დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
16 მარტი, 2021

10 საუკეთესო ადგილი აჭარაში

აჭარის 10 საუკეთესო ადგილი ყველა გემოვნებისთვის!

თუ ზაფხული უკვე ახლოვდება ანდა წინ შვებულების ბედნიერი და უდარდელი დღეები გელით მაშინ დროა დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად და როგორ გაატარებთ მას რომ, ის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და დადებითი ემოციების მომტანი იყოს.

საქართველო უამრავი ლამაზი და უნიკალური ადგილით გამოირჩევა ნებისმიერი გემოვნების თუ სტილის ადამიანისთვის მიუხედავად იმისა ზღვაზე ამჯობინებთ დასვენებას თუ მთაში, თუმცა დამეთნხმებით რომ დასვენების დღეების გატარება იმაზე ფიქრში თუ სად წახვიდეთ დროის ფუჭი კარგვაა და ცხადია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა სჯობს.

ამჯერად, თქვენს ყურადღებას დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონზე შევაჩერებთ სადაც საოცრად ერწყმის ერთმანეთს შავი ზღვის სანაპიროს ახალგაზრდული და მთიანი აჭარის რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება.

როდესაც სიტყვა „აჭარა“ გესმით, დარწმუნებული ვარ, ყველას პირველ რიგში გახსენდებათ ქალაქი ბათუმი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი.

დიახ, მეტწილად ასეა, თუმცა დამეთანხმებით რომ აჭარა მხოლოდ ზღვა და სანაპირო არაა. ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარეში, აჭარაშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და დატკბეთ ისეთი ადგილებით რომლებიც გაგოცებთ და აღფრთოვანებაში მოგიყვანთ.

ამ სტატიაში მე გამოგზაურებთ და გაგაცნობთ ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს სადაც ნებისმიერი ხასიათის და გემოვნების ადამიანი იპოვის თავის ადგილს განსატვირთავად და ახალი ემოციების შესაგრძნებად...

იმისათვის რათა სწორედ დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი თავდაპირველად გავმიჯნოთ რა შეგიძლიათ ნახოთ ზემო აჭარაში.

რა ვნახოთ აჭარაში!

გოდერძის ალპური ბაღი, აჭარა - Goderdzi Alpine Garden, Adjara

1. გოდერძის ალპური ბაღი


თუ თქვენ ბუნების და სეირნობის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით, ის, რაც მწვანე კონცხის და მტირალას ეროვნული პარკის პარალელურად უნდა მოინახულოთ ეს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღია. იგი ხულოს რაიონში, გოდერძის უღელტეხილიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და ზღვის დონიდან 1960 მეტრზეა. ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ბაღში განაშენიანებულია ალპური და სუბ-ალპური ზონისთვის შესაბამისი და დამახასიათებელი მცენარეულობა რომელიც დაახლოებით 10 ჰექტარზეა გადაჭიმული. თავად პარკში ბუნებრივად იზრდება და ხარობს 161 სახეობის სხვადასხვა მცენარე. პარკში მოწყობილია სხვადასხვა სახის სივრცეები როგორიცაა სალაშქრო თუ საპიკნიკე ტიპის ადგილები. ბაღი ასევე დაყოფილია სხვადასხვა სახის ზონებად, ტბის, ჭაობის, წყაროს ზონები. არის სანერგე ზონა, ასევე საფუტკრე, სადაც თანამედროვე სკების პარალელურად ჯარას თაფლიც მოიპოვება. ეს არის თაფლის წარმოების უნიკალური ტრადიცია რომელიც ზედა აჭარაშია შემორჩენილი და ღირსეული ადგილი უკავია თაფლის წარმოების თანამედროვე სახეებს შორის.

ჯარა – ტრადიციული ქართული სკაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ფუტკრის მოსაშინაურებლად იყენებდნენ. მაღალმთიან აჭარაში, ძირითადად კი მერისის ხეობაში თანამედროვე სკების გვერდით ჯარაც მშვენივრად განაგრძობს არსებობას და არანაკლებ პოპულარულად რადგან, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ბუნებრივად არსებობს გარეული ფუტკრის მიერ მიღებული თაფლის საშუალება, რომელსაც ადგილობრივები დღემდე იყენებენ. ჯარა არის ხის ჩვეულებრივი, გამოთლილი მორი, რომელშიც ფუტკრის ახალ ოჯახს შეასახლებენ ხოლმე. მას არც ხელოვნური ფიჭა სჭირდება, არც განსაკუთრებული ზრუნვა. ჯარასგან თაფლს წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ეს ხდება ივნისის თვეში, 10-15 რიცხვების პერიოდში. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჯარას თაფლი 100%-ით ნატურალურია.

გოდერძის ბოტანიკურ პარკში მოწყობილია სავალი ბილიკები, რაც სასიამოვნო სეირნობის და კარგად დათვალიერების საშუალებას იძლევა. ასევე აქ არის გაშენებული ალპინარიუმი. ეს არის ბაღის გარკვეული ნაწილი სადაც განაშენიანებულია მაღალი მთისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალნი გახდებით არაჩვეულებრივი სილამაზის მომსწრენი აჭარისთვის დამახასიათებელი ბუნების, აჭარული ოდების, მდინარეებისა თუ ჩანჩქერების და, ჩემი რჩევაა აუცილებლად იქონიოთ ფოტოაპარატი ამ ლამაზი კადრების აღსაბეჭდად და სამახსოვროდ.


ლაშქრობა აჭარაში!

მწვანე ტბა, აჭარა - Green Lake, Adjara

2. მწვანე ტბა


მეორე სანახაობად მინდა გირჩიოთ მწვანე ტბა რომელიც ასევე გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, სულ რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს და ზემოთხსენებულთან ერთად 1 -დღიანი ტურის დაგეგმვაცაა შესაძლებელი.

მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სუბ-ალპურ ზონაში ულამაზესი ხედები დაგხვდებათ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ტბის სახელწოდებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია რომ ტბას მწვანე ფერის ელფერი დაჰკრავს და სახელწოდებაც აქედანაა წარმოშობილი.

მწვანე ტბა იდეალური ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე საპიკნიკე გასვლებისთვის. თავისუფლად შესაძლებელია ნება-ნება სეირნობით ტბის გარშემო შემოვლა რომელიც არც დიდ დროს წაგართმევთ და თან სხვადასხვა ლამაზი ხედებით ტკბობის საშუალებასაც მოგცემთ.

მირვეთის ჩანჩქერი, აჭარა - Mirveti waterfall, Adjara

3. მირვეთის ჩანჩქერი



ჩანჩქერი მდებარეობს სოფელ მირვეთში, რომელიც ქ. ბათუმიდან 28-30 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში არსებული აბრებით ადვილად მიაგნებთ ამ სანახაობას. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს მშვენიერი ადგილია გასაგრილებლად და შთამბეჭდავი სანახაობისთვის. ჩანჩქერთან დაგუბებულ მდინარეში ასევე შესაძლებელია ცურვა, ასე რომ კარგი იქნება თუ საცურაო კოსტუმსაც თან გაიყოლებთ. ველომოყვარულებს კი მირვეთში მოკლე მაგრამ ლამაზი ველომარშრუტიც დახვდებათ.

ექსტრიმი აჭარაში!

4. თაგოს საბაგირო

თუ ექსტრიმის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ, შემიძლია „თაგოს“ საბაგირო გირჩიოთ რომელიც ხულოს რაიონში მდებარეობს და სოფელ თაგოს ხულოს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს. საბაგირო გზის სიგრძე 1720 , ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

საბაგირო ძირითადად ადგილობრივებისთვის გზის შემოკლების ერთ-ერთი გზაა, თუმცა ადრენალინის და ექსტრიმის მოყვარულებს არანაკლებ დააინტერესებთ..

საბაგიროთი მგზავრობა არაჩვეულებრივ ხედებს და დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ...

სხვათაშორის, 2014 წელს რუსმა ექსტრემალებმა საბაგიროდან პარაშუტით ხტომა განახორციელეს და მიუხედავად იმისა რომ სიმაღლე მხოლოდ 280 მეტრია ხტომა წარმატებით დასრულდა.


მერისის ჩანჩქერი

5. მერისის ჩანჩქერი


ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში მდებარეობს სადაც მოხვედრა როგორც საავტომობილო გზით ისე ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსითაცაა შესაძლებელი.

მანძილი ბათუმიდან ქედის რაიონამდე 40 კილომეტრი, ხოლო ქედის ცენტრიდან მერისის ხეობამდე 10 კილომეტრია. მერისამდე მისვლა კეთილმოწყობილი სამანქანე გზით შეგიძლიათ.

ქედაში ყოფნისას დრო თუ გექნებათ ასევე შესაძლებელია მოინახულოთ ზენდიდის ციხე რომელმაც ჩვენამდე სამწუხაროდ მხოლოდ ნანგრევების სახითღა მოაღწია. მისი საერთო სიგრძე 50 მეტრია.

მერისში მხოლოდ ჩანჩქერის სანახავად არ გამოგივათ წასვლა. ესაა ადგილი სადაც ბუნების მოყვარული ადამიანი დასტკბება ალპური მთების ხილვით, ასევე შეიგრძნობს და ისიამოვნებს სოფლის იდილიით. მერისისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ საოჯახო ტიპის სასტუმროები სადაც ადგილობრივი, აჭარული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი, ასევე სურვილის შემთხვევაში რამოდენიმე დღით ბინის ანდა ოთახის ქირაობაც შესაძლებელია სადაც მთელი სისავსით შეიგრძნობთ ზემო აჭარის ცხოვრების სტილს და ტრადიციებს.


მეძიბნა

6. მეძიბნას ჩანჩქერი


ქედაში ყოფნისას ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი მეძიბნას ჩანჩქერია. ის ქედადან 7 კილომეტრით მოშორებულ სოფელ მეძიბნაში მდებარეობს და მის უნახავად წამოსვლა ნამდვილად დანაშაულია საკუთარ თავთან.

ეს არის დიდი, წყალუხვი და ძლიერი ჩანჩქერი რომელიც ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას დასტოვებს თქვენს თვალში. ამ სილამაზის ფონზე არაჩვეულებრივი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი რომ აღარაფერი ვსთქვათ ზემო აჭარისთვის დამახასიათებელ ბუნებასა და საოცარ სილამაზეზე.

7. ბინა-კარავი „ჰილლ ინნ“

დამეთანხმებით რომ დღის საინტერესოდ გატარების შემდგომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ღამის გასათევი. მოლაშქრე ტიპის ადამიანებისთვის კარავში ღამის გათენება და საღამოს კოცონის ირგვლივ გატარება კიდევ უფრო ამძაფრებს დადებით ემოციებს, ზოგიერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს ანიჭებს უპირატესობას თუმცა დარწმუნებული ვარ ყველა შევთანხმდებით რომ ღამის გასათევად „ჰილლ ინ“ საოცრად დიდ ეგზოტიკას გვთავაზობს რომელშიც ეს ორი იდეალურადაა შერწყმული. „ჰილლ ინნ“ თანამედროვე სახის კარავია რომელიც 1-ოთახისგან შესდგება, თუმცა საყვარელ, კუსკუსა ბინას უფრო მოგაგონებთ. კარავ-ბინაში დაგხვდებათ პატარა სამზარეულო თავის ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარით. შეგეძლებათ მიირთვათ ქაფქაფა ყავა და დასტკბეთ ულამაზესი მაღალმთიანი აჭარის ხედებით კარვის წინ მოწყობილ, ხის მაგიდა-სკამებით გაწყობილ ღია ტერასაზე, აქვე ასევე მოწყობილია ღია საუნა-აუზი, ჰამაკის უცხო სახეობა და მოსასვენებელი შეზლონგები. ტერიტორია აღჭურვილია უსადენო ინტერნეტით და შედის ოთახის ღირებულებაში.

‘ჰილლ ინ“ ქედაში მდებარეობს, თუ ავტომობილით ხართ კარავ-ბინას მანქანის გასაჩერებელი ადგილიც აქვს. ასევე ნებადართულია თან იყოლიოთ შინაური ცხოველი. ერთადერთი შეზღუდვა-სიგარეტია.

კურორტი აჭარაში!

8. კურორტი გომარდული

თუ ზამთარში გადასწყვეტთ აჭარის მონახულებას ანდა სულაც მაგ სეზონზე მაგ მხარეს აღმოჩნდით სულაც არაა აუცილებელი ბაკურიანისკენ ან გუდაურისკენ გაემართოთ ზამთრის კურორტზე დასასვენებლად. აჭარას ზამთრის საკუთარი კურორტი ‘გომარდული“ აქვს რომელიც ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს. გომარდული სოფელია შუახევის რაიონში და რაიონული ცენტრიდან 23-25 კილომეტრითაა დაშორებული. აქ სეზონი ნოემბრის ბოლოდან იწყება და მარტ-აპრილამდე გრძელდება. შეგიძლიათ როგორც კოტეჯების ისე საოჯახო სახლის ქირაობა კვებით ან მის გარეშე. სათხილამურო ტრასა 250-300 მეტრია. თხილამურების ქირაობაც ადგილზევეა შესაძლებელი.

რა ვნახოთ და სად წავიდეთ ბათუმის სიახლოვეს!


IMG_1150

9. ტბა ტბიყელი


თუ არც ძალიან შორს გამგზავრება არ გსურთ ან არ გიხერხდებათ შეგიძლიათ ტბიყელის ტბა მოინახულოთ რომელიც იქვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. ზამთარში თოვლით და ყინულით იფარება.

ტბიყელი კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზეა.

ტბასთან ახლოს გადის ტურისტული ბილიკი.


10. სქაი-ბარი „ნეფელე“

და ბოლოს, ბათუმში დაბრუნებულებს კიდევ ერთ შესანიშნავ ადგილს გთავაზობთ რომელიც არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ენერგიული, ისე, მშვიდი საღამოს გასატარებლად.

ეს, სქაი-ბარი „ნეფელეა“, რომელიც სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ მდებარეობს და სადაც თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე აზიურ-ევროპული სამზარეულო.

„ნეფელე“ გთავაზობთ უგემრიელეს დესერტებს, საფირმო კოქტეილებს და ღვინის საუკეთესო არჩევანს.

თქვენი არჩეული საღამო, იქნება ეს ვახშამი თუ დესერტი ფინჯან ჩაისთან ერთად ის სასიამოვნოდ იქნება შერწყმული ცოცხალი მუსიკის ჰანგებთან.

დარწმუნებული ვარ ვერავინ გაუძლებს ცდუნებას დააგემოვნოს ნეფელეს საფირმო კოქტეილი, ანდა ბოკალი საუკეთესო ღვინო და ღია ტერასიდან დასტკბეთ როგორც ქალაქის ისე შავი ზღვის არაჩვეულებრივი ხედებით.

აჭარული კერძები!

დამეთანხმებით რომ მოგზაურობისას განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო უცხო კერძების დაგემოვნებაა, მე, არ მოგიყვებით ისეთ სტანდარტულ და გავრცელებულ აჭარულ კერძებზე როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, აჩმა, ბაქლავა და ა.შ

ამ ჩამონათვალში გაგაცნობთ რამოდენიმე უცხო კერძს რომელიც აუცილებლად, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ზემო აჭარაში ყოფნისას.

იახნი.

პირველი კერძია იახნი რომელიც ხორცის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ეს კერძი მთელს აჭარაშია გავრცელებული თუმცა ქობულეთური იახნი განსაკუთრებულია.

იგი საქონლის ხორცისგან მზადდება, რომელიც კარაქთან, ხახვთან და ზაფრანასთან ერთად იშუშება, ხოლო ბოლოს სანელებლებით შეზავებული ნიგოზით და სხვადასხვა სუნელებით იკაზმება. კერძი სუფრაზე ცხელი მიიტანება, თუმცა მეორე დღესაც არანაკლებ გემრიელია როდესაც სანელებლები და ნიგოზი კერძში უკვე კარგადაა გამჯდარი.

მალახტო.

მალახტო აჭარული კერძია რომელიც ჭყინტი ლობიოსგან მზადდება. მოხარშვის შემდგომ წურავენ და სხვადასხვა სახის სუნელებით, ხახვით, მწვანილით და ნიგვზით შეაზავებენ, ბოლოს კი, მკვახე ყურძნის, ე.წ. ისრიმის საწებელს ამატებენ რომელიც კერძს განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გემოს სძენს.

კერძს მიირთმევენ ცივად, სასურველია ცხელ ჭადთან ერთად.

ზემო აჭარისთვის ძირითადად ნოყიერი და ცხიმიანი შეჭამანდებია დამახასიათებელი, ბევრი მათგანი კარაქისგან, ერბოსგან და ნადუღისგან მზადდება.

აი რამოდენიმე მათგანი:

ბორანო.

ეს კერძი მზადდება მთის დაწნული/ჩეჩილი ყველისგან რომელსაც დაჭრილს და ცხელწყალ გადავლილს რომელმაც ყველი წელვადი უნდა გახადოს ცივ კეცში აწყობენ და ზევიდან მომწვარ/მოდუღებულ კარაქს ასხავენ. კერძი გემრიელი და ნოყიერია. უხდება ჭადი. ძირითადად საუზემეზე და ვახშამზე მიირთმევენ.

სინორი.

სინორიც ნოყიერი კერძების რიგს განეკუთვნება, მზადდება ცომის თხელი, შემწვარი ფირფიტებისგან, რომელსაც წყალში გახსნილ ნივრით შეზავებულ ნადუღს და ცხელ გამდნარ ერბოს ამატებენ.

კაიმაღი.

კაიმაღი როგორც ასეთი კერძი არაა, იგი შეჭამანდია.

სტრუქტურა სქელი, ნაღების მაგვარი აქვს და ცხიმოვნობის საკმაოდ მაღალ თითქმის 60%- პროცენტს შეიცავს.

კაიმაღს შემდეგნაირად ამზადებენ: რძეს ნელ-ნელა მოადუღებენ, ხოლო მოდუღების შემდგომ ურევენ და სითბოში აჩერებენ რამოდენიმე საათის და ზოგჯერ დღის განმავლობაშიც. მიირთმევენ ჭადთან და ყველთან ერთად.

რადგან იგი დესერტის კატეგორიაში გადის ასევე გემრიელია ბაქლავასთან და თაფლიან ბლინებთან, ხოლო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გემო აქვს კომშთან და ვაშლთან ერთად.

აჭარული შეჭამანდების მიმოხილვას აჭარული დესერტებით დავასრულებ, რომელთაგან ერთ-ერთია ბურმე, ხოლო მეორე, -ბორეგი.

ბურმე

ბაქლავის მსგავსი ტკბილეულია, რულეტის ფორმის. მზადდება კარაქით, ნიგვზით ან თხილით და შაქრით. ახლად გამომცხვარ ბურმეს ცხელ სიროფს ასხავენ რომელიც ზაფრანით და ლიმნის ცედრითაა მომზადებული.

ბორეგი

მზადდება გატარებული ნიგვზის ან თხილის მასით შაქართან ერთად რომელსაც ცომის თხელ ფენაში ახვევენ და ღუმელში სწვავენ. სწვავენ გაწითლებამდე, უკვე მზას კი ასხავენ მდუღარე სიროფს, ასევე ცხელ იაღს, იგივე დამარილებულ კარაქს.

აკეთებენ მეორენაირადაც: ცხიმიანი პურის ფქვილით ზელენ და შიგთავსად გატარებულ შაქრიან ნიგოზს ან თხილს უდებენ. ახვევენ რულეტის პრინციპით.


ამ ჯერზე სულ ეს იყო აჭარული კერძების მიმოხილვა, თუმცა დამიჯერეთ აჭარული სამზარეულო გაცილებით მრავალფეროვანი და უცხოა.

ვგონებ საკმარისი წარმოდგენა შეგექმნათ ზემო აჭარისთვის დამახასიათებელ კერძებსა თუ დესერტებზე და დარწმუნებული ვარ თავს უკვე პირობაც კი მიეცით რომ ყველაფერი დააგემოვნოთ რაც, დამიჯერეთ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ორივე დესერტი ზემოთ ჩამოთვლილ კერძებთან ერთად საოცრად გემრიელია და ნამდვილად დაუვიწყარს გახდის აჭარაში მოგზაურობას.

მე კი ჩემის მხრივ გისურვებთ რომ ახლავე დაიწყოთ ბარგის ჩალაგება რაც ზემოთმოცემულ ინფორმაციასთან ერთად უკვე ერთი ნაბიჯია გადადგმული წინ აჭარაში მოგზაურობისკენ!



თეგები: #ლაშქრობა #საინტერესო ადგილები #კულინარია #აჭარა #ზღვისპირა კურორტები #დასვენება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი