თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 83007 ჰექტარი. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მწვერვალები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.
თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, როგორებიცაა: ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.).
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია - თუშეთში, სოფელ ომალოში.
ეროვნულ პარკში განთავსებულია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორებს შეუძლიათ, თუშეთის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ.
თუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს სხვადასხვა სირთულის 11 ტურისტულ მარშრუტს, რომელიც საშუალებას იძლევა 1,2,3,4, და 6 დღიან ლაშქრობის. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. აღსანიშნავია ფიჭვის ყვავილობა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით თუშეთისთვის უდიდესი პოტენციალია.
თუშების კულტურა განსაკუთრებულია. მეცხვარეობა ოდითგანვე მათი მთავარი საქმიანობა იყო და დღესაც აქტიურად მისდევენ მას. თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა ქმნიან თუშეთის ერთიან კულტურულ-ესთეტიკურ სივრცეს. ცხვრის მატყლის დამუშავებასა და ქსოვას დიდი ადგილი უჭირავს თუში ქალის ცხოვრებაში. ადგილობრივ დღესასწაულებზე ხშირად იმართება შეჯიბრებები მშვილდოსნობასა და ცხენოსნობაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა