ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით და მოაწყოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობები. ტურისტული მარშრუტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრში მიიღებთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს თავგადასავლების მაძიებლებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
ისტორია
ბორჯომის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I საუკუნის თლილი ქვით ნაგები აბაზანის ნაშთები. როგორც ჩანს, ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI-XVIII საუკუნეებში ბორჯომის ხეობაზე ოსმალეთის გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერალური წყლების არსებობაც დავიწყებას მიეცა. ისტორიულ წყაროებში ბორჯომი პირველად XIX საუკუნეში იხსენიება. მისი დაარსება მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენამ განაპირობა. XIX საუკუნის დასაყისში ამჟამინდელი ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მინერალური წყლის ორი საბადო იპოვნეს, იქვე ააშენეს საცხოვრებლებიც და სწორედ ამ დასახლებას დაერქვა ბორჯომი. ეს ტერიტორია ავალიშვილებს ეკუთვნოდათ, 1871 წელს კი კავკასიის მეფისნაცვალს - მიხეილ რომანოვს გადაეცა. რომანოვისთვის მდინარე მტკვირს მარცხენა ნაპირზე ორსართულიანი სასახლე ააშენეს. 1890 წელს დაიწყო „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა. 1892-1895 წლებში ლიკანში სასახლის კომპლექსი აშენდა და დიდი პარკი მოეწყო. 1894 წელს ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზი გაიყვანეს, 1898 წელს კი ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა. XIX საუკუნის ბოლოს ბორჯომში უკვე რამდენიმე საწარმო მოქმედებდა. ქალაქის სტატუსი ბორჯომმა 1918 წელს მიიღო. დღესდღეობით ქალაქი კეთილმოწყობილი და ტურისტულად ძალიან მიმზიდველია.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს არის თუ არა ბორჯომში ტურისტული სააგენტო და როგორ დავუკავშირდეთ მათ?
სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ბორჯომში არსებული ტურისტული სააგენტოების შესახებ ინფორმაციას. არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, იქნებ მათ შეეხმიანოთ ნომერზე: 577640444