ზედაზნის მონასტერი - ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ საგურამოს ქედზე, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე.
გადმოცემით იგი წარმართული სალოცავის ადგილას აუგიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ბაზილიკა მინაშენებით. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები. ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან.
დღესდღეობით ზედაზნისა და საგურამოს ტყეები ნაკრძალადაა გამოცხადებული.
ისტორია
ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წელს) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა). VI საუკუნის შუა წლებში 13 ასურელი მამის წინამძღვარმა იოანემ შეარჩია „მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო, აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ". აქ "პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ". ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. ისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო.
ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხევლის მხატვრობა ორ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში კომპოზიცია თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. ძნელად გაირჩევა იოანეს თავის, მაცხოვრის მდიდრულად მორთული ტახტის ნაწილი და ფეხსადგამი. თაღში გამოსახულია ვედრება. მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა მოწითალო აგურისფერი კონტურებია. წმინდანები წარმოდგენილნი არიან ფრონტალურად, მთელი ტანით.
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.
1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება, ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვ. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. 1915-1922 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში).
ლეგენდა
ლეგენდის მიხედვით ამ მთისათვის უწოდებიათ კერპი ზადენის (მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების) სახელი, რომელიც ხალხის სათაყვანებელი გმირი ყოფილა და ბრძოლაში დაღუპილა. მეფე ფარნაობს (112- 99 წ. ძვ. წ.) ამ მთაზე აღუმართავს კერპი. ეს კერპი იდგა ამ მთაზე IV -საუკუნის პირველ ნახევრამდე, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო.
არქიტექტურა
სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი და ციხის სხვა ნაშთები. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.
ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას.
ციხე-გალავანი XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ციხე-გალავანი ეკლესიას სამი მხრივ ევლება (სამხრეთით მიუვალი ციცაბო კლდეა).
გალავანზე მიდგმულია ერთმანეთისაგან თითქმის თანაბრად დაშორებული ნახევარწრიული საბჯენები. გალავნის აღმოსავლეთით ციტადელის ნანგრევებია. ციტადელში შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა ეზო ეკლესიის ეზოსთან შედარებით საკმაოდ მაღლაა, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ნაგებობათა კვალი ჩანს.
სენაკები გამოკვეთილია ციცაბო მთის ფერდში, ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თარიღდება ფეოდალური ხანით. სენაკებთან მისვლა ვიწრო ბილიკებით შეიძლება.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა"VI საუკუნის შუა წლებში სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველთა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფის, ე.წ. ასურელი მამების, მეთაურმა იოანემ შეარჩია" - აი, ეს საიდან მოიტანეთ?
მოგესალმებით, ისტორიული გადმოცემით ასეა. ასევე ეს ინფორმაცია დევს saunje.ge და dzeglebi.ge საიტებზე .
გირჩევთ უფრო კომპეტენტური წყაროები მოიძიოთ და გადაამოწმოთ, ან უბრალოდ თავიდან დასერჩოთ.
თუ შეიძლება იქნებ მიგვითითოთ კონკრეტულად რა არის არასწორი და აუცილებლად გავასწორებთ.
მადლობა ინფორმაციისთვის
მე როგორც ვხვდები "სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულს" გულისხმობთ. რადგან 13 ასურელი მამა ეროვნებით ქართველები არ ყოფილან. კიდევ სხვა რამესაც ხომ არ გულისხმობთ?