უძირო ტბა (იგივე სახელი რამდენიმე ტბას ქვია) რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელი შოვიდან, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კილომეტრით ადრე. გზაზე გაკეთებული მონიშვნის ბოძი ზუსტად მიგანიშნებთ როგორც ბილიკის მიმართულებას, ისე მანძილსა და ლაშქრობისთვის საჭირო დროს დანიშნულების წერტილებამდე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტი სრულად არის მონიშნული, როგორც ტყიან, ასევე ალპურ მონაკვეთებზე, ასე რომ გზის აბნევის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს.
მარშრუტის დასაწყისში ბილიკი შედის ტყეში, მიუყვება ციცაბო ფერდობს და მკვეთრად კრეფს სიმაღლეს. გასათვალისწინებელია, რომ წყლის მომარაგება მარშრუტის საწყის წერტილზე არსებულ წყაროსთან სჯობს, რადგან შემდგომი 2 საათის განმავლობაში წყალს ვერ შეხვდებით, ვიდრე ბილიკი ხეობის შუაწელთან მდინარეს არ მიუახლოვდება. ტყიდან გასვლისას, მას შემდეგ რაც ალპურ ზონაში გადაინაცვლებთ, ბილიკი სწორდება და მიუყვება ხეობის შუაწელს, მდინარის სათავისკენ, მის მარცხენა ნაპირზე. ხეობის ქვაბულითან მიღწევის შემდეგ, ბილიკი მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და უღელტეხილისკენ მიიწევს. უღელტეხილი კატიწვერასა და დოლომისისწვერის მთებს შორის გადადის და პირდაპირ უძირო ტბისკენ ეშვება. უღელტეხილიდან ტბამდე მანძილი დიდი არაა, თუმცა რთული რელიეფისა და კლდის ნაშალის გამო, ტბამდე მისაღწევად დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. პირველ დღეს ჯამში 6-7 საათი მოგიწევთ ფეხით სიარული. იშვიათი გამონაკლისების გარდა გზად აღმართია და საკმაოდ დამღლელიც.
ტბასთან მისვლის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი რაჭის კავკასიონსა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე, კარგ ამინდში კი სვანეთის მწვერვალების დანახვასაც შეძლებთ. კამკამა ტბის ზედაპირზე მწვერვალების მიმზიდველი სილუეტები აირეკლება, რაც მნახველს განსაკუთრებით ხიბლავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაბანაკება შესაძლებელია ტბასთანაც, თუმცა თუ ავდარია მოსალოდნელი, ტბის მარცხენა მხარეს, შედარებით შემაღლებულ ადგილზე დაბანაკებას გირჩევთ, რათა წვიმის დროს მთებიდან ჩამოდინებული წყალი კარვებში არ შემოვიდეს.
მეორე დღის ნახევარზე მეტი შეგიძლიათ გარემოთი ტკბობას, დროსტარებასა და ფოტოების გადაღებას მიუძღვნათ. აუცილებლად აირბინეთ ტბის მარჯვენა მხარეს ფერდობზე საიდანაც განსაკუთრებული სილამაზით იშლება როგორც საკუთრივ უძირო ტბის, ასევე კავკასიონის თვალშეუდგამი მწვერვალების ხედები. ვინაიდან მარშრუტი წრიულია, დაბრუნებისას იგივე გზის გავლა არ მოგიწევთ. ტბიდან მარჯვნივ მცირე აღმართზე ასვლის შემდეგ, ბილიკი ეშვება სოფელ გლოლაში. უძირო ტბიდან გლოლამდე 9 კმ-ია და მის გასავლელად დაახლოებით 3-4 საათია საჭირო.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი კარგი საიტის შექმნისთვის.
რაც შეეხება უძიროს მარშრუტს, მინდა გთხოვოთ სირთულის დაკორექტირება, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი. ეს მარტი ჩემი აზრი არ არის, ამის შესახებ გამოცდილ მოლაშქრეებსაც ვესაუბრე და მათაც დამიდასტურეს.
3-4 აგვისტოს ვიყავი უძიროზე და მარტივი სირთულის ბილიკად ვერ შევაფასებ, რადგან მე იქ ვნახე უკან მობრუნებული ახალგაზრდა ბიჭები, ატირებული გოგოები, (რომლებიც ნანობდნენ წამოსვლა) და ძალა გამოცლილი გამოცდილი მოლაშქრეები.
სირთულის დაკორექტირებას იმიტომ გთხოვთ რომ გამოუცდელმა მოლაშქრეებდა მცდარი წარმოდგენა არ შეიქმნან ამ მარშრუტზე.
P.S თუმცა იქ ასულს ყველაფერი გავიწყდება და თავს სრულ ნეტარებაში გრძნობ.
გამარჯობა, სწორი შენიშვნაა მარტივი ნამდვილად არ არის. შევცვალეთ კატეგორია. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით.
15წლის ბავშვი შესძლებს ლაშქრობას უძირო ტბაზე?გლოლადან უფრო მოკლე ყოფილა და დაახლოებით რამდენი საათის გზაა?.მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, ძნელია ასაკის მიხედვით გირჩიოთ. საშუალოდ 6 საათია ფეხით სასიარულო ერთი გზა. გასავლელი მანძილი ერთი მხარე გლოლის მხრიდან არის 8კმ, სიმაღლეში გიწევთ აკრიფოთ 1350 მეტრი. მაგ ასაკის ბავშვები უმჯობესია წაიყვანოთ გლოლის მხრიდან, რადგან ნაკლებად არის სახიფათო მონაკვეთი.