თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამდელი მოვლენები
იმ დროს როდესაც საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, მოსახლეობა 2, 5 მლნ-ს შეადგენდა, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი კვლავინდებურად - თბილისი იყო, სახელმწიფო ენა კი - ქართული.
ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით.
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა მოიწვიეს, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ საქართველოს ეროვნული საბჭო მოიწვია, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა ამ გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს.
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე. ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებინათ.
რა მოხდა 1918 წლის 26 მაისს?
შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.მმიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო:"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი, სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული, იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი, სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი, მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლით, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციამდე, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.
როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე?
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ‘ეს დღე რომ ჩვენია’ საზეიმო განწყობითა და სხვადასხვა აქტივობით მტკიცდება. ოფიციალურად უქმე დღეს ყველა ერთად, ხანაც ცალ-ცალკე თავისებურად,მაგრამ ერთი მიზნით აღნიშნავს.
მთავარი ღონისძიება - ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე იმართება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, არამარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათს 17:10 წუთს, ეროვნული ჰიმნის შესრულებით აღინიშნება. გასულ წელს უცხოური ქვეყნების პირველმა პირებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103-ე წლისთავი მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში - 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილიკულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები,თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.
კერძო სექტორის ჩართულობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე იმართება სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დღესთან დაკავშირებული, ციფრული კრეატიული სარეკლამო სააგენტო ‘ლივინგსტონის’ სარეკლამო კამპანია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად 2019 წელს, კამპანია სახელად „მკითხე მოამბე“ - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე, ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას მიეძღვნა. პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” თანამშრომლობით რამდენიმე მედიუმში შეიქმნა. იგი მოიცავავდა სხვადასხვა შემოქმედებით გადაწყვეტებს ციფრულ სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ადამიანებს ამ მედიუმებისთვის შექმნილი თავგადასავლები ხვდებოდათ.
იდეა „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ ცოდნის გაზიარებასა და ამ ფორმით საქართველოს ისტორიის შეხსენებას ემსახურება. პროექტის მიზანია საქართველოს დიდ ქალაქებში - მთავარი ქუჩების სახელებისა და გვარების გაცოცხლება, ცნობილი ადამიანების შესახებ ისტორიის მოყოლა, მათი როლისა და ღვაწლის გახსენება, და ამ გზით საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაფასება.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი