეარჩიეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი, მახლობელი დაბის მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ მათ და მოითხოვეს მათი გაძევება. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა