მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. აქ მოხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც არ დაიზარებს და სწორ დროს, საჭირო აღჭურვილობით, გამოცდილ გუნდთან ერთად ეწვევა მას.

მოდით დავიწყოთ ტექნიკური დეტალებით:
მყინვარწვერი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5047 მეტრია, თუმცა თუ მას აგვისტოში ეწვევით თქვენი GPS 5033 მეტრს დააფიქსირებს. სავარაუდოდ ზამთარში თოვლის საფარის მატების გამო მისი სიმაღლე უფრო მეტია. მყინვარწვერიდან ეშვება რამდენიმე მყინვარი: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა. აქედან იღებს სათავეს მდინარე თერგი. მყინვარწვერი საქართველოში სიმაღლით მესამე მწვერვალია, ის სულ რაღაც 150 მეტრით ჩამოუვარდება უმაღლეს მწვერვალ შხარას.

მწვერვალი ზამთარ-ზაფხულ თოვლით არის დაფარული. მყინვარებზე შეხვდებით უკიდეგანო ნაპრალებს რომლებსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შთანთქეს. მყინვარწვერზე ასვლა შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ზამთარსა და გაზაფხულზე ის უკიდურესად საშიშ ზონას წარმოადგენს რადგან მის ირგვლივ მრავლადაა საზვავეები. ასევე ტემპერატურა მკვეთრად დაბალია ზამთარში და შესაბამის მომზადებასა და აღჭურვილობას მოითხოვს. მათთვის, ვინც ასეთი სირთულეებისთვის მზად არ არის სეზონი ზაფხულის მეორე ნახევარში იხსნება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში ყველაზე დიდხანს ანათებს მზე მყინვარის ცივ ფერდობებს, რაც თავის მხრივ იწვევს თოვლის დნობას და გზა ნაკლებად სახიფათო ხდება. სექტემბრის პირველ ნახევარში თოვლის საფარი მინიმალურ დონეს აღწევს და ნაპრალებში ჩავარდნის შანსიც მაქსიმალურად მცირდება, რადგან ყველაზე მთავარი პრობლემა - თოვლით დაფარული ნაპრალი უკვე იშვიათი ხდება. ამ პერიოდში წვიმა და ქარიშხალიც იშვიათად სტუმრობს ხევის დედოფალს და შესაბამისად ტურისტთა ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს მიემართება მწვერვალისკენ.

თუმცა მყინვარწვერზე ასვლა სახუმარო ნამდვილად არ არის და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ მრავალმა გამოცდილმა თუ გამოუცდელმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე მის თეთრ კალთებზე. აქ ყველაზე მთავარი მტერი ნაპრალია, რომელიც ყოველთვის არ ჩანს და არასოდეს იცი როდის გაგიღებს გულის კარებს და სამუდამოდ ჩაგიკრავს გულში. ნაპრალებისგან თავდასაცავად იყენებენ თოკს, რომელშიც ჩაბმულია ყველა გუნდის წევრი და გადაადგილდებიან გარკვეული მანძილის დაშორებით, რათა ნაპრალში ჩავარდნის შემთხვევაში გუნდის სხვა წევრებმა შეძლონ და მყინვარს ხელიდან გამოსტაცონ უიღბლო მეგობარი. გზად ბევრგან შეხვდებით წარწერას, რომელიც გვაფრთხილებს, რომ მყინვარწვერს არ უყვარს მარტოხელები და გვირჩევს ვიაროთ გუნდთან ერთად თოკში ჩაბმულებმა. მეორე სერიოზული საფრთხე, რომელსაც ასევე არაერთი ადამიანის სიცოცხლე მიუსაკუთრებია არის მეხი. უამინდობის დროს ხშირად უგზავნის ზეცა მოზღვავებულ ენერგიებს ხევის დედოფალს, ამიტომ უმჯობესია ჭექა-ქუხილისა და წვიმის შემთხვევაში არ წახვიდეთ მწვერვალზე. ნუ იჩქარებთ! ხევის დედოფალი მილიონობით წელია იქ დგას და უახლოს მომავალში არსად წასვლას არ აპირებს. ასე რომ დაელოდეთ საუკეთესო შანსს, საუკეთესო ამინდს, სწორად შეარჩიეთ გუნდის წევრები და ეცადეთ თავიდან აირიდოთ ის, რისი არიდებაც შეგიძლიათ...

რაც შეეხება აღჭურვილობას, მყინვარწვერზე ასასვლელად შემდეგი აღჭურვილობა გჭირდებათ: თბილი და წყალგაუმტარი ქურთუკი, შარვალი და ხელთათმანები, სპეციალური სამთო ფეხსაცმელი, ალპინისტური ქამარი, წრიაპი, წერაყინი, თოკი და კარაბინი. აღნიშნული აღჭურვილობის ქირაობა შეგიძლიათ ყაზბეგში ან მეტეო სადგურზე.