ძველი თბილისის ისტორიულმა ნაწილმა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა იერსახე. XIX საუკუნში აგებულ, ისტორიულ საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ შენობებს, ჩაენაცვლა სრულიად ახალი ნაგებობები. საბედნიეროდ, თბილისში ჯერ კიდევ არსებობს ის ქუჩები, ქუჩა-კიბეები, ჩიხები და აქ წარმოდგენილი ნაგებობები, თავისი დეტალებით, რომელებიც ინახავენ ქალაქის ისტორიას და საშუალებას გაძლევს იყო ტურისტი შენივე ქალაქში და აღმოაჩინო შენი წილი თბილისი.
ძველ თბილისში აქტიურად მიმდინარეობდა ვაჭრობა, მოსახლეობა დაკავებული იყო რეწვის სხვდასხვა დარგებით, რომელიც აისახა კიდეც ამ ქუჩათა სახელწოდბებში. ამდენად, გვაქვს ქუჩები სახელით - ბამბის რიგი, რკინის რიგი, მექვაბის რიგი, თოფხანა, ხარაზხანა, სირაჯხანა. გარდა ამისა, გვხვდება ხელოსანთა საქმიანობის აღმნიშვნელი ქუჩები - ოქრომჭედელის ქუჩა, სამღებროს ქუჩა, დაბახანა და ა.შ.
შუა საუკუნეებში თბილისი ძირითადად სამ ნაწილს მოიცავდა, რომელთა შორის სიდიდით კალა გამოირჩეოდა. კალას შემადგენელ ორივე ნაწილს – ზემო და ქვემო კალას შუასაუკუნეებრივი ქუჩათა ქსელი ედო საფუძვლად, რომელმაც დღევანდლამდე მოაღწია. ამჯერად, სწორედ კალას ქუჩებში კონცენტრირებულ, ძირითადად, XIX საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ ეზოიან-აივნიან საცხოვრებელი სახლების მაღალმხატვრულ ნიმუშებს გავეცნობით.
თბილისურ საცხოვრებელ სახლებში უმთავრესი ადგილი ეჭირათ აივნებს, რომლის სახეც XIX საუკუნის 40-იან წლებში საბოლოოდ მკვიდრდება. ეზოს შიდა მხრიდან საცხოვრებელ სახლებს სადა ხის მოხარატებული აივნები ამშვენებდა, მის ფასადზე კი გაცილებთ უფრო პომპეზური აივნები გვხვდება. პარალელს თუ გავავლებთ და გავიხსენებთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოს, იმერეთის და რაჭის შემორჩენილი სახლების აივნებს, კავშირი აშკარაა. სწორედ, მოხარატებული აივნის ტრადიცია დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი საცხოვრისის ოდა სახლებიდან მოდის. ცნობილია, რომ ჭვირული აივანი აღმოსავლეთ საქართველოში, სწორედ დასავლეთ საქართველოდან მოგზაური ოსტატების მიერ გავრცელდა. ამ აივნების ესთეტიური ღირებულების გარდა, აქ წარმოდგენილ ორნამენტებს აქვთ თავიანთი სიმბოლური მნიშვნელობებიც.
საცხოვრებელი სახლების სიძველით გამოირჩევა ალექსანდრე დიუმას ქუჩა, რომელიც კალას უბანში მდებარეობს და თავისუფლების მოედნიდან ლესელიძის მიმართულებით პირველივე გადამკვეთი ქუჩაა ხელმარცხნივ. აღნიშნული ქუჩა მთლიანად წარმოადგენს ქალაქის ფასეულობას, თუმცა გამოვყოფთ რამოდენიმე ნაგებობას. ქუჩის დასაწყისშივე დიუმას №8 დგას საცხოვრებელი სახლი, რომელიც გამოირჩევა მდიდრულად მოხარატებული ორმაგი საფასადო აივნით. სახლი აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში.
დიუმას №13-ში მდებარეობს 1840 წელს აგებული ორსართულიანი სახლი. ის თავისი მაღალმხატვრულობით გამოირჩევა მიმდებარე განაშენიანებაში. საცხოვრებელ სახლს გააჩნია ორი სხვადასხვა სტილის ფასადი ქუჩის და შიდა ეზოს მხრიდან. შეულესავი აგურის სადა ფასადს თაღებიანი, დღეს უკვე შემინული ხის აივანი ამკობს. ეზოსკენ მიმართული ფასადი ძალზე დეკორატიულია. პირველი სართულის ხის მრგვალ სვეტებს მეორე სართულის ფერადმინებიანი, მუშარაბიანი შუშაბანდი ეყრდნობა, რომლის თაღედის შუა ნაწილი ნახევარწრიულია, ხოლო კიდეები - შეისრული.
დიუმას №9 საცხოვრისი აივანი, რომლიც ქუჩის მხრიდან იკითხება ასევე განსაკუთრებით ლამაზია. სამწუხაროდ, ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა ამ მდგომარეობაშიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ეზოში ასევე ნახავთ თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელ რკინის სპირალურ კიბეებს, რომელიც მეორე სართულს უკავშირდება.
დიუმას ქუჩიდან პირველივე გადამკვეთი ქუჩა ხელმარჯვნივ არის კალისტრატე ცინცაძის ქუჩა, სადაც უკვე ხელმარცხნივ მოვხვდებით ძალიან პატარა -ოქრომჭედელის ქუჩაზე. მართალია, ისტორიული ცნობები არ არსებობს იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი ოსტატები მოღვაწეობდნენ, თუმცა სახელწოდებიდან გამომდინარე ცხადია, რომ აქ ცხოვრობდნენ შესაბამისი ხელობით დაკავებული ოსტატები. ოქრომჭედელის №4 მდებარე საცხოვრისი ძალიან პატარაა, რომლის შიდა ეზო ქუჩიდანაც იკითხება. სახლში შემავალ კარებს 2017 წლამდე შემორჩენილი ჰქონდა ძალიან საინტერესო სახელური. სამწუხაროდ, დღეს აღნიშნული სახელური არ არის ადგილზე. თუმცა მსგავსი გვხვდება თამარ ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) არსებულ ერთ-ერთი სახლის კარებზე.
ოქრომჭედელის ქუჩიდან გამოვდივართ ვერცხლის ქუჩაზე, რომელიც მარცხენა შესახვევიდან აგრძელებს ავლევის ქუჩაზე, ხოლო მარჯვნივ კი აკოფიანის ქუჩაზე. უხვად არის დეკორირებული ვერცხლის ქუჩა №43 მდებარე სახლის აივანი. სახლი მარცხნივ მკვიდრად ებჯინება ახლად აშენებულ, თანამედროვე სტილის, ხოლო მარჯვნის კი XIX საუკუნის II ნახევარში აგებულ საცხოვრებელ სახლებს. კლასიცისტური ელემენტების საცხოვრებელი სახლის ფასადი შელესია, რომლის მეორე სართულის დონეზე ფასადის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ხუთ თაღიანი აივანი. აივანი შემინულია სავარაუდოდ XX საუკუნის II ნახევარში. მისი თაღები ფიცარშია ამოხერხილი. აივნის მოაჯირის ფიცრები, თაღების მსგავსად აჟურულია.
ყურადღებას იპყრობს ასევე ავლევის №19-ში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში. ეზოსკენ მიმართული აივანი ორ სართულადაა განლაგებული. აქვე გვხვდება, როგორც ხის სპირალური, ასევე სწორხაზოვანი კიბეები. ძალიან დახვეწილია აკოფიანის № 4/9 ორი სართულის დონეზე საცხოვრებელი სახლის ცისფრად შეღებილი აივანი, რომელიც დამშვენებულია განსაკუთრებულად ჭვირული თაღებით. აკოფიანისა და ავლევის ქუჩიდან გავდივარ იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სადაც №11 მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანი გამოირჩევა თავისი მაქმანისებური ჭვირული ხის თაღებისა და რკინის მოაჯირით.
ამდენად, ჩვენ მიერ წარმოდგენილი რამდენიმე სახლი, ქუჩები, სადაც ისინი მდებარეობენ, აივნების ორნამენტები და დეტალები წარმოდგენას შეგვიქმნის თუ სად და როგორ ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსახლეობა XIX საუკუნის თბილისში. აქ ნაჩვენები სახლები, რომლებიც კონცენტრირებულია ზემო კალასა და საკუთრივ, კალას უბანში, საშუალებას გაძლევთ დეტალურად მოიაროთ და დაათვალიეროთ ამ უბანში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საცხოვრისი და აღბეჭდოთ თქვენს ფირებზე.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი