ყაზბეგი და მისი შემოგარენი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ადგილია. ერთდღიანი ტური ყაზბეგის მიმართულებით საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ისტორიული ადგილები, ისიამოვნოთ რეგიონის ულამაზესი პანორამული ხედებითა და დააგემოვნოთ ადგილობრივი უგემრიელესი კერძები. ყაზბეგის ტური თბილისიდან იწყება და ჩრდილოეთისკენ მიემართება. ეს არის მთავარი გზა, რომელიც თბილისიდან ვლადიკავკასში გადადის, გზის სიგრძე 220 კილომეტრია და ულამაზესია თავისი კავკასიის მთებით. ეს გზა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ერთადერთი ლეგალურად მოქმედი გზაა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს.
ჟინვალის წყალსაცავი და ანანურის ციხე
ჟინვალის წყალსაცავი პირველი მოსანახულებელი ადგილია, რომელიც გზად გვხვდება. ის გაშენებულია ჟინვალში, მდინარე არაგვზე. აქ შეგიძლიათ გადაიღოთ გასაოცარი ფოტოები ლურჯი შეფერილობის მქონე წყლისა და მთების პანორამული ხედით. შემდეგ ესტუმრებით ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს აშენებულ ანანურის კომპლექსს, რომელიც თბილისიდან 70 კილომეტრითაა დაშორებული. ანანურის ციხე თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით.
გუდაური
ტური გრძელდება სამთო-სათხილამურო კურორტით, გუდაურით, რომელიც მდებარეობს კავკასიიის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ზამთარში გუდაური იძლევა მაღალი დონის სასრიალო და სათხილამურო შესაძლებლობებს და საუკეთესო ადგილია ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. მთის ფერდობები დაფარულია თოვლით 4-5 თვის განმავლობაში, დაახლოებით დეკემბრიდან აპრილის ბოლომდე. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია და დახურული საბაგიროებით, აგრეთვე გაერთოთ სხვადასხვა აქტივობებით, როგორებიცაა: პარაპლანი, ისწავლოთ თხილამურებით სრიალი ტრენერის დახმარებით, თოვლმავალი, მარხილები და ა.შ. ზაფხულში კურორტი მთლიანად იცვლება და საუკეთესო დანიშნულების ადგილია ალპური ხედებისა და ულამაზესი ბუნებით ტკბობისათვის. ირგვლივ სუფთა ჰაერი, მწვანედ შეფერილი მთები და ველებია ცხენის საჯირითოდ, ლაშქრობებისთვისა და მთაში ველოტურის მოყვარულთათვის. გუდაურში შეგიძლიათ მოინახულოთ რუსეთ საქართველოს “მეგობრობის“ მონუმენტი. მონუმენტი საბჭოთა პერიოდში, 1983 წელს აშენდა, საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ყაზბეგი და გერგეტის მონასტერი
გუდაურიდან გზა ყაზბეგისკენ გრძელდება. სტეფანწმინდა( ყაზბეგი) თბილისიდან სამხრეთით 165 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო რუსეთის საზღვრიდან კი 11 კმ-ითაა მოშორებული. ყაზბეგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს განეკუთვნება. პატარა, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი სტეფანწმინდა ზღვის დოინიდან 1740 მეტრზე მდებარეობს და მთლიანად გარშემორტყმულია კავკასიის მთებით. ყაზბეგი ბუნების სილამაზით გამოირჩევა. ის აგრეთვე ცნობილია შუასაუკუნეების უნიკალური ტაძრით, რომელიც გერგეტის სამების სახელითაა ცნობილი, ძეგლი დათარიღებულია XIVსაუკუნით. ეკლესია ზღვის დონიდან 2170 მეტრზეა აგებული და სრულიად სტეფანწმინდის ულამაზეს ხედს გადმოჰყურებს, რომელსაც ასევე თავისმხრივ 5047 მეტრის სიმაღლის მყინვარწვერი დასცქერის ზევიდან. თუ ფიზიკურ მზადყოფნაში ხართ და დროც საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ ფეხით ახვიდეთ ეკლესიამდე, თუმცაღა ეს თქვენი დროის 2საათს ან მეტსაც წაიღებს. ასევე, შეგიძლიათ დაიქირაოთ ცხენი ან ტაქსი. ცხენით გასეირნება დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, მაგრამ მხედარი უნდა იყოს გამბედავი. გერგეტის სამება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულების ადგილია, თავისი გამორჩეული ბუნებისა და მთათა ხედების გამო. იმ ალპინისტთათვის, რომლებსაც მყინვარწვერზე ასვლა სურთ, სტეფანწმინდიდან უნდა დაიწყონ მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა. თუ გაქვთ დრო და სურვილი რომ აღმოაჩინოთ მეტი და მეტი ადგილები და აქტივობები ყაზბეგში, მიყევით მითითებულ ლინკს.
რა ვჭამოთ?
ქართველებს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული, მრავალფეროვანი და გემრიელი კულინარია გვაქვს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას შეეფერება.ჩვენ გირჩევთ რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დააგემოვნოთ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი. აუცილებლად უნდა გასინჯოთ აქ მომზადებული,ადგილობრივი ხინკალი, ის აქაურობის „სავიზიტო ბარათია“, თანაც იაფი და გემრიელია. ვეგეტარიანელებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული „ფხლოვანა’’. ესარის არატიპიური ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის ნაცვლად, ისპანახით. აგრეთვე შემოგთავაზებთ ადგილების სიას, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ხინკალი და სხვადასხვა ტრადიციული კერძები.
ტრანსპორტი
კავკასიის ულამაზეს მთებში მოგზაურობა ნებისმიერი სედანის მარკის ავტომობილით შეგიძლიათ ზაფხულში. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, ამ დროს რეკომენდირებულია სპეციალურად ზამთრის გამავლობის 4x4 ავტომობილები, რომელიც აღჭურვილია ყველა შესაბამისი სისტემით, რათა თოვლი არ გახდეს თქვენი დაბრკოლების მიზეზი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა