9 აპრილი - საქრთველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველაზე სასიხარულო დღე. სწორედ ეს თარიღები უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ბრძოლა თავისუფლებისთვის 9 აპრილამდე ბევრად ადრე დაიწყო. მოვლენების ჯაჭვურმა განვითარებამ საბოლოოდ საქართველოს თავისუფლება მოუტანა
საიდან დაიწყო ყველაფერი?
ანტისაბჭოთა გამოსვლები ძირითადად 1988 წლიდან გააქტიურდა. საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკისთვის არსებული მიტინგები საბჭოთა ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ამიტომ ამ მოვლენების მიმართ დიდ ყურადღებას არ გამოხატავდნენ.
სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 18 მარტს, აფხაზეთში ჩატარდა უხვმასშტაბიანი ე.წ “ლიხნის კრება”. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსის მიღება მოითხოვა. სწორედ ამ სეპარატისტულმა ქმედებამ გამოიწვია მოსახლეობაში საპროტესტო ტალღა, რომელიც ეროვნულ დამოურჩილებლობაში გადაიზარდა. გაიფიცა თითქმის ყველა სამსახური და ათეულობით ათასი ადამიანი 4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე სეპარატიზმის წინააღმდეგ გამოვიდა.
საწყის ეტაპზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შედგა მიტინგები, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ეროვნული დამოურჩილებლობის რეზოლუცია საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნისა და საქართველოში ავტონომიურ ფორმირებათა გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ, მიტინგის მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოს სსრ მთავრობის სახლისკენ დაიძრა, სადაც პირველი ფართომასშტაბიანი მიტინგი შედგა. მომიტინგეთა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსული მთავრობა ცდილობდა მომიტინგეების მოწოდებისთვის ეთნიკური დაპირისპირების სახელი მიეკერა, ძირითადმა მოთხოვნამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ამ აქციების ორგანიზატორი და მთავარი სამოქმედო ღერძი ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა იყო. მათი მთავარი მოთხოვნა საბჭოთა კავშირიდან გასვლა იყო, რასაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ოვაციებით შეხვდა.
სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. მომიტინგეთა რიგებს უამრავი მასწავლებელი და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი შეუერთდა. ჩამოყალიბდა სტუდენტური ჯგუფები, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. ამ დაძაბულობის ფონზე, 7 აპრილს თბილისში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დიდ სისხლისღვრას დაჰპირდა.
მიტინგები გრძელდებოდა და მოშიმშილეთა რიგებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ აქციის მშვიდობიანი დაშლის ნაცვლად ჯავშანტექნიკის გამოყვანა და ვერტმფრენებით მანიპულაცია არჩია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებამ მომიტინგეთა რიგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსხვილმა მასამ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ ავტობუსებითა და სატვირთო მანქანაებით ჩახერგა გზები. აქციის ლიდერები ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაშლილიყვნენ, რა რაოდენობის სამხედრო დანაყოფიც არ უნდა გადმოესხა საბჭოთა მთავრობას.
9 აპრილის ტრაგედია
რუსეთის ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ მუშაობა დაიწყო. აამოქმედეს პროპაგანდისტული მედია, რომელიც ინფორმაციის დამახინჯებით ცდილობდა აქციის მონაწილეების იმიჯის შელახვას. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას საბჭოთა მაღალჩინოსნების დავალებით ტელეეთერებიდან სხვადასხვა ცნობადი სახეები დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს სეპარატიზმს ადარებდნენ. საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სწორედ კომენდანტის საათის დარღვევა გამოიყენა რუსეთმა თბილისში სადამსჯელო ოპერაციის მოსაწყობად, რომელსაც რუსი გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა.
საბჭოთა ჯარისკაცები და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც სამსახურის წევრები მშვიდობიან მომიტინგეებს ყველაზე ძალადობრივი ხერხებით დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ თავიანთ სასტიკ ქმედებას აქციის დაშლა დაარქვა, რეალურად ეს მომიტინგეთა დასჯა იყო თავისუფლების მოთხოვნისთვის. აქციის მონაწილეები სამხედრო ნიჩბებით აჩეხეს, რასაც 21 ადამიანი შეეწირა. სპეცრაზმელები ხალხს ხელკეტებით უსწორდებოდა. მათ ასევე გამოიყენეს ცევხლსასროლი იარაღი. 198 ადამიანი დაიჭრა, თუმცა, ყველაზე დიდი ზიანი რუსი სამხედროებიდან დღემდე უცნობი ქიმიური გაზის გამოყენებას მოყვა, რომელმაც 3500-ზე მეტი ადამიანი მოწამლა.
ამ ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მართვა ვეღარ მოახერხა და მოუწიათ კომენდანტის საათის გაუქმება. მათ ასევე დაიწყეს ფორმალური გამოძიება მომხდარზე. მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, რაც ამ ტრაგედიიდან 2 წელიწადში მოხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ზვიად გამსახურდიამ უზენაეს საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღდგენილად გამოაცხადა.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი