დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
28 აგვისტო, 2018

ყველა თავის ჭიას ახარებს - მოგზაურობა ყელის ტბაზე

კატეგორია: ლაშქრობა

ყველა თავის ჭიას ახარებს და ყველას ჭია სხვადასხვანაირია. ჩემს ჭიას ბუნებაში ხეტიალი ჰქვია და ნამეტანი გრძელია ჭია მყოლია, როგორც პრაქტიკა მოწმობს. ყველას გქონიათ მომენტი როდესაც ეს ჭია შეგიძვრებათ და იქამდე არ მოგეშვებათ სანამ სასურველს არ გაგაკეთებინებთ. ჩემს ჭიას მადა გაეხსნა და მეც ავტყდი „სამგლე გოჭივით“. მგლის როლში მკაცრი ბუნება და რუს/ოსის სასაზღვრო კონტროლის „სალდატები“ გახლდნენ, ხოლო გოჭი - თქვენი მონა-მორჩილი. ჭიამ შემიჩიჩხინა და მეც გავბედე. მოვინდომე ყელის ტბის მონახულება. ყელის ტბა ყელის ვულკანურ პლატოზე მდებარეობს სადაც გადის ე.წ. საოკუპაციო სასაზღვრო ზოლი. თავად ტბა ოკუპირებული საზღვრის მიღმაა. ბევრი ფიქრისა და იმის იმედით, რომ ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე ჩემს დასაჭერად და შესაჭმელად თავს არავინ შეიწუხებდა გადავწყვიტე ბედი მეცადა.

მარშუტი რუკაზე მოვხაზე და გეგმა შევადგინე: მლეთა - ყელის ტბა - ყელის ვულკანური პლატო - ტბა ყელიწადი - თრუსოს ხეობა.
• დღე პირველი: პირველ დღეს ჩვენს „კონტროლირებად“ ტერიტორიაზე უნდა მევლო და დავბანაკებულიყავი ე.წ. სასაზღვრო ზოლთან ახლომდებარე ტბებთან;
• დღე მეორე: უნდა შევსულიყავი ე.წ. საზღვრის იქით, მენახა ტბა და გზა გამეგრძელებინა ყელის ვულკანურ პლატოზე, მივსულიყავი არჩვების ტბასთან, სადაც ე.წ. საზღვარია და გადავსულიყავი ყელიწადის ტბაზე;
• დღე მესამე : ყელიწადიდან - თრუსოში და მერე კობში.

„ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო“ - მთლად შეუიარაღებელი ვერ წავიდოდი და არც გული მაქვს რკინის. ვიფიქრე ბინოკლს ვითხოვებ და შორიდან დავზვერავ სანამ შევტოპავ „უკონტროლო“ ტერიტორიაზე მეთქი. მოკლე დროში ბინოკლის შოვნა ვერ მოვახერხე, თუმცა თანამშრომელმა მათხოვა ციფრული აპარატი 55 - 250 ლინზით. აპარატი აპარატად და ლინზამ თავისი საქმე წარმატებით შეასრულა.
სწრაფად უნდა მემოძრავა ამიტომ მარტო საჭირო ნივთები ჩავალაგე ზურგჩანთაში და ჩემი მოხაზული მარშრუტი მეგობრებს გავუგზავნე ყოველი შემთხვევისთვის. მარტო მივდიოდი ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულობა გასამმაგებული მქონდა. შიში ოხერია.

დილით ადრიანად შემოვახტი ჩემს ლურჯას და 9 საათისთვის უკვე მლეთაში ვიყავი და ვიკაზმებოდი. უკან დახევა არ განიხილებოდა და მეც დავადექი გზას. მლეთიდან ჯერ ხეობას გავუყევი, მერე ბილიკს დავადექი და შევუყევი აღმართებს. კარგი ამინდი, ჩვენი „კონტორლირებადი“ ტერიტორია და მეც არხეინად მივუყვები ბილიკს. მობილური სანამ იჭერს მეგობრებს ბოლო ლოკაციას ვუგდებ ჩატში და „მეუღლეს“ ვურეკავ. მეუღლე რაჭაში ისვენებს მეგობართან და მარტო ის იცის, რომ სახეტიალოდ მივდივარ. ვუთხარი რომ მარტო ვიყავი და ყელიწადის ტბაზე მივდიოდი, მარშრუტის დეტალები აღარ მომიყოლია. გავამხნევე არაფერი მომივა „პირველად ხო არ მივდივარ მარტო მეთქი“.

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივუახლოვდი ე.წ. საზღვარს. მობილურის აპლიკაციამ და ჩაწერილმა მარშრუტმა მითხრა სიფრთხილეს უმატე და ცოტა შორიდან მოუარეო. გაათმაგებული სიფრთხილითა და ჰორიზონტის ხშირი შემოწმებით მივიწევ წინ. ბანაკი სამი ტბის მახლობლად უნდა გამეშალა. უსახელო ტბები (ან მე ვერ ვიპოვე რა ჰქვიათ) google earth-ზე ვიპოვე და აქ მქონდა გადაწყვეტილი დაბანაკება.

ჩამავალი მზის სხივები განსაკუთრებულად ლამაზს ხდიდა ტბებს და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. კარავი ტბებს შორის გავშალე და აპარატს ვტაცე ხელი.

ბანაკი დიდ ტბებს შორის მქოდა გაშლილი. შორიდან კაცის შეძახილი და ძაღლის ყეფა მომესმა. შეძახილზე შევატყვე, რომ ქართველი იყო და სავარაუდოდ ყველაზე პატარა ტბასთან უნდა ყოფილიყო. ჩემი ბანაკი პატარა ტბიდან არ ჩანს ამიტომ ბედის გამოცდა არ მინდოდა, იქნებ ვცდებოდი და არ იყო ქართველი, არ გადავედი იმ კაცის გასაცნობად.

ხედებით დამტკბარმა, დანაყრებულმა იმის იმედით, რომ ხმა რომელიც მომესმა ქართველისა იყო, თავი ძილს მივეცი.

დილით სხარტად ავდექი, გავემზადე და გზას შევუდექი. წყალი ძალინ ცოტა მქონდა და პირველ რიგში მარაგი უნდა შემევსო. ნაკადული მალევე ვიპოვე და გეზი უკვე ჩამქრალი ვულკანისკენ ავიღე, საიდანაც ყელის ტბაზე უნდა გადამეხედა. სასიარულო გაცილებით მარტივი აღმოჩნდა, ხეობის ბოლომდე თითქმის სწორ ზედაპირზე მომიწია სიარული. ბილიკი ვიპოვე და აღმართი რთულად აღარ მეჩვენებოდა. ვულკანთან როდესაც მივედი ჩანთა მოფარებულში დავტოვე, აპარატები მოვიმარჯვე და ვულკანზე უკანა მხრიდან დავიწყე ასვლა. ჯოხებმა თავის გასაკეთებელი გააკეთეს, "4X4" რეჟიმით უფრო მალე ავედი.

მარცხნივ მდებარე მთის ქედზე გადის "სასაზღვრო ზოლი". აგურისფერი მთის წვერი გახლავთ ჩამქრალი ვულკანი.

ტბამ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან ლამაზი და მასშტაბური აღმოჩნდა. ამ დროს ე.წ. საზღვარს გადასული ვიყავი და სანამ ამ სილამაზის აღბეჭდვით დავკავდებოდი დავიწყე დაზვერვა. ტბის გარშემო არავინ ჩანდა და მიხაროდა, ტბასთან ახლოს მისვლა მინდოდა. ტბის მარცხენა მხარეს ქოხი შევამჩნიე და ჩემი სურვილები წყალს გავატანე, თუმცა გულს არ ვიტეხდი. ქოხთან გარეთ სულიერის ჭაჭანება არ იყო და ამით შეგულიანებულმა დავიწყე ჩამქრალი ვულკანიდან გარემოს უკვდავყოფა. ყველა შესაძლო კუთხიდან გადაღება რომ დავასრულე, განცხრომისთვის მოვემზადე და ულამაზესი ხედის ფონზე მივირთვი ბოლო ვაშლი, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა შემონახული.

ვინ დაგაცდიდა სილამაზით მშვიდად ტკბობას. მალევე მოისმა შორიდან ძაღლის ხმა. მოვკრიფე ყველა ნივთი, ტბას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და დავეშვი ჩანთისაკენ. ჩანთიდან მარშრუტი უფრო სიღრმეში შედიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვუყურებდი გასავლელ მანძილს, შევამოწმე აპლიკაციაში ტოპოგრაფიულ რუკა და ვფიქრობდი, რომ თუკი ავასწრებდი მთაზე, რომელიც ყელის ვულკანის ძირში ამიყვანდა, მერე უკვე შედარებით მშვიდად ვიგრძნობდი თავს. რელიეფი რუკაზე შედარებით სწორი ჩანდა და საათ-ნახევარში ყელიწადთან ამოვყოფდი თავს. ყველაფერი ასე აგიხდეთ; ყელის ვულკანის ძირში მალე მივაღწიე, როცა უკან მოვიხედე, დავმშვიდდი ტბიდან ვერავინ დამინახავდა და მწვერვალზე ასვლით კიდევ არავინ შეიწუხებდა თავს. ყელის ვულკანის სამხრეთით ვნახე ძალიან ლამაზი უსახელო ტბა, რომელიც ვფიქრობ ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

მალევე დავიძარი არჩვების ტბისკენ, დავუბრუნდი ჩვენ მიერ „კონტროლირებად“ ტერიტორიას და უფრო მშვიდად ვიგრძენი თავი. წინ ყელიწადი იყო და შემეძლო მშვიდად ამომესუნთქა.

ყელიწადზე გადასვლით სანერვიულო უკან მოვიტოვე და გემრიელად მოვკალათდი, რათა ახლა უკვე ყელიწადის სილამაზით დავმტკბარიყავი. სხვანაირი შეგრძნებაა სამშვიდობოს გამოსული ამ ყველაფერს რომ იხსენებ და ჯერ კიდევ ტკბები ყელიწადის ტბის სილამაზით.

ახლა როცა ამას ვწერ ვფიქრობ რატომ წავედი და კონკრეტულ პასუხზე ვერ ვყალიბდები. მიზეზი ბევრია. რაც არ გინახავს იმას ვერ აფასებ და მინდოდა მენახა და სხვებისთვისაც მეჩვენებინა რა ადგილებს გვეცილებიან.

თეგები: #ოკუპირებული ტერიტორია
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი