თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისტორიული ქართლის ნაწილს შეადგენს. ამ მხარეში მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რაც დამსვენებელს ყოველ სეზონზე იზიდავს. მოცემულ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ 10 საუკეთესო ადგილი, რომლის მონახულებაც ქვემო ქართლში შეგიძლიათ.
1. დმანისის სიონი და ნაქალაქარი
დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი სამოსახლოა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. სწორედ აქ 2001 წელს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომელსაც ზეზვა და მზია უწოდეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე 1,8-1,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და ამიტომაც იწოდებიან „პირველ ევროპელებად“.
დმანისში მდებარეობს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს. აქ წარმოდგენილია ის არქეოლოგიური ფენები, სადაც აღმოჩენილი ძვლების ფრაგმენტებისგან გაიგო მსოფლიომ ზეზვასა და მზიას შესახებ. აქვე მდებარეობს VI საუკუნით დათარიღებული დმანისის სიონი, რომელსაც ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭე აქვს.
რაც შეეხება დმანისის ნაქალაქარს, იგი დმანისის კონცხზე მდებარეობს და რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორის შუა საუკუნეების ნაქალაქარისგან, რომელიც შიდა ციხის, საერო და საკულტო ნაგებობებისგან შედგება.
2. ტანძია
სოფელი ტანძია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ყველაზე ცნობილი იმითაა, რომ სწორედ აქედანაა წარმოშობით ცნობილი ქართველი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. ტანძიაშივე მდებარეობს მისი სახელობის ლიტერატურული სახლ-მუზეუმი, რომელიც 1984 წელს დაარსდა და 300-მდე ექსპონატს ინახავს. აქ ყოველწლიურად იმართება "საბაობა" სულხან-საბას პატივსაცემად. სოფელში ასევე შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები, რომელიც პაპუნა ორბელიანს აუგია 1670 წელს.
3. დაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ამ მხარის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული კანიონისებური ხეობაა, რომელშიც მდინარე ხრამი მიედინება. კანიონი გამორჩეულია იდილიური გარემოთი და მცირე გასავლელი საფეხმავლო მანძილით, რაც განაპირობებს დამთვალიერებლებში მის პოპულარობას. იგი გამოირჩევა რელიეფის სირთულითა და თვალწარმტაცი ჩანჩქერების მრავალფეროვნებით. როგორც აღვნიშნეთ, ადგილზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, რომელთა სიგრძე 1,8 კმ-ია და მის დაფარვას საშუალოდ ერთი საათი სჭირდება.
4. კლდეკარის ციხე
კლდეკარის ციხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე. კლდეკარს დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობდა. მისი სახელწოდება თრიალეთის ქედზე კლდეზე გაჭრილი გასასვლელისგან წარმოდგება. კლდეკარის ციხე წარმოადგენდა ბაღვაშთა საგვარეულოს ცენტრს. მისი ისტორია მჭიდროდაა გადაბმული ბაღვაშების გვარის ისტორიასთანაც. ციხე დღეს ძალიანაა დაზიანებული და შეუძლებელია მისი თავდაპირველი აღდგენა. მნახველებს ყოველთვის ხიბლავთ ციხიდან ალგეთის ხეობაზე გადაშლილი ულამაზესი ხედები.
5. ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი წარმოადგენს V საუკუნის ბაზილიკას, რომელიც ქალაქ ბოლნისში მდებარეობს. ამ არქიტექტურულ ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიაში, რადგან მან შემოგვინახა უძველესი ქართული წარწერები. ასევე ტაძრის ფასადზე ვხვდებით ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარ გამოსახულებას, რომელთაგან ერთ-ერთი „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი. აგრეთვე ამ ტაძარში პირველად ვხვდებით რელიეფურ სკულპტურულ გამოსახულებებს. დღეს ბოლნისის სიონი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა კატეგორიაში შედის. ქვემო ქართლის მონახულებისას მისი ხილვის შანსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
6. ალგეთის ეროვნული პარკი
ალგეთის ეროვნული პარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. იგი თბილისიდან ერთი საათის დაშორებით მდებარეობს და საუკეთესო ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. მის შემადგენლობაში შედის ზემოთ ნახსენები დაშბაშის კანიონი და კლდეკარის ციხე-სიმაგრე, ასევე ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლები.
პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია რამდენიმე ეკოტურისტული მარშრუტი, რომელიც მოიცავს როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო გზებს. სულ ხუთი ასეთი მიმართულებაა, რომელთაგან მხოლოდ მხოლოდ ერთი ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი“.
7. წუღრუღაშენის ეკლესია
წუღრუღაშენი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის ქართული გუმბათოვანი ტაძარია და ისიც შედის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთა კატეგორიაში. ტაძარი უნიკალურია იმით, რომ არ გვხვდება მისი სახელწოდების სხვა ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი მონღოლური წარმოშობისაა. იგი გამოირჩევა მშენებლობისას გამოყენებული ფერადი ქვების სიმრავლითა და შემკული მრავალი ჩუქურთმით. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სამი წარწერა, რომლებშიც მოხსენიებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე.
8. დიდგორის მონუმენტი
ეს მემორიალური კომპლექსია, რომელიც დიდგორის ველზე მდებარეობს და ეძღვნება 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდ ბრძოლას ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა “ძლევაი საკვირველი” უწოდეს. მემორიალს დიდი ტერიტორია უჭირავს. კომპლექსის ცენტრში, მთაზე, მონუმენტი დგას, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული, მის გარშემო კი დიდი ზომის ხმლები, საზეიმო სვეტები, ზარები და სხვა ელემენტებია განლაგებული. აქ ყოველ წელს აგვისტოს თვეში იმართება დიდგორობის დღესასწაული, რომელიც ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას ეძღვნება.
9. მარტყოფის ღვთაების მონასტერი
მარტყოფის მონასტერი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. მისი დაარსება VI საუკუნეში მოღვაწე 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს - ანტონ მარტყოფელს მიეწერება. იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ეროვნული ძეგლია. გარდა არქიტექტურული თავისებურებებისა, მონასტრიდან იშლება ულამაზესი ხედები, რომელთანაც ტაძრის ნაგებობა მშვენიერ სინთეზს ქმნის.
მონასტერი მრავალჯერ აოხრებულა მტრების შემოსევის შედეგად, მათ შორის მონღოლების, თემურ ლენგისა და ლეკების ლაშქრობების შემდეგ. 1930-იანი წლებიდან კომუნისტებმა აქ მონასტერი დახურეს და იგი ჯერ უპატრონო ბავშვთა თავშესაფრად, შემდეგ კი ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. სამონასტრო ცხოვრება მარტყოფში აღდგა 1989 წლიდან.
10. ბეთანია
ბეთანიის მონასტერი თბილისთან ახლოს, დიდგორის რაიონში მდებარეობს. იგი აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე და შედის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა კატეგორიაში. ტაძარი ცნობილია იმით, რომ სწორედ აქაა შემორჩენილი თამარ მეფის სამი ფრესკიდან ერთ-ერთი. მონასტერი შედგება ორი ეკლესიისგან. ისტორიულად იგი ქართველი ფეოდალების - ორბელების საგვარეულო სამარხს წარმოადგენდა. ტაძრის ხელახალი აღმოჩენა უკავშირდება გრიგოლ ორბელიანის სახელს, რომელმაც იგი ნადირობისას აღმოაჩინა.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი