დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 დეკემბერი, 2021

10 საუკეთესო ადგილი ზამთარში სამოგზაუროდ

დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის საქართველოს კუთხეები ყოველთვის საუკეთესო არჩევანი იყო ზამთარში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. მისი მთაგორიანი ლანდშაფტი და კავკასიონის მთიანეთი საშუალებას იძლევა დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ზამთრის ცივ თვეებში. საქართველო გამოირჩევა ზამთრის კურორტების სიუხვით და მოცემული სტატიაში სწორედ 10 ასეთ ადგილის შესახებ გაიგებთ.

სათხილამურო კურორტი Gudauri Ski Resort

1. გუდაური

გუდაური ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია საქართველოში. იგი თბილისიდან 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. იქ მისვლა ადვილია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ე.წ. „მარშუტკით“. გუდაური გამოირჩევა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და დედაქალაქთან სიახლოვით. თუ თქვენი არჩევანს ამ კურორტზე შეაჩერებთ, მაშინ წინ გელით ბუნებრივ პირობებში არსებულ სათხილამურო ტრასაზე სრიალი. თხილამურებზე დადგომა და ახალი გამოცდილების მიღება ყველა დამწყებს შეუძლია.

გუდაურში ასევე დაგხვდებათ საბაგირო, რომლის სიგრძე 7 კილომეტრზე მეტია და დღეში სრული დატვირთვის პირობებში 2,800 ადამიანზე მეტს ემსახურება. საბაგიროდან შეგიძლიათ დატკბეთ კობი-გუდაურის დათოვლილი მთების ყურებით.

გუდაური ასევე გამოირჩევა სასტუმროებისა და საოჯახო სახლების სიმრავლით. გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტებში გუდაური ყველაზე პოპულარული საზამთრო კურორტია, აქ ფასები საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით უფრო მაღალია. მიუხედავად ამისა, გუდაური არ კარგავს თავის ხიბლს. თუ დედაქალაქში ცხოვრობთ, იქ შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნოდ შაბათ-კვირა და მოწყდეთ ქალაქის დამღლელ ქაოსს.

ბაკურიანი - Bakuriani

2. ბაკურიანი

ბაკურიანი, გუდაურთან შედარებით უფრო იაფი კურორტია, რადგან აქ უფრო მეტი საოჯახო სასტუმროა, ასე რომ ბაკურიანი დაბალბიუჯეტური მოგზაურობისთვის იდეალური არჩევანია. აგრეთვე ბაკურიანი მდიდარია რეკრეაციული და გასართობი აქტივობებით. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ თხილამურებზე, მარხილზე თუ თოვლის სკუტერებზე სრიალით. ბაკურიანი განსაკუთრებულია იმით, რომ 23 სხვადასხვა სირთულის გზაა წარმოდგენილი და დამწყებებს უადვილებს ახალი სპორტის სახეობებით დაკავებას.

ბაკურიანში ასევე შეხვდებით 8 საბაგიროს და ერთ ფუნიკულიორს, რომელიც ყველა დამსვენებლისთვის ფუნქციონირებს წელიწადის ნებისმიერ დროს. ეს ყველაფერი ერთად აღებული ბაკურიანს საერთაშორისო დონის კურორტად აქცევს და მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

ბაკურიანში მისვლა შეგიძლიათ როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე სამარშრუტო ტაქსით. იქ მისასვლელი საავტომობილო გზები მოწესრიგებულია თუმცა დიდთოვლიანობა და გზების მოყინვა ხშირად ქმნის გზებზე პრობლემებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ავტომანქანით გადაადგილებისას. სხვა მხრივ, ისიც თბილისიდან 2 საათის მანძილზე მდებარეობს და ბაკურიანამდე მისვლა დიდ დროს არანაირად არ წაგართმევთ.

3. ყაზბეგი


ყაზბეგი (სტეფანწმინდა) ყოველ სეზონზე მიმზიდველია დამსვენებლისთვის. ეს კურორტი აერთიანებს როგორც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ისე საუკეთესო პირობებს ზამთარში დასასვენებლად. ყაზბეგში წარმოდგენილია მრავალი სასტუმრო და საოჯახო სახლი, რომლებიც შეღავათიან ფასებადაა ხელმისაწვდომი.

სტეფანწმინდაში არაა სათხილამურო ტრასები ან საბაგირო, თუმცა აქ შეგიძლიათ სათავგადასავლო დასვენება მოიწყოთ. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ნახოთ გერგეტის სამების ტაძარი, რომელიც ამ რეგიონის კულტურული და ისტორიული სიმბოლოა. შეგიძლიათ დატკბეთ მყინვარწვერის ყურებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონზე არ შეგეძლებათ მყინვარწვერზე ლაშქრობა, უმჯობესია, რომ ეს გეგმა ზაფხულისთვის შემოინახოთ, როცა მთაში ლაშქრობის სეზონი იხსნება.

რაც შეეხება ყაზბეგში მისასვლელად საჭირო ტრანსპორტს, გადაადგილება შეგიძლიათ როგორც საკუთარი ავტომოილით, ისე „მარშტუკით“. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლიანობის პერიოდში იკეტება კობი-გუდაურის მონაკვეთი, სადაც ხშირადაა ზვავის ჩამოწოლის რისკი.

mestia-in-winter,  Местия зимой მესტია ღამით

4. მესტია


მესტიის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მთიანი ტერიტორიაა საქართველოში. იგი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და სვანეთის რეგიონის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრია.

მესტიაში დიდი ხანია არაა, რაც მოეწყო საკურორტო ინფრასტრუქტურა და გაიყვანეს საავტომობილი გზა, რომელიც ზუგდიდსა და მესტიას ერთმანეთთან აკავშირებს. ამან გააადვილა მესტიაში იოლად მოხვედრა. მესტიაში ასევე სრულდება ავიარეისები მესტია-ნატახტარი და მესტია-ქუთაისი.

ეს რეგიონი გამოირჩევა თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და უნიკალური ბუნებით. მესტიაში ჩასვლისას იხილავთ სვანურ კოშკებს, რომლებსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში.

მესტიაში დასარჩენად შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სასტუმრო, ისე საოჯახო სასტუმრო. ფასები შეღავათიანია, რაც დამატებითი პლუსია ამ ადგილის მოსანახულებლად. მესტიაში ყოფნისას ასევე არ უნდა გაუშვათ ხელიდან შანსი სვანური სამზარეულოს კერძების დაგემოვნების, რაც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

Hatsvali Ski Resort

5. ჰაწვალი


ჰაწვალი სათხილამური კურორტია, რომელიც ასევე სვანეთში მდებარეობს, მესტიიდან არც ისე შორს, 8 კმ-ის დაშორებით. აქ მოხვედრა მესტიიდან შეგიძლიათ მოასფალტებული გზით, რომელიც ზამთარში იწმინდება. არსებობს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროც, რომელიც ზაფხულობით დაკეტილია.

ჰაწვალში 5 სათხილამურო ტრასა მოქმედებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი და თავგადასავლების მოყვარული ექსტრემალებისთვის. ეს კურორტი არ გამოირჩევა სასტუმროების სიმრავლით და ფუნქციონირებს რამდენიმე კვების ობიექტი. იგი იმ ადგილებს შორისაა სვანეთში, რომლის უნახავადაც ეს მხარე არ უნდა დატოვოთ.

სათხილამურო კურორტი თეთნულდი ski resort

6. თეთნულდი


თეთნულდიც სვანეთის გამორჩეული კურორტია. მესტიიდან იგი 15 კილომეტრშია, მანქანით დაახლოებით 1 საათის სავალზე. აქ მოსახვედრად ჯერ მესტიაში ჩასვლა მოგიწევთ, ხოლო შემდგომ მისვლა კურორტზე.

ეს ახალი კურორტია საქართველოში და რამდენიმე წელია არსებობს. ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე მოწყობილია. თეთნულდში არის ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამური ტრასა. ასევე აქ მოქმედებს 4 საბაგირო. კურორტზე შეხვდებით რამდენიმე რესტორანს და ერთ სასტუმროს, რის გამოც ტურისტები მესტიაში დარჩენას ამჯობინებენ.

აქ შეგიძლიათ მრავალი საინტერესო აქტივობით დაკავდეთ. პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები, თხილამურებით სრიალი და სნოუბორდი თეთნულდზე ძალიან პოპულარულია. ასევე ამ კურორტის სავიზიტო ბარათია ახალი, დიდი და ხარისხიანი თოვლი, რაც ძალიან კარგ გარემოს ქმნის სასრიალოდ. თეთნულდიდანვე იშლება მწვერვალების -უშბისა და თეთნულდის საოცარი ხედები.

Goderdzi Ski Resort

7. გოდერძი

კურორტი გოდერძი მთიან აჭარაში მდებარეობს, თბილისიდან 252 კმ-ში. იგი გამოირჩევა უხვი ნალექით ზღვასთან ახლოს მდებარეობის გამო. კურორტზე მოსახვედრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ავტომობილი ან ტაქსი, თუმცა თუ აქ მისვლას ახალციხის გზით გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ეს გზა უხვთოვლიანობის გამო იკეტება. ოპტიმალური გამოსავალია ბათუმიდან მოხვედრა, საიდანაც 3, თბილისიდან კი 10 საათი სჭირდება.

ჰაწვალის მსგავსად, ეს კურორტიც რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს. აქ არის სასტუმროს და კოტეჯის ტიპის დაწესებულებები, არის რამდენიმე კვების ობიექტი და რესტორანი. ცნობილი ზამთრის კურორტებისგან განსხვავებით, გოდერძი შედარებით იაფია და ნაკლები ხალხით გამოირჩევა.

რაც შეეხება აქტივობებს, აქ შეგიძლიათ დაკავდეთ თხილამურებზე სრიალით, ზაფხულის სეზონზე კი ილაშქროთ მიმდებარე ტერიტორიებზე და მოინახულოთ რეგიონის კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

სოფელი შოვი village Shovi

8. შოვი


ზამთრის სეზონზე არ უნდა გაუშვათ შანსი მოინახულოთ შოვის კურორტი. იგი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში. შოვი ზემოთ ჩამოთვლილი კურორტებისგან განსხვავებით არაა სათხილამურო, მაგრამ ზამთარში ძალიან პოპულარული დასასვენებელი ადგილია. შოვი, რომელიც კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, გარშემორტყმულია კავკასიონის მთიანეთით და სახელგანთქმულია სამკურნალო ფაქტორებით, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

შოვში მისვლა შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილით. კურორტზე ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად მოწესრიგებულია და არის რამდენიმე სასტუმრო და საოჯახო სახლი.

borjom-kharagauli national park

9. ბორჯომი


ბორჯომი ცნობილი კურორტია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. იგი დამსვენებლებისთვის ყოველ სეზონზე მიმზიდველია და გამონაკლისი არც ზამთარი გახლავთ. ბორჯომის უნიკალური ბუნება, მისი სამკურნალო მინერალური წყლები და მოწყობილი ინფრასტრუქტურა განაპირობებს მის პოპულარობას წელიწადის ნებისმიერ დროს.

ბორჯომში მოხვედრა შეგიძლიათ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე საკუთარი ავტომობილითა და მატარებლით. დარჩენა შეგიძლიათ სასტუმროებში ან საოჯახო სახლებში, რომლებიც მრავლადაა ბორჯომში წარმოდგენილი.

რაც შეეხება აქტივობებს, ბორჯომში შეგიძლიათ დაკავდეთ ლაშქრობებით. ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს მოგზაურებს. ბორჯომი ასევე გამოირჩევა ისტორიული შენობებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის.

IMG_0616

10. ბახმარო


ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ-ზე მდებარეობს. იგი საზაფხულო და ზამთრის კურორტია. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუ უამინდობა დაემთხვა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგებას ხშირად აქვს ხარვეზები. მიუხედავად ამისა, ბახმარო ყოველ სეზონზე მიმზიდველია დამსვენებლებისთვის.

კურორტზე არსებობს საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები სხვადასხვა ფასის დიაპაზონში. ბახმაროშივე ეწყობა რამდენიმედღიანი ტურები ტურისტული კომპანიების მიერ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს დანახარჯებს, თუ გადაწყვეტთ ამ გზით მოინახულოთ ეს საოცარი ადგილი.

ბახმაროს მრავალი უნიკალური თვისება გააჩნია. მას „ნისლებისა და ღრუბლების სამეფოს უწოდებენ“. ბახმაროს კლიმატს აქვს სამკურნალო თვისებები და მას იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.


თეგები: #სვანეთი #მესტია #ყაზბეგი #მოგზაურობა #საქართველო #სათხილამურო კურორტი #გუდაური #ზამთარი #ბაკურიანი #ბახმარო #ჰაწვალი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი