მეტეხის ხიდი - წმ. ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი - თბილისის ძველ უბანში, მდინარე მტკვარზე, მეტეხის ტაძართან მდებარეობს. ხიდიდან ქალაქის შესანიშნავი ხედები იშლება და თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. გარდა კლდის პირზე მდგარი მეტეხის ტაძრისა აქედან კარგად მოჩანს უმნიშვნელოვანესი და დიდი ისტორიის მქონე ძეგლი - ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ქართლის დედა და ძველი თბილისის მრავალფეროვანი არქიტექტურა. ხიდიდან ულამაზესი სანახაობა იშლება ღამით, წყალზე არეკლილი განათებული ქალაქი ჯადოსნური და დაუვიწყარია. აქვეა ღვინის აღმართი და დარეჯანის სასახლე, მეიდანი ჭრელი ხალიჩებითა და მოჩუქურთმებული აივნებით, აბანოთუბანი, თბილისის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა. მეტეხის ხიდთან მდებარეობს რიყის პარკიც - ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გართობისა და განტვირთვისთვის. რიყის პარკიდან ნარიყალაზე საბაგიროთი ასვლაა შესაძლებელი. ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე მრავალ კაფეს, რესტორანსა და სასტუმროსაც იპოვნით სადაც ქართული სამზარეულოს დაგემოვნებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გარშემორტყმული და ფერადოვანი გარემოთი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული მეტეხის ხიდი უამრავ ადამიანს იზიდავს, მას ხშირად სტუმრობენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები.
ისტორია
მეტეხის ხიდს დიდი ისტორია აქვს. აქ, დღევანდელი ხიდის ადგილას ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში არსებობდა ხიდი, რომელიც მდინარესაკენ ორივე მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული და ნაგებობათა სისტემა მდინარის კალაპოტზე და მის გასწვრივ გამავალი გზის ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლეოდა. უძველესი ხიდის ბურჯზე აღმართული იყო ჯვარი - „...ზედა აღმართული იყო პატიოსანი ჯუარი ხიდისა“ („აბო თბილელის მარტვილობა“). შესაძლებელია, რომ ხიდს რელიგიური დატვირთვაც ჰქონდა. ხიდი არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა ან თავიდან აშენებულა. წყაროების მიხედვით თავიდან აქ ერთმალიანი ხის ხიდი იყო. 1046 წელს, როდესაც ბაგრატ IV შემოვიდა თბილისში, ისნელებმა ხიდი აყარეს „...და არ მისცეს ისანი“ („ქართლის ცხოვრება“). მომდევნო პერიოდებში კვლავ არაერთხელ განხორციელებული რეკონსტრუქციების შემდეგ 1797 წელს იგი აღადგინეს, თუმცა მხოლოდ 1805 წლამდე იარსება. ხიდი ადიდებულმა მტკვარმა წაიღო. 1805 წელს აგებული ხის ხიდი 1826 წლამდე იდგა, შემდეგ ის ხისავე თაღოვანმა ხიდმა შეცვალა. 1870 წელს აქ ლითონის ხიდი აღმართეს. ახლანდელი მეტეხის ხიდი 1951 წელს გაიხსნა. იგი რკინაბეტონისაა და ორმალიანია. მშენებლობამ ძველი თბილისის ერთ–ერთი კოლორიტული უბანი იმსხვერპლა. საცხოვრებლების გარდა მტკვრის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ქარვასლებიც დაინგრა და ე.წ. „შაჰ–აბასის“ მეჩეთიც, მოპირკეთებული მაიოლიკით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა