ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში. ჩემი აზრით, ეს ტბა სილამაზით მეორე ადგილზეა ტობა-ვარჩხილის ტბების შემდეგ. ტბა მოქცეულია ორ უზარმაზარ მთას შორის. ტბას აქვს გულის ფორმა რაც მას ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მასში ხეობის მთავარი მდინარე - ტანიეს წყალი არც ჩაედინება და არც გამოედინება, ეს იმიტომ, რომ ამ ხეობაში ერთ ძალიან უცნაურ ბუნების მოვლენას შეხვდებით, მდინარე ტანიესწყალს არამხოლოდ სათავე, დასასრულიც გააჩნია, რომელიც ტანიეს ტბის გზაზე მდებარეობს და ყველას შეუძლია ნახვა. მარტივად რომ ვთქვათ, მდინარე ტანიეს წყალი დაბადებიდან რამდენიმე კილომეტრში უბრალოდ ქრება და გზას მიწისქვეშ აგრძელებს. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ამ მდინარეს ვერსად იხილავთ, ტანიეს ტბას ეს მდინარეც ქმნის თუმცა არა მიწის ზედა, არამედ მიწისქვეშა შენაკადებით. ტანიეს ტბა სუფთა და კამკამა წყლით გამოირჩევა, რადგან მასში ჩამავალი ნაკადი მიწისაგან იფილტრება და იშვიათად იმღვრევა.

ტანიეს ტბა

ზაფხულში ტანიეს ტბაში წყალი საკმაოდ თბილია სხვა მთის ტბებთან შედარებით და ამიტომ აუცილებლად წაიღეთ საცურაო კოსტუმი. მზის სხივებისგან დამწვარ-დაშანთულ მოლაშქრეებს ცივი ლუდის დალევასავით სიამოვნებთ ამ ტბაში ბანაობა. აქვე არის ერთი მოზრდილი ქვა საიდანაც თავით გადმოხტომაც კი შეგიძლიათ.


მოლაშქრეები ვახსენეთ და მოდით იმაზეც ვისაუბროთ თუ როგორ შეიძლება ამ ტბასთან მოხვედრა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არც ისე მარტივია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მკითხველს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს, როცა გაიგებს, რომ ამ სილამაზის სანახავად კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადალახვა მოუწევს, რომელიც დაახლოებით 6 ჯერ დიდია მთაწმინდაზე.

ტანიეს უღელტეხილი

ხოლო საბედნიეროდ იმიტომ, რომ სწორედ ამ რთული ვითარების გამო ტბას ძალიან იშვიათად ჰყავს სტუმრები და აქ ვერ შეხვდებით საცობებს ფოტოს გადასაღებ ადგილებზე, როგორც ეს აბუდელაურის ტბებზე ხდება. არც მაინცდამაინც გზაზე დაყრილი ბოთლებისა და სნიკერსის ქაღალდების რაოდენობა შეგაწუხებთ, ასე მრავლად რომ არის ხოლმე საქართველოს მთებში მიმობნეული. ასე რომ, გადახედეთ ფოტოებს და თუ ამ ტბამ თქვენი გულიც მოიგო ნუ დაღონდებით, დაიწყეთ ვარჯიში, აისეირნეთ კვირაში ორჯერ მთაწმინდაზე ფეხით, შემდეგ ცოტა გაზარდეთ სიჩქარე და მანძილი და სულ რამდენიმე თვეში თქვენ უკვე შეძლებთ ამ საოცარ სამყაროში მოხვედრას, რომელსაც არხოტი ჰქვია და ნამდვილად არის ჯიხვ-არწივების მხარე. ხოლო თუ თქვენ უკვე გამოცდილი მოლაშქრე ბრძანდებით და არაერთი მთა გადაგილახავთ, ალბათ ამ ტბაზე მოსახვედრი გზაც გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ტანიეს ტბის მარშრუტის რამდენიმე ვერსია არსებობს. ის მდებარეობს საკმაოდ პოპულარულ სალაშქრო მარშრუტზე, რომელიც მთელ ტანიეს ხეობას გაივლის. თუმცა თითოეული მარშრუტი შეიძლება შევარჩიოთ თავისუფალი დღეების მიხედვით. ერთ დღეში აქ მისვლა-დაბრუნებას ვერ მოასწრებთ, ასე რომ თუ ტანიეს ტბაზე საღამოს გასეირნებას გეგმავთ დაივიწყეთ. ტბის მონახულებას მინიმუმ ორი სრული დღე სჭირდება. თუ თქვენ ორი დღის მეტი არ გემეტებათ ამ სილამაზისთვის მაშინ თქვენი მარშრუტი იწყება სოფელ უკანხადუში, ატაბეს მახლობლად და მიუყვება ბილიკს ტანიეს უღელტეხილისაკენ სადაც სავარაუდოდ საღამოს მიაღწევთ. ამ მარშრუტის ნახვა და GPS ტრეკის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ატაბე - ტანიეს ტბის სალაშქრო ბილიკიდან.  ჩემი რეკომენდაციაა, დაბანაკდეთ უღელტეხილთან ახლოს, წყლიან, უქარო ადგილას და მხოლოდ მეორე დღეს დაეშვათ ტბის მოსანახულებლად ჩანთების გარეშე, რადგან ტბა უღელტეხილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს და საკმაოდ დიდი დაღმართის ჩავლა გიწევთ რომელიც უკანა გზაზე აღმართად გადაგექცევათ.

ტანიეს ტბა უღელტეხილიდან

სწორედ ამიტომ სჯობს ჩანთების გარეშე ამ გზაზე გადაადგილება. ჩანთებს ბანაკში დატოვებთ და უკან დაბრუნებულებს 2-3 საათის გზა გექნებათ უკანხადუმდე სადაც მანქანა გელოდებათ. აღსანიშნავია, რომ უკანხადუდან ასასვლელი ბილიკი ძალიან რთულია და ბევრი გამოცდილი მოლაშქრეც კი ავად მოიხსენიებს ამ აღმართს, რადგან აქ მანძილი სულ რაღაც 6 კილომეტრია ხოლო სიმაღლეთა სხვაობა 1200 მეტრი. რაც ნიშნავს, რომ ერთ კილომეტრში საშუალოდ 200 მეტრის აწევა გიწევთ, ეს კი დაახლოებით იმას აღმართს ჰგავს, მთაწმინდაზე ტრამვაის გზაზე რომ კიბეებია. თუმცა ამ გზას ალტერნატივაც გააჩნია და ტანიეს უღელტეხილზე დათვიჯვრის უღელტეხილიდანაც შეგიძლიათ მოხვედრა. დათვიჯვრიდან მანძილი უფრო დიდია (12კმ), მაგრამ სიმაღლეთა სხვაობა საკმაოდ მცირე, რადგან მოძრაობას იწყებთ 2700 მეტრიდან და მცირე აღმართ-დაღმართების შემდეგ ადიხართ 3000 მეტრიან არხოტის უღელტეხილზე. ამავე დროს ეს სალაშქრო ბილიკი გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, რადგან ქედზე მიდის და ორივე მხარეს საოცარ ხედებს გადაუშლის მოგზაურს თვალწინ. დათვიჯვარი - ტანიეს სალაშქრო ბილიკის მონაკვეთი შეგიძლიათ ნახოთ მარშრუტზე ჯუთა - არხოტი - ტანიე - დათიჯვარი
თუ გამოცდილი მოლაშქრეები არ ხართ და სიარული გიჭირთ მაშინ ამ მარშრუტით შეიძლება 3 დღეც დაგჭირდეთ, რადგან მეორე დღეს ტბაზე ჩასვლა ამოსვლა 10 კმ ს უდრის და ამის მერე კიდევ 12 კმ ს გავლა მარტივი ნამდვილად არ არის. ასე რომ, შეგიძლიათ მეორე დღე მთლიანად ტბაზე გაატაროთ და მესამე დღეს დაბრუნდეთ დათვიჯვრის უღელტეხილზე.

ხოლო თუ თქვენ ამ საოცარი ტბისთვის 5 დღის დათმობაც არ გენანებათ მაშინ ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად დაიწყოთ ჯუთადან, გაიაროთ ულამაზესი უღელტეხილი არხოტისთავზე და დაეშვათ მდინარე ჭიმღის წყლის ხეობაში რომელიც ახიელამდე მიგიყვანთ. ამის შემდეგ მოინახულებთ სოფელ ამღას და ულამაზესი და ურთულესი ტანიეს ხეობით აუყვებით გზას ზემოთ, ტანიეს ტბისაკენ საიდანაც შეგიძლიათ მარშრუტი დაასრულოთ როგორც უკანხადუში, ისე დათვიჯვრის უღელტეხილზე. როგორც ზემოთაც ვახსენეთ ამ მარშრუტის ნახვა  და GPS ტრეკის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჩვენი უკვე დამუშავებული სალაშქრო ბილიკიდან: ჯუთა - არხოტი - ტანიე - დათიჯვარი

ტანიეს ტბა და ტანიეს ხეობა

თუმცა სანამ ტანიეს ტბის მოსანახულებლად წახვალთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის კუსტბა და ლისის ტბა. აქ მოხვედრა საკმაოდ სახიფათოა და თუ გზაში რაიმე პრობლემა შეგექმნათ ტაქსს ვერ გამოიძახებთ სახლში წასასვლელად. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უამინდოაში (წვიმაში, ნისლში, ქარში და თოვლში) 3000 მეტრიანი უღელტეხილის გადალახვა ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. აუცილებლად იქონიეთ თან GPS მოწყობილობა ან უბრალოდ თქვენი ტელეფონი რომელზეც ჩაწერთ რომელიმე GPS აპლიკაციას და თქვენს მიერ მიზანდასახულ GPS მარშრუტს. ის დაგეხმარებათ გზა გაიკვლიოთ ნისლში, ვინაიდან მთაში ნისლში ორიენტირება ძალიან რთულია. თუ GPS აპლიკაცია არასოდეს გამოგიყენებიათ აუცილებლად წაიკითხეთ სტატია GPS აპლიკაციების შესახებ.


იმედი მაქვს არ დაზარებთ და აუცილებლად ეწვევით ამ ულამაზეს ადგილს და გაგვიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

ტანიეს ტბა ზედხედი


დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ Facebook გვერდზე და ვეცდებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ თითოეულ კითხვაზე.