საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი მულტიკულტერიზმით. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გავრცელებულია თბილისში, სადაც შეხვდებით თითქმის ნებისმიერი კულტურის ფენომენს. თუნდაც უბრალოდ იხეტიალოთ ქალაქში, გეზისა თუ მიმართულების განუსაზღვრელად, თქვენ აუცილებლად წააწყდებით სხვადასხვა კულტურის ნაგებობებს ყოველი ქუჩის კუთხეში, გარეუბნებშიც კი. ყველაზე მეტად, თვალშისაცემია ერთმანეთისგან გამორჩეული სალოცავები, ხოლო თითოულ ეკლესიასა თუ ტაძარს აქვს თავისი საოცარი ისტორია, რომელიც ძველი დროიდან იღებს სათავეს. ასე რომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, თუ გაცნობებთ მათი დაარსების ისტორიას.
კათოლიკური ეკლესიები
მახსოვს 2017 წლის 22 დეკემბერი იყო, "სამეფო უბნის თეატრში" მივდიოდი, ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი ფილმის მიხედვით დადგმული პიესა," მარიონეტთა ცხოვრებიდან" უნდა მენახა, ადრე მისვლა მომიწია და სასიამოვნო ამინდის დამსახურებით, დროის გასაყვანად სეირნობა გადავწყვიტე, სადღაც 7-ის წუთები იყო, ლამპიონები ენთო, დავეხეტებოდი სრულიად უმიზნოდ, როდესაც "წმ. ქალწულ მარიამის სახელობის" კათოლიკურ ეკლესიას წავაწყდი. ისე მოულოდნელი იყო, მეგონა ჩემს თვალწინ უეცრად ამოიმართა. გარედან საოცრად მორთული იყო, 3 დღეში ხომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული უნდა ეზეიმათ. ეზოში მრევლის წევრებს ბეთლემის იმიტაცია შეექმნათ თიხის ფიგურებით, ეკლესიის თავზე კი ოქროსფრად განათებული ციდან "მოწყვეტილი" ვარსკვლავი დაემაგრებინათ. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავწყვიტე შევსულიყავი. და მიხარია რომ ასე მოხდა. საკმევლის სურნელით გაჟღენთილ კედლებში მყოფს არაამქვეყნიური ემოციებით მავსებდა ორგანის ჟღრიალა ხმა. მსგავსი ეიფორია ჩემთვის არაფერს გამოუწვევია ... ეს დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ულამაზეს მოგონება დარჩება. ალბათ დაგაინტერესებთ მისი შექმნის ისტორიაც. პირველი კათოლიკური ეკლესია თბილისში აშენდა დომინიკელი ბერების მიერ, ჯერ კიდევ 1243 წელს. გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს (1318- 1346), რომის პაპის დაკვეთით, თბილისში მოიწვიეს კათოლიკური ეპარქია, რასაც მოყვა "ხარების კათოლიკური ეკლესიის" აგება თბილისის მახლობლად, კოჯორში. მოგვიანებით, 1795 წელს ირანის შაჰმა აღა მაჰმად ხანმა თავისი შემოსევების დროს სხვა ეკლესიებთან ერთად ისიც გაანადგურა. 1804 წელს, მეფისნაცვალ პავლე ციციანოვის იდეით წამოიწყეს ახალი კათოლიკური ეკლესიის აგება, ამჯერად ფსევდო-გოტიკურ სტილში და უწოდეს "წმინდა ქალწულ მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია". რეკონსტრუქცია დასრულდა 1806 წელს. როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ მთავრობის სათავეში, წმინდა ქალწულ მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია დახურეს. 1998-1999 წლებში ეპისკოპოს პეზოტის მფარველობით ის განაახლეს და კვლავ მოქმედ ტაძრად გამოცხადდა. მდებარეობის სანახავად დააჭირეთ აქ
(წმინდა ქალწულ მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია)
სინაგოგები
რაც შეეხება სინაგოგებს, მათაც დიდი ისტორია აქვთ ჩვენს ქვეყნაში. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ებრაელები საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მკვიდრნი არიან. ქრისტეშობამდე VI საუკუნეში იერუსალიმიდან დევნილი ებრაელების ნაწილი სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქვე დასახლდნენ, კერძოდ- მცხეთაში. ქართველების ლოიალური და გულისხმიერი დამოკიდებულების გამო, მალე, მცხეთაში მჭიდროდ დასახლებულმა ებრაელებმა შეძლეს აღემართათ საკუთარი სალოცავი- სინაგოგა. მოგვიანებით კი საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც განსახლდნენ. მათ შორის- თბილისში. აქ რამდენიმე მათგანს შეხვდებით. ყველაზე დიდი მოქმედი სინაგოგა მდებარეობს ლესელიძის ქუჩაზე. ის ააგეს 1910 წელს. აქვე არის ასევე მომცრო ზომის სინაგოგაც. მესამე არის ე.წ. “გუმბათოვანი სინაგოგა”, რომელსაც შევხდებით ანტონ კათალიკოსის სახელობის ქუჩაზე. დღეისათვის “გუმბათოვანი სინაგოგა“ არ არის მოქმედი, გადაკეთებულია დავით ბააზოვის სახელობის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმად საქართველოში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის. მდებარეობის სანახავად დააჭირეთ აქ
(მოქმედი დიდი სინაგოგა ლესელიძეზე)
მეჩეთები
და ბოლოს, მეჩეთებზეც მოგახსენებთ. მათი ისტორია იწყება დაახლოებით VIII საუკუნიდან, როდესაც მთელი მომდევნო 4 საუკუნის განმავლობაში თბილისი იყო მოქცეული ისლამური გავლენის ქვეშ. ამის შედეგად ისლამის, როგორც კულტურის გავლენა დაეტყო არა მხოლოდ ადამიანთა ცხოვრების სტილს, ასევე, არქიტექტურასაც. ბოტანიკური ბაღის მახლობლად, ქალაქის შუაგულში აშენდა პირველი მეჩეთი ქართლის მეფე როსტომის (1633-1658) თაოსნობით. XIX საუკუნეში მეჩეთის მინარეთებს რეკონსტრუქცია ჩაუტარა იტალიელმა არქიტექტორმა, ჯოვანო სკუდიერმა. კიდევ ერთი მეჩეთი იყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1522 წელს აშენდა ირანის შაჰ ისმაილ პირველის ბრძანებით. ეს იყო შიიტების მეჩეთი, რომელიც მოგვიანებით, კომუნისტებმა დაანგრიეს. მიზეზად კი დასახელდა მეტეხის ხიდის რეკონსტრუქცია. აქედან მოყოლებული, თბილისში მცხოვრები შიიტები და სუნიტები ლოცულობენ ერთად- სუნიტების/მეჩეთში, რომელიც მდებარეობს აბანოთუბანში და ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარია. მდებარეობის სანახავად დააჭირეთ აქ
(სუნიტების მეჩეთი აბანოთუბანში)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი